Accessibility links

logo-print

რა ცვლილებები განხორციელდა თბილისის გაზგამანაწილებელ კომპანიაში პრივატიზების შემდეგ


100 დღე გავიდა, რაც თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანია ”ყაზტრანსგაზმა” შეიძინა.

ამ ხნის მანძილზე ”ყაზტრანსგაზ - თბილისმა” - ასე ეწოდება ახლა ყოფილ ”თბილგაზს” - ბუნებრივი აირის გამანაწილებელი ქსლისა და სადგურების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დაიწყო და დაახლოებით 5 მილიონ აშშ დოლარის ღირებულების სამუშაოები შეასრულა. რა გაკეთდა ზამთრის პერიოდში თბილისის სტაბილური გაზმომარაგებისთვის და გამოიწვევს თუ არა ეს ბუნებრივი აირის საფასურის მომატებას?

იმ დროის მანძილზე, რაც თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანიის მესაკუთრე ”ყაზტრანსგაზი” გახდა, უამრავი ცვლილება განხორციელდა. მათ შორის, შეიცვალა რამდენიმე მაგისტრალური გაზსადენის დაზიანებული მონაკვეთები, რომლებიც, ზარალს რომ თავი დავანებოთ, აფეთქების საფრთხესაც ქმნიდა. გაზგამანაწილებელ კომპანიაში ყაზახური მენეჯმენტის შესვლის შემდეგ განხორციელდა მსხვილი აბონენტების ინვენტარიზაციაც და მოიმატა ახალი აბონენტების რაოდენობამაც. დამკვიდრდა ანგარიშსწორების ონლაინ სისტემა და სხვა ახალი სერვისები. ყოველივე ამის წყალობით, კომპანიის კომერციულმა დანაკარგებმა კლება იწყო და, თუ 2004 წელს ბუნებრივი აირის დანაკარგი 57 პროცენტს შეადგენდა, ახლა ის 30 პროცენტამდე შემცირდა.

[გიორგი ქოიავას ხმა] ”შეიძლება ითქვას, რომ წელს “თბილგაზი” ზამთარს ისეთი მომზადებული შეხვდება, როგორიც არ ყოფილა ბოლო 20 წლის განმავლობაში.”

”ყაზტრანსგაზ - თბილისის” გენერალურმა დირექტორმა გიორგი ქოიავამ აღნიშნა, რომ დედაქალაქის გაზგამანაწილებელი კომპანიის სრული რეორგანიზებისთვის ყაზახ ინვესტორებს 80 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელება აქვთ დაგეგმილი. მე მას ვკითხე, ამ ინვესტიციის დასაბრუნებლად და მოგების მისაღებად ხომ არ აპირებენ მოითხოვონ გაზის ტარიფის გაზრდა.

[გიორგი ქოიავას ხმა] ”ბუნებრივი და ჩვეულებრივი მოვლენაა - ჩადებულ ინვესტიციებს დაბრუნება სჭირდება. რა თქმა უნდა, ეს ტარიფში აისახება, მაგრამ ეს იმდენად დიდ დროზე იქნება გაწელილი... ჩვენ ვგეგმავთ 15 წელზე ინვესტიციის დაბრუნების პერიოდს. ასე რომ, მისი შემადგენელი ნაწილი ტარიფში იმდენად მცირე იქნება, რომ ეს მოსახლეობის ჯიბეზე დიდად არ იმოქმედებს.”(სტილი დაცულია)

სამაგიეროდ, მოსახლეობის ფინანსურ მდგომარეობაზე აუცილებლად იმოქმედებს გაზის ტარიფის ის ნაწილი, რომელიც იმპორტირებული ბუნებრივი აირის საფასურს ასახავს. საქმე ისაა, რომ რუსეთს გადაწყვეტილი აქვს ერთიორად გაზარდოს კავკასიის ქვეყნებში ექსპორტირებული გაზის საფასური. ჯერჯერობით არავინ იცის ზუსტად, რა ეღირება რუსეთიდან შემოტანილი გაზი. მის დაზუსტებას ზამთრის პირას, ნოემბრის თვეში, ვარაუდობენ.

”ყაზტრანსგაზ - თბილისში” აცხადებენ, რომ ისინი გაზის მოწოდების ალტერნატიულ წყაროებზე მუშაობენ, პირველ რიგში, საკუთარ სათავო ოფისთან ყაზახეთში, რომელიც გაზის ერთ-ერთი მსხვილი მომპოვებელია მთელ მსოფლიოში.

[გიორგი ქოიავას ხმა] ”ეს იქნება იმის გარანტია, რომ ფასი იქნება სტაბილური და არ იქნება მოულოდნელი რხევები; ეს იქნება იმის გარანტია, რომ გაზი იქნება უწყვეტი.”

თუმცა ყაზახეთიდან გაზის მოწოდება საბოლოოდ ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი. ყაზახური გაზის თბილისამდე ტრანსპორტირებისთვის ”ყაზტრანსგაზ - თბილისის” ხელმძღვანელობას რუსულ კომპანია ”გაზპრომთან” მოლაპარაკება მოუწევს. იგი იმ გაზსადენს აკონტროლებს, რომელიც შარშან ზამთარში აფეთქდა და რამდენიმე კვირის მანძილზე საქართველო ბუნებრივი აირის გარეშე დატოვა.
XS
SM
MD
LG