Accessibility links

logo-print

კობა დავითაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება ხუთშაბათს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე შეუჩერდება


თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მოტივით, ფრაქცია ”დემოკრატიული ფრონტის” წევრი კობა დავითაშვილი პარლამენტიდან მიდის. პარლამენტიდან წასვლის შესახებ

განცხადება მან სამშაბათს გააკეთა, სამშაბათსვე პარლამენტის ბიურომ გადაწყვიტა ხუთშაბათისთვის რიგგარეშე სესიის მოწვევა სპეციალურად დავითაშვილისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შესაჩერებლად.
პროცესი დაჩქარებული ტემპით წავა, რათა ოპოზიციას არ ჰქონდეს მიზეზი იმის სათქმელად, რომ მის კანდიდატს არჩევნებში მონაწილეობისთვის ხელოვნურ ბარიერებს უქმნიან.

სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით კობა დავითაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს მიმართა. მიზეზი, როგორც უკვე ვთქვით, ადგილობრივი თვითმმართველობის, კერძოდ კი, თბილისის საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება იყო. კობა დავითაშვილი კონსერვატორებისა და რესპუბლიკელების ერთიანი სიის პირველი ნომერი იქნება და, როგორც თავად აცხადებს, თბილისის მერის კანდიდატად კენჭს იყრის გლდანის რაიონში, ანუ იმავე რაიონში, საიდანაც ის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა:

[კობა დავითაშვილის ხმა] ”მივდივარ პარლამენტიდან, რათა ვიბრძოლო იმისთვის, რისთვისაც მიბრძოლია - იმ დაპირებების შესასრულებლად, რომელსაც დავპირდი ხალხს და რომელიც ხშირად დავიწყებულია. მივდივარ და მოვუწოდებ საზოგადოებას: თქვენს წინაშე ვარ, თქვენი გადასაწყვეტია.” (სტილი დაცულია)

დავითაშვილის გადაწყვეტილება სამშაბათს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განიხილეს. გადაწყდა ოპოზიციონერ დეპუტატს დაჩქარებულად შეუწყდეს დეპუტატის უფლებამოსილება:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] ”გავითვალისწინებთ ბატონ კობას თხოვნას და შევუწყვეტთ მას დეპუტატის უფლებამოსილებას. ამ საკითხზე სერიოზული აჟიოტაჟი იყო. ლაპარაკობდნენ, თითქოს არჩევნები სპეციალურად დაინიშნა 5 ოქტომბრისთვის მხოლოდ იმიტომ, რომ ოპოზიციონერ დეპუტატებს არ ჰქონოდათ არჩევნებში მონაწილეობის საშუალება. ჩვენ მაშინვე ვთქვით, რომ მზად ვართ მოვიწვიოთ რიგგარეშე სხდომა და ასეც მოვიქცევით.”(სტილი დაცულია)

ბიურომ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ნახსენები რიგგარეშე სესია ხუთშაბათს, დღის მეორე ნახევარში, მოიწვია. ხუთშაბათს პარლამენტი ერთი საათით შეიკრიბება მხოლოდ იმისთვის, რომ არჩევნებში მონაწილეობის მსურველ დეპუტატებს შეუჩეროს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. შესაბამისი თხოვნით პარლამენტის თავმჯდომარეს ჯერჯერობით მხოლოდ კობა დავითაშვილმა მიმართა. რაც შეეხება ფრაქცია ”დემოკრატიული ფრონტის” კიდევ ერთ წევრს, რესპუბლიკელ დავით ბერძენიშვილს, რომელიც ბათუმის მერობაზე აცხადებს პრეტენზიას, ”რესპუბლიკური პარტიის” წევრის თინა ხიდაშელის განცხადებით, კანონი სხვაგვარად აწესრიგებს ბათუმის მერის არჩევას. ბათუმის მერი არ არის აუცილებელი აირჩიონ საკრებულოდან. ამდენად, ხიდაშელის თქმით, თუკი რესპუბლიკელების და კონსერვატორების საარჩევნო ბლოკი მოიგებს არჩევნებს ბათუმში, პარლამენტის წევრობა ბერძენიშვილს არ შეუშლის ხელს გახდეს ბათუმის გამგებელი არჩევნებში გამარჯვებული ბლოკიდან.

რაც შეეხება ისევ კობა დავითაშვილს, ყოფილმა თანამებრძოლებმა ”ნაციონალური მოძრაობიდან” პარლამენტიდან წასვლის შესახებ მის განცხადებას ასეთი კომენტარი მოაყოლეს: ” ბოდიში თქვას იმაზე, რა ლაფიც გვასხა და ისე წავიდეს.”

რეგლამენტით, ამა თუ იმ დეპუტატისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხი პარლამენტის სხდომაზე გატანამდე საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა უნდა განიხილოს. დავითაშვილის საკითხი, როგორც უკვე ვთქვით, ხუთშაბათს რიგგარეშე სესიაზე გადაწყდება, საპროცედურო საკითხთა კომიტეტი კი შესაბამის დასკვნას ოთხშაბათს კომიტეტის სხდომაზე მიიღებს.
XS
SM
MD
LG