Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთის პრესა საქართველოს შესახებ


გასულ კვირაში დასავლეთის გაზეთები მკითხველს მეტ-ნაკლებად ვრცელ ინფორმაციას აწვდიდნენ საქართველოში მომხდარ მთავარ მოვლენებზე.

კვირის დასაწყისში ასეთი მთავარი ამბავი იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრის შვეულმფრენისთვის ცეცხლის გახსნა, მოგვიანებით კი სხვადასხვა ქალაქში “სამართლიანობის” პარტიის წევრთა და მომხრეთა დაპატიმრება. მოკლედ გაგაცნობთ ამ სტატიებს.

“სტრატფორს კომენტარი” 4 სექტემბერს იუწყებოდა, რომ საქართველოს სეპარატისტული რეგიონის - სამხრეთ ოსეთის -მეამბოხეებმა საქართველოს მი-8 ტიპის შვეულმფრენს ესროლეს. შვეულმფრენის ბორტზე, საინტერნეტო გამოცემის თანახმად, იმყოფებოდა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც უვნებელი გადარჩა. ამავე წყაროს თანახმად, ინციდენტს ყურადღებას აქცევს რუსეთიცა და აშშ-იც. გამოცემის ანალიზში იქვე განმარტებულია საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში არსებული სტატუს კვო - ლაპარაკია იმაზე, რომ რუსეთი ამ რეგიონებს მხარს უჭერს, საქართველოს მთავრობას კი სამხედრო სფეროშიც ვაშინგტონი უმაგრებს ზურგს. გამოცემა ვარაუდობს, რომ საქართველო პასუხს გასცემს მომხდარს. საჰაერო თავდასხმა მეამბოხეთა ადგილსამყოფელზე გამორიცხული არ არის, მაგრამ ანალიზის ავტორი იქვე წერს, რომ სახმელეთო შეტევა გაჭირდება, თუკი საქართველოს არმიის მზადყოფნას გავითვალისწინებთ. ამავე დროს, საინტერნეტო გამოცემამ იცის, რომ ამგვარ კონფლიქტს საერთაშორისო მხარდაჭერა სჭირდება. ამგვარი კონფლიქტი, ვკითხულობთ სტატიაში, გამოიწვევდა სამხედრო კონფლიქტს რუსეთსა და საქართველოს შორის. ამასთან, ანგარიშგასაწევია სხვა ფაქტორებიც. იქვე ლაპარაკია რუსეთის მომავალ არჩევნებზე, რის გამოც მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია კრემლისკენ, რომელიც თავისი ძალების გაერთიანებას ცდილობს. მართალია, წერს სტატიის ავტორი, რუსეთი თავისი პერიფერიისა და სამხრეთ ოსეთში თავისი ინტერესების დაცვას შეეცდება, მაგრამ მაინც განუმარტავს ცხინვალს, რომ შეიარაღებულ კონფლიქტს არ მიესალმება. ამერიკელი მრჩევლები კი, წერს “სტრატფორს კომენტარი”, საქართველოს არმიას საპასუხო საჰაერო თავდასხმის ნებას დართავენ, მაგრამ ალბათ, გააფრთხილებენ კიდეც, რომ შემდგომი ესკალაცია არ ღირს. სააკაშვილი კი თავს ნებას ვერ მისცემს უარი თქვას ამერიკის მხარდაჭერაზე. დაბოლოს, საინტერნეტო გამოცემა დაასკვნის, რომ სამხედრო ნაბიჯების გადადგმა, საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე, მოსალოდნელი არ არის.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის შვეულმფრენის თაობაზე მოკლე ცნობები გამოაქვეყნა გერმანიაში გამომავალმა “ფრანკფურტერ ალგემაინემ”. უფრო ვრცლად ამავე ინციდენტის შესახებ წერდა “ვაშინგტონ პოსტიც”. წერდა, სხვათა შორის, იმასაც, რომ გავრცელდა ცნობა საქართველოს პრეზიდენტისა და აშშ-ის სენატორთა დელეგაციის შვეულმფრენისთვის ცეცხლის გახსნის თაობაზე, თუმცა იქვე აღნიშნავდა, რომ აშშ-მა ეს ცნობა უარყო. ამავე წერილში ნათქვამია, რომ ცხინვალში სამხრეთ ოსეთის ლიდერ კოკოითისთან ამერიკელი - არიზონელი - რესპუბლიკელი სენატორის ჯონ მაკკეინის შეხვედრა და საუბარი “არაპროდუქტიული” იყო.

მეორე თემა, როგორც უკვე ითქვა, იგორ გიორგაძის მომხრეთა დაპატიმრებაა. ინგლისურენოვანმა “ფაინეშელ ტაიმსმა” და “გარდიანმა” მკითხველს მიაწოდეს მცირე ინფორმაცია, როგორც ამ გაზეთებშია დასათაურებული, სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვის გამო მოქალაქეთა დაპატიმრების შესახებ. “გარდიანი” შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის ბრიფინგზე გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობა და წერს, რომ დაპატიმრებული აქტივისტები სახელმწიფო გადატრიალების გზით აპირებდნენ მიხეილ სააკაშვილის იგორ გიორგაძით შეცვლას. “ფაინენშელ ტაიმსში” უფრო მეტია ნათქვამი იგორ გიორგაძეზე, კერძოდ, რომ ყოფილი უშიშროების მინისტრი პრეზიდენტ შევარდნაძეზე თავდასხმის მოწყობის ორგანიზებაში ბრალდების შემდეგ საქართველოდან გაიქცა და რომ ის ახლა, სავარაუდოდ, რუსეთს აფარებს თავს. უფრო ვრცელია გერმანიის “ფრანკფურტერ ალგემაინეში” გამოქვეყნებული სტატია ამავე თემაზე. იქ დაწვრილებითაა მოთხრობილი დაპატიმრებების, ჩხრეკების, ასევე მიგნებული იარაღისა თუ ფულის თაობაზე; იგორ გიორგაძესა და მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებზეც უფრო დაწვრილებით არის ნაამბობი. გერმანელი ჟურნალისტი მკითხველს აუწყებს, რომ გიორგაძე სააკაშვილს დამუქრებია ჭინჭრის რევოლუციით და, ამასთან, რუსეთის ტელევიზიით განუცხადებია, რუსეთის გარდა, მეგობრობა არავისთან მსურსო.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG