Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაზეთ “რეზონანსის” მოწინავე სტატია დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში მოსალოდნელ დიდ


გაზეთ “რეზონანსის” მოწინავე სტატია დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში მოსალოდნელ დიდ საკადრო ცვლილებებს შეეხება.

გაზეთის ხელთ არსებული ინფორმაციით, პოსტიდან გაათავისუფლეს თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი მერაბ ბაღათურია, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის ვაკანტურ თანამდებობაზე კი ყოფილი კმარელი ლაშა მაქაცარია ინიშნება. შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგეგმილი დიდი საკადრო ცვლილებების სცენარში, “რეზონანსის” თანახმად, მოიაზრება ამ ცოტა ხნის წინათ თბილისის რამდენიმე რაიონის პოლიციის უფროსის თანამდებობიდან გადაყენებაც. გაზეთის თანახმად, მერაბიშვილსა და ბაღათურიას შორის ურთიერთობა დიდი ხანია დაიძაბა, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც საზოგადოებისთვის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შესახებ გახდა ცნობილი. გაზეთი “რეზონანსი”, დაუდასტურებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შენიშნავს, რომ “შარდენ–ბარში” მომხდარ ინციდენტზე ინფორმაცია სწორედ ბაღათურიამ გაავრცელა.

დღესვე გაზეთი “რეზონანსი” აქვეყნებს სტატიას კოდორის ხეობაში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაგეგმილი სამხედრო წვრთნის შესახებ. აფხაზეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო წვრთნები 24–დან 27 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება არა გალის ან ოჩამჩირის ტერიტორიაზე, არამედ კოდორის ხეობის ქვედა ზონაში, ნათქვამია პუბლიკაციაში. პუბლიკაციის თანახმად, სამხედრო პოლიგონად კოდორის ხეობის ქვედა ზონის გამოყენება საომარი მოქმედებებისათვის საკუთარი ძალების მთიან რეგიონში მოსინჯვას ისახავს მიზნად. გაზეთის ერთ–ერთი რესპონდენტის, დაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის ავთანდილ იოსელიანის აზრით, სამხედრო წვრთნების კოდორის ხეობაში ჩატარება რუსული გეგმის ნაწილია, რუსეთს კი აფხაზეთში ომის გაჩაღება და მასში საქართველოს ჩათრევა სურს.“

გაზეთ “ახალი ვერსიის” მიხედვით კი, თბილისისა და ცხინვალის კონფრონტაციას წერტილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დაესმება. ანუ კოკოითის რეჟიმისთვის ხელისუფლება არჩევნების შემდეგ მოიცლის. შესაძლოა, ყველაფერი დასავლეთის მხარდაჭერით დასრულდეს. ასეთ შემთხვევაში რუსეთს კეთილი ნების გამოჩენა და გვერდზე გადგომა მოუწევს, ვარაუდობს გაზეთი და ცდილობს გაარკვიოს, როგორ მოგვარდება კონფლიქტი – ომით თუ ანტიტერორისტული ოპერაციით.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნიკა რურუა “ახალ ვერსიასთან” საუბრისას ადასტურებს, რომ ხელისუფლება, შესაძლოა, სამხრეთ ოსეთის ყოფილ ავტონომიურ ოლქში ძალოვანი ოპერაციის ჩატარების აუცილებლობის წინაშე დადგეს. „ჩვენ ომს არ ვიწყებთ, მხოლოდ სპეცოპერაციის შესაძლებლობაზე ვსაუბრობთ, რადგან უკონტროლო ტერიტორიები საფრთხეს უქმნიან არა მარტო საქართველოს, არამედ ჩვენს მეზობელ ქვეყნებსა და საერთაშორისო სამართალსაც. ჩვენ ვალდებულნი ვართ, გავაუვნებელყოთ ისინი,“ - შენიშნავს გაზეთ “ახალ ვერსიასთან” საუბარში დეპუტატი ნიკა რურუა.
XS
SM
MD
LG