Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კავკასიის ქალთა ქსელი ნათია ჯანელიძის გათავისუფლებას მოითხოვს


28 აგვისტოს თბილისში - საკუთარ სახლში - მოკლული სადახლოს პოლიციის უფროსის უჩა ჯანელიძის მეუღლე კვლავ პატიმრობაში რჩება.

სასამართლომ მას მამის წაქეზების გამო 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 6 თვის ფეხმძიმე ნათია ჯანელიძე სახალხო დამცველმა მოინახულა. სოზარ სუბარი შოკირებულია ჯანელიძის მონათხრობით. 3 შვილის დედის ბედი კავკასიის ქალთა ქსელსაც აწუხებს და სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.

,,ოჯახური ძალადობის მსხვერპლი დღეს ციხეშია, იგი თავად არის დადანაშაულებული და გამომძიებელი მასთან სასაუბროდ ნებართვას არ იძლევა.”-ასე ასახავს შექმნილ ვითარებას კავკასიის ქალთა ქსელი და პასუხს ითხოვს კითხვაზე, ვის უნდა მივმართოთ, როდესაც მოძალადე თავად პოლიციის მაღალჩინოსანია. ნინო ციხისთავი ოჯახური ძალადობის მსხვერპლის დასაცავად საზოგადოებას მიმართავს, რათა ამოიღონ ხმა და ბრმა სასამართლომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ნათია ჯანელიძე.

[ციხისთავის ხმა] ,,საქართველოში კვლავ განმეორდა ასეთი ფაქტი, როდესაც ოჯახური ძალადობის მსხვერპლი, იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფომ ის დაიცვას, პირდაპირ, მიზანმიმართულად ხვდება ციხეში. ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები არიან საქართველოში ძალიან ხშირად პირველი და სასტიკი მოძალადეები ოჯახში. ჩვენ ნათია ჯანელიძეზე ვიცით ის, რომ ის არის 32 წლის ახალგაზრდა ქალი, რომ მას ჰყავს 3 შვილი და მეოთხე შვილზე იყო ფეხმძიმედ და ჩვენ გვაქვს ძალიან ტრაგიკული ინფორმაცია, რომ მას გუშინწინ სისხლდენა დაეწყო და შეუჩერდა ფეხმძიმობა.”(სტილი დაცულია)

მეუღლის მკვლელობაში მამის წაქეზებისათვის დაკავებული 32 წლის ნათია ჯანელიძე სახალხო დამცველმა მოინახულა. სოზარ სუბარს ეჭვმიტანილმა 17 წლიანი დრამის შესახებ უამბო. სუბარი პარლამენტის მიერ არცთუ დიდი ხნის წინ მიღებული კანონის შესახებ საუბრობს და მიაჩნია, რომ აღნიშნული კანონი იმ შემთხვევაში გახდება ქმედითი, თუ საზოგადოება თავად გააქტიურდება. სახალხო დამცველი ემოციებს ვერ მალავს:

[სოზარის ხმა] ,,შემაძრწუნებელია ამ სიტყვების მოსმენა და თან, როცა ჰყვება, წლების განმავლობაში რა ძალადობებს განიცდიდა. 14 წლის ასაკში მოიტაცა მისმა ყოფილმა მეუღლემ. უკვე ქორწინებიდან იყო ეს თუ მოტაცებიდან, პირველივე ძალადობა განხორციელდა და სცემა მეუღლეს და იმის შემდეგ ეს იყო პერმანენტული და პერიოდული არა მხოლოდ მის მიმართ, არამედ მისი შვილების მიმართ. ცხადია, არ ამართლებს მკვლელობას არანაირად, მაგრამ ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა, რომელსაც სჭირდება სერიოზული ყურადღება სახელმწიფოს მხრიდან, საზოგადოების მხრიდან.”(სტილი დაცულია)

ოჯახური ძალადობის შესახებ ახლობლების ინფორმირება თურმე საქართველოში წაქეზების ტოლფასია და სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით ისჯება, - აცხადებენ კავკასიის ქალთა ქსელში და თავად შინაგან საქმეთა მინისტრისგან მოითხოვენ მსგავსი ფაქტების წინააღმდეგ ბრძოლას, ოღონდ არა პოსტ ფაქტუმ. საზოგადოების გააქტიურებაზე ქსელის ხელმძღვანელი ნინო ციხისთავიც ამახვილებს ყურადღებას:

[ნინო ციხისთავის ხმა] ,,...სანამ საზოგადოება არ გააცნობიერებს, პირველ რიგში, ხელისუფლებასთან ერთად, რომ ძალადობა ოჯახში, ძალადობა ქალზე არის ეროვნული უსაფრთხოების ქვაკუთხედი. საბჭოთა სასამართლოსაც კი არ მოუვიდოდა აზრად, რომ თვითონ ოჯახური ძალადობის მსხვერპლი, ფეხმძიმე ქალი, ჩაესვა ციხეში. დღეს საქართველოში ეს შემთხვევა ასე დააგვირგვინა ჩვენმა სასამართლომ.”(სტილი დაცულია)

ნათია ჯანელიძის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს და გამოძიების მიერ ფეხმძიმე ქალის დაკავებას მაშინ, როცა 48 საათი უკვე გასული იყო, არაკანონიერს უწოდებს. ჯანელიძეს ბრალდებაც დაუმძიმდა. 109-ე მუხლის მეორე ნაწილი 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ირაკლი ჩიკვაიძე კანონდარღვევებზე საუბრობს:

[ჩიკვაიძის ხმა] ,,გამოძიებამ წაუყენა ახალი ბრალდება 109-ე მუხლით, გამოძიება-ბრალდება. უმწეო მდგომარეობაში მკვლელობა უკვე დამამძიმებელი გარემოებაა და რაკი ეძინაო, უმწეო მდგომარეობაში იყოო. მათ 48 საათიანი ვადა გაუშვეს დაკავებიდან სასამართლოში შუამდგომლობის წარდგენამდე. იქ, კანონის მიხედვით, მარტო ბრალდება კი არ უნდა წაეყენოს სასამართლოში 48 საათში, 48 საათში ბრალდებაც უნდა წარედგინოს და სასამართლოშიდაც აღმკვეთ ღონისძიებაზე შეტანილი უნდა იქნეს საქმე.”(სტილი დაცულია}

მესამე სექტორი სამი შვილის დედის დაცვას ყველა იმ საშუალებით ცდილობს, რომელზედაც ხელი მიუწვდება. კავკასიის ქალთა ქსელი საქმეში იმ ორგანიზაციების ჩართვას აპირებს, რომლებიც საქართველოს საზღვრებს გარეთ მუშაობენ ამ კუთხით.
XS
SM
MD
LG