Accessibility links

რადიო “თავისუფლების” უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში შექმნილი ვითარების შეფასებას სთხოვს პოლიტოლოგ ზეინო ბარანს


ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ბოლო, ადამიანის მსხვერპლით დამთავრებულ შეტაკებამდე ერთი დღით ადრე ჩვენმა რადიომ რამდენიმე შეკითხვით მიმართა ცნობილ პოლიტოლოგს,

ვაშინგტონში დაფუძნებული ჰადსონის ინსტიტუტის ევრაზიის პოლიტიკის ცენტრის დირექტორ ზეინო ბარანს. “რადიო თავისუფლების” უკრაინული სამსახურის ჟურნალისტი ნატალია ჩურიკოვა მას საქართველოზე ესაუბრა და თავდაპირველად სთხოვა ამჟამინდელი ვითარების ზოგადი შეფასება. ზეინო ბარანის პასუხი:

[ზეინო ბარანის ხმა] “ვითარება ისევ დაიძაბა საქართველოში - როგორც სამხრეთ ოსეთში, ისე აფხაზეთში. ამან დიდად არ უნდა გაგვაკვირვოს, რადგან გარკვეული დაძაბულობა მოსალოდნელი იყო “დიდი 8”-ის ივლისის სამიტის შემდეგ და გაეროს ყოველწლიური სამიტის დაწყებამდე - გაეროს სამიტი რამდენიმე კვირაში შედგება. გაერო ყოველთვის საუცხოო შესაძლებლობას იძლევა ასეთი საკითხების წამოსაჭრელად. ცნობილია ისიც, რომ საქართველოს მთავრობას სურს მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა ნატოს რიგის სამიტამდე ნოემბერში, რათა უფრო დაუახლოვდეს ნატოში გაწევრიანების მიზანს. ამიტომ სხვადასხვა მხარე საქართველოში - როგორც თბილისი, ისე აფხაზეთისა და ოსეთის სეპარატისტული რეგიონები - ისევე როგორც გარკვეული ძალები მოსკოვში ახლა განსაკუთრებული ყურადღებით გამოირჩევიან. იყო პროვოკაციები სხვადასხვა მხარეზე.”

აქ ზეინო ბარანს არ დაუზუსტებია, რომელ პროვოკაციებს გულისხმობდა, მაგრამ მასთან საუბარში ჩვენი რადიოს ჟურნალისტმა ნატალია ჩურიკოვამ გაიხსენა საქართველოს თავდაცვის მინისტრის, როგორც ჩურიკოვა ფიქრობს, პროვოკაციული განცხადება, რომ ის - ირაკლი ოქრუაშვილი - ახალ წელს ცხინვალში შეხვდება. ზეინო ბარანი ადასტურებს, რომ ამ განცხადებამ ბევრი შეაშფოთა, თუმცა ფიქრობს, რომ ირაკლი ოქრუაშვილის ეს განცხადება, პირველ რიგში, მაინც საშინაო-პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურებოდა.

[ზეინო ბარანის ხმა] “მინისტრის რიტორიკამ გარკვეული შეშფოთება გამოიწვია და ახლა ვხედავთ, რომ ევროპელების, ამერიკელების ზოგი წარმომადგენელი სულ უფრო აქტიურდება, მუშაობს იმ მიზნით, რომ მსგავსი პროვოკაციები და რიტორიკა არ გადაიზარდოს საზიანო და სახიფათო ქმედებებში. თავდაცვის მინისტრის შვეულმფრენისთვის ცეცხლის დაშენამ, რასაკვირველია, ბევრი შეაშფოთა. დეტალები ჯერ არ დაზუსტებულა, მაგრამ ვფიქრობ, ეს ინციდენტი შესაძლოა ბევრისთვის გახდეს კატალიზატორი იმის გასაგებად, რომ ვითარება მართლაც დაძაბულია და შესაძლოა აღარ დაექვემდებაროს კონტროლს”.

პოლიტოლოგ ზეინო ბარანს ჩვენმა უკრაინელმა კოლეგამ კიდევ ერთი შეკითხვა დაუსვა: რა შანსი აქვს საქართველოს, რომ ნატოს რიგის სამიტზე დადებით სიგნალს მიიღებს - სეპარატისტულ კონფლიქტებში დაძაბულობის ფონზე?

[ზეინო ბარანის ხმა] “ეს საკითხი საქართველოს ხელისუფლებას ძალიან აწუხებს: ის საერთოდ შიშობს, რომ შესაძლოა მას არ მიიჩნევდნენ გაყინული კონფლიქტების პოლიტიკური გზითა და მოლაპარაკებებით მოგვარებაში დაინტერესებულ მხარედ. პრეზიდენტი სააკავშილი ივლისში ვაშინგტონში ვიზიტისას, აგრეთვე ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში გამართული შეხვედრებისას იქაურ მეგობრებს მოუწოდებდა, ეზრუნათ იმაზე, რომ რიგის სამიტამდე არ მოხდეს რაიმე პროვოკაციები. ვფიქრობ, ეს პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანია რიგის სამიტის მოახლოების გამო. როგორც ცნობილია, ევროპის ზოგი ქვეყნის შეშფოთებას იწვევს ის, რომ თუ საქართველოს ნათელ, პოზიტიურ სიგნალს მისცემენ რიგაში, ამით შესაძლოა რუსეთი გაანაწყენონ. ამდენად, მათ საქმე აქვთ არა მარტო საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივასთან, როგორც საკითხთან, რომელიც მხოლოდ საქართველოს ეხება. მათ რუსეთთან ურთიერთობაც ადარდებთ”.
XS
SM
MD
LG