Accessibility links

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: ბიძინა რამიშვილი, პრაღა 660-ე გამოშვება

ძვირფასო რადიომსმენელებო. გთავაზობთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგ გამოშვებას. დღეს გესაუბრებით საქართველოში ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ; შევეხებით ჟურნალისტთა სოლიდარობის თემას; მოგითხრობთ გმირთა მოედნის რეკონსტრუქციის ამბიციურ პროექტზე; შემოთგავაზებთ რეპორტაჟს ავსტრიული ღვინის გამოფენიდან, რომელსაც პრაღამ უმასპინძლა; ბოლოს კი მოგითხრობთ ავსტრიელი ქალიშვილის, ნატაშა კამპუშის უჩვეულო და დრამატულ ბედზე.
პრაღაში პროგრამას უძღვება ბიძინა რამიშვილი.


რით აპირებენ ინფლაციის შემცირებას

ბიძინა რამიშვილი:
ბოლო ერთი წლის მანძილზე ინფლაციამ საქართველოში 14%-ს მიაღწია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოში მიიჩნია, რომ ასეთი ინფლაცია ინსპირირებულია გაზრდილი მოთხოვნებით, რასაც სამეურნეო აგენტებმა ფასების ზრდა მოაყოლეს. 14 პროცენტიანი ინფლაცია საქართველოში აფერხებს ეკონომიკურ განვითარებას. ამიტომაც ხელისუფლების ამოცანაა, შეამციროს ინფლაცია. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომან გოცირიძე დარწმუნებულია, რომ ასეც იქნება. დაგარწმუნებთ თუ არა თქვენც, ამას თავს დავით პაიჭაძის სიუჟეტიდან შეატყობთ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ინფლაიციის გამომწვევ მიზეზთა შორის არა მხოლოდ კერძო სექტორის, მთავრობისა და მოქალაქეების მოთხოვნის ზრდას ასახელებს, რასაც ფულის მიწოდების მატებით უპასუხეს, არამედ საგარეო შოკებსაც: მათ შორისაა სტაბილურად მაღალი ფასები ნავთობზე, სურსათის, განსაკუთრებით შაქრის ფასის მნიშვნელოვანი მატება მსოფლიო ბაზარზე, ბუნებრივი აირის ღორებულების გაორმაგება საქართველოში, რასაც ელექტროენერგიის გაძვირებაც მოჰყვა. რომან გოცირიძე ამბობს, რომ სავალუტო ფონდთან შეთანხმების კვალად საქართველოს მთავრობა კისრულობს, რომ შეამცირებს ბიუჯეტის დეფიციტს, ხოლო ეროვნული ბანკი - დაარეგულირებს ფულის მასას.

[გოცირიძის ხმა] ”და ფონდი აწესებს კრიტერიუმებს: როგორი უნდა იყოს ბიუჯეტის დეფიციტი, რა რაოდენობით ხარჯები უნდა გასწიოს მთავრობამ, რამდენად გაიზარდოს ფულის მასა, რაც უკვე ეროვნული ბანკის კომპეტენციაა. თუ ეს პარამეტრები დაცული იქნება, ფონდის დირექტორთა საბჭო საქართველოში მიმდინარე პროცესებს შეაფასებს დადებითად და გამოჰყოფს მორიგ ტრანშს 20 მილიონი დოლარის ოდენობით”.

ფულის მასის ზრდას განსაზღვრავს ინფლაციისა და მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა, ამბობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. თუ მთლიანი შიდა პროდუქტი ქვეყანაში იზრდება დაახლოებით 10 პროცენტით, ფულის მასის ზრდა დაახლოებით 6 პროცენტით - არის ნორმალური.

[გოცირიძის ხმა] ”საქართველოში ინვესტიციები შემოედინება, როგორც პრივატიზაციის შედეგად, ისე კერძო კაპიტალის სახით - დოლარებში, რომელიც შემდეგ ლარებში ტრანსფორმირდება. ბუნებრივია, ამას მოჰყვება ფულის მასის დამატებითი ზრდა. ეროვნული ბანკი მის გასანეიტრალებლად იხმარს ინსტრუმენტებს, რაც ფულის მასას გაზრდის მხოლოდ 15 პროცენტით.”

ამა წლის პირველი სექტემბრიდან, როგორც ცნობილია, შემცირდა საბაჟო ტარიფების ნაწილი, რაც, წესით, იმპორტის ზრდას უნდა მოასწავებდეს. 2004 წლიდან მოქალაქეები ხედავენ, რომ საქართველოს ეროვნული ვალუტა - ლარი მყარდება. ბოლო თვეებში ეს უფრო თვალსაჩინო გახდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამბობს, რომ სტაბილური ეროვნული ვალუტა სწორედ ხელს უშლის ინფალციის ზრდას. ამასთან, ლარი იმდენად არ უნდა გამყარდეს, რომ ექსპორტს შეუშალოს ხელი.

[გოცირიძის ხმა] ”რაც შეეხება იმპორტის ზრდას, ეს, ბუნებრივია, ხელს არ უწყობს ეროვნული ვალუტის გამყარებას. იმპორტი ნიშნავს, ქვეყნიდან გავიდეს უცხოური ვალუტა და შეიძინონ უცხოური ბაზრის საქონელი. ანუ იმპორტი ყოველთვის მოქმედებს დევალვაციის მიმართულებით. ამ შემთხვევაში კი მომატებული იმპორტი, პირველ რიგში დადებითად იმოქმედებს ინვესტიციური ხასიათის საქონელზე, ტექნოლოგიაზე, რომლითაც აქ წარმოება და ეკონომიკა უნდა განვითარდეს. ეს, ერთი მხრივ, მოქმედებს ვალუტის გადინებაზე, მაგრამ ვინაიდან ჩვენთან ვალუტის გადინებასა და კაპიტალურ შემოდინებას შორის ბალანსი არის დადებითი, საბოლოო ჯამში, ლარის გამყარების ტენდენცია ქვეყანაში შენარჩუნდება. ანუ იმპორტის გაიაფება არ გამოიწვევს ეროვნული ვალუტის გაუფასურებას”.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ხელისუფლებას ინფლაციის შესამცირებლად მისცა რეკომენდაცია შეამციროს ხარჯები. რომან გოცირიძის თქმით, აქ ლაპარაკია უპირატესად იმ შემოსავლების არდახარჯვაზე, რომელთაც ქვეყანა წლის ბოლომდე პრივატიზაციის შედეგად მიიღებს. მაგალითად, პრივატიზება მხოლოდ ენერგეტიკის სექტორში სექტემბერში 320 მილიონ დოლარს შემოიტანს, ამბობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.

რომან გოცირიძე ერთ სარისკო პროგნოზს აკეთებს - ამბობს, რომ ფასები დაიწევს. მე შევნიშნავ, რომ ძნელია, გაიხსენო, როდის დაიწია ფასებმა უკანასკნელად, თუ არ ჩავთვლით ნავთობის ფასის რყევას, რაც, მაგალითად, ბენზინის ღირებულების ცვლილებაზე აისახება ხოლმე. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მთავრობა შეძლებს საგარეო შოკების განეიტრალებას.

[გოცირიძის ხმა] ”ფასების ზრდა იქნება უაღრესად დაბალი და ასატან დონეზე. ლარის კურსი და მაკროეკონომიკური მდგომარეობა იქნება სტაბილური. ყველა ადამიანს ექნება განცდა, რომ მისი დანაზოგები არის საიმედო ხელში. მე ამის პირობას გაძლევთ”.

რამდენად სოლიდარულია ქართული მედია

ბიძინა რამიშვილი:
8 სექტემბერი ჟურნალისტთა სოლიდარობის საერთაშორისო დღეა. ჩვეულებრივ, ამ დღეს ჟურნალისტები საკუთარ პრობლემებზე სასაუბროდ იკრიბებიან ხოლმე. ამავე დღეს სხვადასხვა ქვეყანაში ჟურნალისტებს პროფესიულ ჯილდოებს გადასცემენ - მაგალითად, ჟურნალისტიკაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს - პულიცერის პრემიით დაჯილდოების ცერემონია აშშ-ში 8 სექტემბერს იმართება. სამწუხაროდ, ჟურნალისტთა სოლიდარობის დღეს ქართველი ჟურნალისტები არ აღნიშნავენ, თუმცა ეს, ბუნებრივია, არ ნიშნავს, რომ სოლიდარობის გრძნობა ქართველ ჟურნალისტებს არა აქვთ. თემას თამარ ჩიქოვანი განაგრძობს.

თამარ ჩიქოვანი:
თავდაპირველად ცოტა რამ ისტორიიდან - ჟურნალისტთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე 1958 წლიდან აღინიშნება. ჟურნალისტთა საერთაშორისო ორგანიზაციის მეოთხე კონგრესმა 8 სექტემბერი შემთხვევით არ შეარჩია - საქმე ის გახლავთ, რომ 1943 წლის 8 სექტემბერს გერმანიაში სიკვდილით დასაჯეს ცნობილი ჩეხი ჟურნალისტი და მწერალი იულიუს ფუჩეკი. მისი წიგნი ” რეპორტაჟი სახრჩობელიდან” 70 ქვეყანაში ითარგმნა. უფროსი თაობის თბილისელებს რუსთაველის თეატრში მიხეილ თუმანიშვილის მიერ დადგმული სპექტაკლი ემახსოვრება სახელწოდებით ”ადამიანებო, იყავით ფრთხილად” - ეს სპექტაკლი სწორედ ფუჩეკის წიგნის მიხედვით დაიდგა. გასული საუკუნის ბოლოს კი 8 სექტემბერი ჟურნალისტთა სოლიდარობის საერთაშორისო დღედ უკვე გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ დააწესა.

[მარინა მუსხელიშვილის ხმა ] ” რა ტიპის სოლიდარობა შეიძლება იყოს, როდესაც დღეს ჩვენ ვცხოვრობთ საინფორმაციო ომების პერიოდში, როდესაც ნებისმიერი ჟურნალისტი ამ ომის მონაწილეა - ან ჯარისკაცია, ან სარდალი ამ პოლკოვნიკი. ეს არ არის ის ვითარება, როცა შეიძლება თქვა, რომ ერთი არმიის ჯარისკაცები მეორე არმიის ჯარისკაცებჱან რაღაცნაირად სოლიდარულები იქნებიან - ჯარისკაცი დაინტერესებულია, რომ მოიგოს და არა იმით, რომ პაციფისტი გახდეს, მშვიდობა დაამყაროს და ა.შ.”
საზოგადოებრივი აზრის კვლევის ინსტიტუტის ექსპერტი მედიის საკითხებში მარინა მუსხელიშვილი საქართველოში ჟურნალისტთა სოლიდარობასთან დაკავშირებით, როგორც მოისმინეთ, საკმაოდ კრიტიკულადაა განწყობილი. კრიტიკულია გაზეთ ”რეზონანსის” მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუშიც, თუმცა, იხსენებს შემთხვევებს, როცა კონკრეტულ სიტუაციაში ქართულმა მედიამ გაერთიანება მოახერხა:

[ლაშა ტუღუშის ხმა] ” მე ვერ ვიტყვი, რომ უპერსპექტივოა ქართული მედია ურთიერთობები. როცა საჭიროა, ჩვენ მაინც ვახერხევთ ძალების გაერთიანებას, მაგალითად, კანონებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. თუმცა, ჩვენ არ ვაერთიანებთ ძალებს ისეთ თავსმოხვეულ საკითხებზე, როგორიცაა უცნაური საბჭოების შექმნა და ა.შ. მედია ხან ზღარბია, როცა ეს სჭირდება, როცა გრძნობს საფრთხეს - ახერხებს გაერთიანებას - გარკვეულმა გაზეთებმა ეს შევძელით. ხან სძინავს, სამწუხაროდ, როცა ასეთი საფრთხე არსებობს. კიდევ ვიმეორებ - ზღვართან ვართ.”

ჟურნალისტი დოდო შონავა პროფესიული სოლიდარობის გრძნობის არარსებობას უფრო ღრმა მიზეზით ხსნის - მისი აზრით, დღეს ქართულ მედიას საერთო ფასეულობები, სამწუხაროდ, არა აქვს:

[დოდო შონავას ხმა] ” ის, რომ პროფესიული ერთსულოვნება იყოს, რაც ძირითადად განაპირობებს სოლიდარობას - ხომ ხედავ, ჟურნალისტების პროფკავშირიც ვერ შეიქმნა და არანაირი ორგანიზაცია არ არის...პირიქით, შეიმნა მედია-საბჭო, რომელიც ჟურნალისტების უფლებებს კი არ იცავს - პირიქით მესახება - მსმენელს, მაყურებელს და მკითხველს იცავს ჟურნალისტებისგან. რა თქმა უნდა, ესეც საჭირო და აუცილებელია, მაგრამ უნდა მოხდეს კანონდებლობით. მაგრამ თვითონ ჟურნალისტებმა უნდა შესძლონ ისეთი ორგანიზაციის შექმნა, რომელიც გააერთიანებს საერთო ღირებულებების გარშემო. აი, საერთო ღორებულებების არქონა არის ძირითადი მიზეზი, რომ სოლიდარობა არ არის, რადგან ცალკეულ ჯგუფებს თავისი ფასეულობები აქვს, რომელიც ხშირ შემთხვევაში ბიზნეს ან პოლიტიკურ ინტერესებთან არის დაკავშირებული.”

ლაშა ტუღუში ასეთ პესიმისტურ მოსაზრებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ გაზეთ ”რეზონანს” არაერთხელ უგძვნია სხვა მედიის ჟურნალისტების მხრიდან მხარდაჭერა. გარდა ამისა:

[ლაშა ტუღუშის ხმა] ”რაც შეეხება თავად ”რეზონანსს”, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ჩვენს კოლეგებს დავეხმაროთ, როცა უჭირთ. განსაკუთრებით იგულისხმება ხელისუფლების მხრიდან მათ მიმართ განხორციელებული ეგზეკუციენი. საერთო ჯამში, მე ვისურვებდი, რომ სოლიდარობა და დახმარება მეტი იყოს, ვიდრე დღეს.”

ბიძინა რამიშვილი:
ეს გახლდათ გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში. ჟურნალისტთა სოლიდარობის შესახებ მასალა თამარ ჩიქოვანმა მოამზადა.


გმირთა მოედანზე საქართველოში ყველაზე დიდი შადრევანი შენდება

ბიძინა რამიშვილი:
რამდენიმე დღეა თბილისელები შეამჩნევდნენ გმირთა მოედნის შუაგულში მობილიზებულ სამშენებლო ტექნიკასა და მშენებლებს, რომლებიც გამალებით თხრიან ვეებერთელა ორმოს. მშენებლებთან და ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელთან საუბრის შემდეგ რადიო ”თავისუფლების” კორესპონდენტმა ალექსანდრე ელისაშვილმა გაარკვია, რომ გასული საუკუნის 30-იან წლებში ლავრენტი ბერიას მმართველობის პერიოდში წარმოქმნილი მოედნის შუაგულში კიდევ ერთი, საქართველოში ყველაზე გრანდიოზული შადრევანი კეთდება. წინასაარჩევნოდ, გამალებით მშენებარე შადრევნისათვის წინასწარი ინფორმაციით 500 ათასი ლარია გამოყოფილი. ექსპერტები ქალაქის ხელმძღვანელობას შადრევნების მშენებლობის იდეას უწონებენ, მაგრამ უსისტემო მიდგომებს საყვედურობენ. ალექსანდრე ელისაშვილს მოუსმინეთ.

ალექსანდრე ელისაშვილი:
გმირთა მოედნის ადგილას ერთ დროს სარუსეთო, იგივე საქართველოს სამხედრო გზა გადიოდა. შუაგულში, სადაც ახლა შადრევნის მშენებლობა მიმდინარეობს როსტომ მეფის პერიოდში აგებული აგურის ოთხმალიანი ხიდი იდგა. ეს ხიდი 3 საუკუნის შემდეგ საბჭოთა ხელისუფლებამ დაანგრია. მდინარე ვერესა და ვარაზისხევის კოლექტორებში ჩასმის შემდეგ წარმოიქმნა ვრცელი მოედანი, რომელსაც 1936 წელს საბჭოთა კავშირის პირველი გმირების გემ ჩელუსკინის გადამრჩენი მფრინავების პატივსაცემად ”გმირთა მოედანი” ეწოდა. იმ პერიოდშივე მოედნის ჩრდილო მხარეს კლდე გაჭრეს, ჩელუსკინელთა ქუჩა გაიყვანეს და ამავე სახელობის ხიდიც ააგეს. მოგვიანებით მოედნის ქვეშ საავტომობილო გვირაბი გაჩნდა, თავად მოედნის სივრცე კი ათწლეულების მანძილზე აუთვისებელი იყო. საავტომობილო მოძრაობის ვრცელ რკალში მოქცეულ მინდორზე ვარდის ბუჩქნარი იყო გაჩენებული, შემდეგ ერთობ უხეირო სარეკლამო დაფები წამოჭიმეს, ბოლოს კი საქართველოს დროშები წრიულად განალაგეს. ამ დროშათა შუაგულში ახლა გამალებული მუშაობა მიმდინარეობს.

[ისმის მშენებლობის ხმები]

ჩვენ მშენებლებს მშენებლობის რაობის შესახებ რამდენიმე კითხვით მივმართეთ:

[მშენებლების ხმები] პირველი მშენებლის ხმა - ფანტანი კეთდება, მერია აკეთებს. საქართველოში ყველაზე დიდი იქნება. ახლა გვირაბზე ვდგევართ. (მეორე მშენებლის ხმა) აქ იზოლაცია იქნება კარგი და ფანტანი. კითხვა - ნახაზი გაქვთ ნანახი? პასუხი - არ არის ჯერ ნახაზი. კითხვა - აბა ისე აკეთებთ. პასუხი - მოდი რა... (სტილი დაცულია).

მშენებლებმა გაგვიმხილეს, რომ დავალების თანახმად მათ შადრევნის სრულად აგება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე უნდა მოასწრონ, ეს კი მათგან ლამის სტახანოვურ ტემპში მუშაობას მოითხოვს. შადრევნის მშებენლობის ვადებისა და ამ მშენებლობასთან დაკავშირებული სხვა დატალების გადამოწმება ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან ვცადეთ. კობა სუბელიანმა სატელეფონო საუბარში რამდენიმე საკითხი დაგვიზუსტა:

[კობა სუბელიანის ხმა] გმირთა მოედანზე ვაკეთებთ შადრევანს. ეს იქნება ძალიან ლამაზი სანახაობრივად. განსხვავებული ჭავლი ექნება. არქიტექტურული თვალსაზრისით ეს ნაკლებად დაიტვირთება, უფრო აქცენტი იქნება წყლის ჭავლზე. მარტივი, მაგრამ გემოვნებიანი და მდიდრული შესახედაობის იქნება.

კობა სუბელიანმა ასევე განგვიმარტა, რომ შადრევნის ნახაზი არსებობს. შემდეგ მას ვკითხეთ იმ საფრთხის თაობაზე, რომელიც შადრევნის ამოქმედების შემდეგ, განსაკუთრებით ზაფხულში შეიძლება წარმოიქმნას - ინტენსიური საავტომობილო მოძრაობის რკალში მოქცეულ შადრევანთან მოსახლეობა, განსაკუთრებით ბავშვები ბუნებრივად მოინდომებენ გადასვლას, რაც თავისთავად უსაფრთხო არ იქნება:

[კობა სუბელიანის ხმა] შორიდან ყურებით შეიძლება. იცით რა არის, აქ არის მიწისქვეშა, თუ ბოლო ბოლო ეგრე დადგა საკითხი მიწისქვეშადან შეიძლება რაღაცა გავახერხოთ. მაგაზე არ მიფიქრია. ლიფტი არა, რამე შეიძლება მიწიქვეშდან გავაკეთოთ.

ქალაქის ხელმძღვანელობას უსისტემო მშენებლობებს საყვედურობენ სპეციალისტები. ურბანისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ლადო ვარდოსანიძე მიიჩნევს, რომ თბილისის მესვეურებს ქალაქგანვითარების გეგმა არ გააჩნია და შთაბეჭდილება რჩება, რომ გადაწყვეტილებებს ხშირად პირადი ნება სურვილის შესაბამისად იღებენ. თუმცა პირადად მას ქალაქში შადრევნების მომრავლების საწინააღმდეგო არაფერი აქვს:

[ლადო ვარდოსანიძის ხმა] ჯერ კარგი იქნებოდა გვენახა პროექტი. ალბათ საჭიროა ამის ექსპერტიზა, დავალება, პროექტი. ვფიქრობ, რომ ეს უსისტემობდა საბოლოოდ არ წაადგება ქალაქს. თავისთავად შადრევანს რა სჯობია, მაგრამ ალბათ სისტემაში უნდა იყოს მოქცეული ქალაქის განვითარება, კეთილმოწყობა და ასე შემდეგ. ვფიქრობ, რომ ეს კომპონენტი დღევანდელ ქალაქის ხელმძღვანელობას აშკარად აკლია.

გმირთა მოედანზე საქართველოში ყველაზე მასშტაბური შადრევნის მშენებლობა 20 სექტემბრისათვის უნდა დასრულდეს. ქალაქის ბიუჯეტიდან ამ მიზნით უკვე გამოყოფილია ნახევარ მილიონზე მეტი ლარი. ამ თანხად ქალაქის მოსახლეობას სხვა, თუ არაფერი საბჭოთა კავშირის პირველი გმირების სახელობის მოედანზე უზარმაზარი წყლის ჭავლისათვის შორიდან თვალყურის დევნება შეეძლება.

ალექსანდრე ელისაშვილი, რადიო თავისუფლება, თბილისი.

ავსტრიული ღვინის გამოფენა პრაღაში

ბიძინა რამიშვილი:
საქართველოში უკვე რთველი დაიწყო, თუმცა ჯერ გაურკვევლია, თუ რა ფასად შეისყიდიან ყურძენს მეღვინეები. ასევე გაურკვეველია გაიტანენ თუ არა ქართულ ღვინოს რუსეთის ბაზარზე.
რუსეთთან დაკავშირებით პრობლემები სხვა ქვეყნებსაც აქვთ. მაგალითად, ავსტრიას - ევროპაში ერთ-ერთ დიდ ღვინის მწარმოებელ ქვეყანას. ამ დღეებში პრაღაში ავსტრიული ღვინის რიგით მეექვსე გამოფენა გაიმართა. მას ნანა საჯაია დაესწრო.

იხ. აუდიოვერსია


2006 წლის 8 სექტემბრის მეათე სტუდიისთვის
ნატაშა კამპუში - მსოფლიოს ყურადღების ცენტრში

ბიძინა რამიშვილი:
ოთხშაბათი, 6 სექტემბერი ავსტრიაში გამორჩეული დღე იყო: ავსტრიელების მთელი ყურადღება სამმა ექსკლუზიურმა ინტერვიუმ მიიპყრო - სამივემ ერთსა და იმავე ადამიანთან, 18 წლის ნატაშა კამპუშთან. ორი ინტერვიუ ბეჭდვით მედიაში გამოქვეყნდა, მესამე კი ტელევიზიამ აჩვენა და 2,5 მლნ მაყურებლის ყურადღება დაიმსახურა, რაც ავსტრიის ისტორიაში ერთ-ერთი უმაღლესი მაჩვენებელია.

თუმცა, ნატაშა კამპუშის შესახებ არა მარტო ავსტრიაში, შეიძლება ითქვას, რომ მთელს მსოფლიოში ლაპარაკობენ. ალბათ, მართლაც შეუძლებელია, კაცი გულგრილი დატოვოს ბედმა, რომელიც ამ ავსტრიელ გოგონას ერგო: ის 10 წლის იყო, როცა მოიტაცეს, 8 წელი დაჰყო ტყვეობაში, მშობლებთან, ახლობლებთან ყოველგვარი კონტაქტის გარეშე - გამტაცებელთან, რომელსაც გოგონა სარდაფში ჰყავდა გამოკეტილი. მაგრამ ნატაშამ გაქცევა შეძლო და 6 სექტემბერს მისი სახე პირველად გამოჩნდა გაზეთებსა თუ ტელევიზიაში. მარიამ ჭიაურელი მოგითხრობთ მის დრამატულ თავგადასავალზე.

მარიამ ჭიაურელი:
6 სექტემბრამდე ნატაშა კამპუშის სახე მისი ბავშვობის სურათებიდან იყო ცნობილი - 10 წლის ასაკამდე გადაღებული სურათებიდან. 1998 წლის 2 მარტს, 10 წლის გოგონას სკოლის გზაზე მანქანით დახვდა უცნობი მამაკაცი.

[ნატაშა კამპუშის ხმა] “მან ხელები ჩამჭიდა. მინდოდა დამეყვირა, მაგრამ ხმა ვერ ამოვიღე. სასოწარკვეთილი ვიყავი, ვბრაზობდი, რომ გზის მეორე მხარეს არ გადავედი სანამ მანქანას ჩავუვლიდი, ან დედაჩემს არ წავყევი სკოლაში მანქანით. საშინელება იყო”.

ასე დაიწყო ნატაშას ტყვეობა, რომელზეც მან სატელევიზიო ინტერვიუში ილაპარაკა. ეკრანზე ჩანდა მშვენიერი გარეგნობის, მოდურად ჩაცმული ახალგაზრდა ქალი, უჩვეულოდ ერუდირებული, გონიერი და თავდაჯერებული. ის სხარტად და ზუსტად აყალიბებდა აზრებს და, ალბათ, ერთადერთი “უცნაურობა” ემჩნეოდა - ზოგჯერ თვალებს ხუჭავდა, ისე ლაპარაკობდა. თუმცა ეს მედიკოსებს სავსებით ბუნებრივად მიაჩნიათ ადამიანისთვის, რომელმაც 8 წელი, უმეტესწილად, უფანჯრო საკანში გაატარა. ის გამტაცებელმა, გოგონაზე 26 წლით უფროსმა ვოლფგანგ პრიკლოპილმა საგანგებოდ გათხრილ პატარა სარდაფში გამოკეტა:

[ნატაშა კამპუშის ხმა] “ამ პატარა ოთახში ლამის კლაუსტროფობიის განცდამდე მივდიოდი ხოლმე. კედლებს წყლის ბოთლებს ვესროდი, მუშტებს ვუბრახუნებდი - რა ვიცი, იმის იმედით, რომ ვინმე გაიგებდა. საშინელება იყო... და რაღაც მომენტში ზემოთ, სახლში რომ არ გადავეყვანე, ცოტა მეტი სივრცე რომ მქონოდა, ალბათ შევიშლებოდი”.

გამტაცებელს ნატაშა საყიდლებზეც დაჰყავდა ხოლმე, მაგრამ უკრძალავდა გამვლელებთან გამოლაპარაკებას და ემუქრებოდა - ხან იმით, რომ თავს მოიკლავდა, ხან იმით, რომ მოკლავდა სხვებს, ვისაც ნატაშა დაელაპარაკობდა.

[ნატაშა კამპუშის ხმა] “ის ძალიან ფრთხილად იქცეოდა, გვერდიდან არ მცილდებოდა, პანიკაში ვარდებოდა 3 სანტიმეტრითაც რომ დავშორებოდი. ყოველთვის მის წინ უნდა მევლო და არა მის უკან, თვალი რომ არ მოეცილებინა. ვერავის ვერაფერს ვეუბნებოდი, რადგან მემუქრებოდა, რომ არავის დაინდობდა, რომ მოკლავდა ყველას, ვინც კი ჩემს მდგომარეობაზე რაიმეს შეიტყობდა”.

რა სახის ურთიერთობა ჰქონდა ნატაშასთან მის გამტაცებელს - გაურკვეველია. გოგონა მას თავისი ცხოვრების ნაწილად მოიხსენიებს, ამბობს, რომ ჩვეულებრივი ყოველდღიური ცხოვრებით ცხოვრობდნენ: ერთად საუზმობდნენ, საუბრობდნენ, ნატაშა კითხულობდა, ოთახს ალაგებდა, ტელევიზორს უყურებდა.

[ნატაშა კამპუშის ხმა] “ჩემთვის სრულიად ნათელი იყო, რომ ჩემი გამოქცევით მას სასიკვდილო განაჩენი გამოვუტანე, რადგან სულ თვითმკვლელობით მემუქრებოდა.” ვოლფგანგ პრიკლოპილმა ეს მუქარა მართლაც შეასრულა - ნატაშას გაქცევის შემდეგ, 23 აგვისტოს მან თავი მოიკლა: მატარებელს ჩაუვარდა.

ასე დასრულდა ტრაგედია, რომელზეც ამ დღეებში მთელი მსოფლიო ლაპარაკობს. ნატაშამ თავისუფლება მოიპოვა და ახლა, მისივე თქმით, სურს ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს. თუმცა ყველასთვის ცხადია, რომ ეს ადვილი არ იქნება დედ-მამის ზრუნვისა და კონსულტანტების დახმარების მიუხედავად. ფსიქოლოგ გაგა ნიჟარაძეს მოვუსმინოთ.

[გაგა ნიჟარაძის ხმა] “სრულიად ცხადია, რომ ძალიან სერიოზული რეაბილიტაციის პროგრამა დასჭირდება და ძალიან ხანგრძლივი. და იქნება თუ არა ეს ბოლომდე წარმატებული, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის მის პიროვნულ თვისებებზე, რა თქმა უნდა პროფესიონალიზმზე კონსულტანტებისა და ფსიქოთერაპევტების და ა.შ. საქმე იმაშია, რომ ყოველ სტადიას ადამიანის განვითარებაში აქვს თავისი ნორმატიული სოციალური გარემო - ყოველ კულტურაში სხვადასხვა, მაგრამ მაინც აუცილებელი, რომ გახდეს ადამიანი სოციალურად კომპეტენტური ამათუიმ საზოგადოებაში თუ კულტურაში. თუ ეს არ გაიარა, ძალიან გაუძნელდება ცხოვრება. 10-დან 18 წლამდე ძალიან დიდი პერიოდია, ე.ი. მან ძალიან ბევრი არ იცის, ძალიან ბევრზე არასწორი წარმოდგენა აქვს. თუმცა, ის ფაქტი, რომ გამოიქცა, რაღაც დადებითი მოლოდინის შანსს იძლევა”.

გაგა ნიჟარაძეს ისიც ვკითხეთ, რა პრობლემებია დამახასიათებელი ადამიანებისთვის, რომელთაც იძულებით მოუწიათ ჩვეული გარემოსაგან, ახლობლებისაგან ხანგრძლივ იზოლაციაში ყოფნა:

[გაგა ნიჟარაძის ხმა] “გააჩნია ადამიანს, გააჩნია ხანგრძლივობას, გააჩნია იმ პირობებს, რაშიც არიან მოქცეულნი. მაგალითად, საქართველოში უკანასკნელ დროს სვანეთში რომ გაათავისუფლეს ბიჭი - 2 თუ 3 წელი იყო იქ მონის მდგომარეობაში. და ასეთი შემთხვევები ბევრია ჩეჩნეთში და ჩრდილოკავკასიის სხვა რეგიონებში. სხვათა შორის, არა მაქვს სტატისტიკა მათი ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის შესახებ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ეს ყველაფერი არის დამოკიდებული ისევ პიროვნებაზე და იმ პირობებზე, რომელსაც შეუქმნიან განთავისუფლების მერე”.

ნატაშა კამპუშს, რომელმაც 8 წელი დაჰყო ტყვეობაში, არასოდეს შეუწყვეტია გაქცევაზე ფიქრი. ბოლოს მიაღწია კიდეც მიზანს. თუმცა, მისი ახლობლები შიშობენ, რომ ახლა სხვა ტყვეობაში აღმოჩნდა: მასმედიის ტყვეობაში. ბოლო დღეებში 300-მდე საინფორმაციო საშუალებამ მიმართა ნატაშა კამპუშს ექსკლუზიური ინტერვიუს თხოვნით.

ბიძინა რამიშვილი:
თქვენ მოისმინეთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგი გამოშვება, რომელიც პრაღაში მოამზადეს მარიამ ჭიაურელმა და ბიძინა რამიშვილმა. გადაცემას უძღვებოდა ბიძინა რამიშვილი.

მომავალ პარასკევამდე.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG