Accessibility links

logo-print

იგორ გიორგაძის მხარდამჭერები სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააპატიმრეს


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა 6 სექტემბერს კონსერვატიულ-მონარქისტული პარტიის ლიდერი თემურ ჟორჟოლიანი დააკავა.

ძებნაში მყოფი უშიშროების ყოფილი მინისტრის იგორ გიორგაძის ყველაზე აქტიურ მხარდამჭერს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში, ანუ სახელმწიფო ღალატში, ედება. ჟორჟოლიანის გარდა, ასევე დააპატიმრეს პარტია „სამართლიანობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე მაია თოფურია და მოძრაობა „ანტისოროსის“ ხელმძღვანელი მაია ნიკოლეიშვილი; დაპატიმრებულია რამდენიმე აქტივისტი საქართველოს რეგიონებში, დალუქულია პარტია „სამართლიანობის“ ცენტრალური და რეგიონული ოფისები. რას ედავება კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი ძებნაში მყოფი ექს-მინისტრის მხარდამჭერებს?

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩხრეკა, პარტია „სამართლიანობის“ ოფისების გარდა, ვაკეში მდებარე იგორ გიორგაძის საქველმოქმედო ფონდშიც ჩაატარეს. ქუჩა, სადაც ფონდის შენობა მდებარეობს, პოლიციელებითა და ძებნაში მყოფი ექს-მინისტრის მხარდამჭერებით იყო სავსე.

[მამაკაცის ხმა] „გავიგეთ, რომ ასეთი ამბავი მოხდა და მოვედით. ეს არის ფაშიზმი. გვეშინია, ალბათ, ჩვენც დაგვიჭერენ მალე. რაც ახლა ხდება საქართველოში, ეს წამიკითხავს წიგნში.“

[მამაკაცის ხმა] „ჯერ გავარკვიოთ ის, თუ რა დანაშაული ჩაიდინა. თუ დანაშაული აქვს, რატომ აქამდე არ დაიჭირეს? გამოვდივართ და ყველა რაღაცას ვამბობთ. ამისთვის უნდა დაგვიჭირონ?“

ჩხრეკის დროს იგორ გიორგაძის ფონდში იმყოფებოდა პარტია „იმედის“ თავმჯდომარე ირინა სარიშვილი-ჭანტურია, რომელსაც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები შენობის დატოვების საშუალებას მთელი დღის განმავლობაში არ აძლევდნენ. კომენტარი იგორ გიორგაძის მხარდამჭერთა დაპატიმრების შესახებ პარტიის გენერალურმა მდივანმა გიორგი ხმელიძემ გააკეთა:

[გიორგი ხმელიძის ხმა] „ქალბატონი მაია ნიკოლეიშვილი არის დაპატიმრებული, ასევე დაკავებულია თემურ ჟორჟოლიანი და „სამართლიანობის“ რამდენიმე აქტივისტი, რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელები. იგორ გიორგაძის ფონდში მიმდინარეობს ჩხრეკა, ისევ გავიმეორებ, უაზრო ბრალდებით - თითქოს ადგილი ჰქონდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას, თითქოს 4 მაისს იყო შეკრება... ეს არის სიცრუე.“

თემურ ჟორჟოლიანის ადვოკატის გელა ნიკოლაიშვილის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო იგორ გიორგაძის მხარდამჭერებს სამშობლოს ღალატისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გამო სდევნის.
უშიშროების ყოფილი მინისტრის მხარდამჭერთა თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, თითქოსდა, 2006 წლის 24 მაისს პარტია „სამართლიანობის“ ახალგაზრდული მოძრაობის თავმჯდომარემ მაია თოფურიამ პარტიის ცენტრალურ ოფისში სახელმწიფო გადატრიალების გეგმა წარმოადგინა. სხვათა შორის, „გეგმის განხილვის თარიღი“ ემთხვევა ძებნაში მყოფი იგორ გიორგაძის ლეგალურ გამოჩენას რუსულ საინფორმაციო სივრცეში. სამი თვის წინ უშიშროების ექს-მინისტრმა სრულიად საქართველოს მიმართა:

[იგორ გიორგაძის ხმა] „მივესალმები ჩემ საყვარელ საქართველოს. მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი ჩვენი შეხვედრა არის იმის საწინდარი, რომ ჩვენ ვიპოვით სიმართლეს. არც ერთმა ხელისუფლებამ, არც შევარდნაძისამ და არც სააკაშვილისამ, არ ინება საუბარი, განხილვა და დემოკრატიული ურთიერთობა. დღესაც მე მაიგივებენ ვიღაც კრიმინალებთან, ამას უნდა მოეღოს ბოლო!“

მოგვიანებით იგორ გიორგაძემ დაიქადა, რომ საქართველოში ჭინჭრების რევოლუციას მოაწყობდა, თუმცა, როგორც ჩემ მიერ ჩატარებული მცირე გამოკითხვიდან ჩანს, საზოგადოებრივი აზრი ვერც ამ მუქარამ შეცვალა და ვერც 24 მაისის მიმართვამ.

[მამაკაცის ხმა] „მოღალატეა, რუსეთში გაიქცა, რუსეთი კი ჩვენი მტერია. ასლანსაც შეეკრა. ჟორჟოლიანი და დანარჩენები დასაჭერები არიან. მე მივესალმები მათ დაპატიმრებას.“

[მამაკაცის ხმა] „ის პარტია, რომელიც საქართველოს ეროვნულ თავისუფლებას ხელს უშლის და მის წინააღმდეგ მოქმედებს, საქართველოში აკრძალული უნდა იყოს. ეს ეხება არა მარტო იგორ გიორგაძეს, არამედ ყველა პარტიას.“

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი კი ამტკიცებს, რომ იგორ გიორგაძის მხარდამჭერებს რუსეთის სპეცსამსახურები აფინანსებენ. ვანო მერაბიშვილის თქმით, სპეცოპერაციაში, რომლის შედეგადაც 29 ადამიანი დააპატიმრეს, 450 პოლიციელი მონაწილეობდა:

[ვანო მერაბიშვილის ხმა]„ეს ადამიანები, ეს ჯგუფები გეგმავდნენ ხელისუფლების დამხობას და იგორ გიორგაძის ჩამოყვანას საქართველოში. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა იმუშავა რამდენიმე თვე ამ ჯგუფებთან, რათა მოეპოვებინა ღალატის დამადასტურებელი მტკიცებულებანი და დღეს ჩვენ გაგვაჩნია საკმარისი დოკუმენტური მასალა, რათა ეს ადამიანები მივცეთ პასუხისგებაში.“

დღესვე საქართველოში დაწყებულ დაპატიმრებებს გამოეხმაურა თავად იგორ გიორგაძე, რომელსაც საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურები ედუარდ შევარდნაძეზე განხორციელებული ტერაქტისა და არაერთი მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით ეძებენ. უშიშროების ყოფილი მინისტრი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლება არჩევნების წინ ხალხის დაშინებას ცდილობს.
XS
SM
MD
LG