Accessibility links

logo-print

კულტურული მიმოხილვა,10 სექტემბერი


გასულ კვირას თბილისის მერიამ ”კოკა-კოლასთან” ერთად

ახალი კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტის პრეზენტაცია მოაწყო. წითლებში გამოწყობილმა ახალგაზრდებმა, აგრეთვე, ჩვენს მედიაში დამკვიდრებულ ”ტერმინს” თუ გავიხსენებთ, ”ცნობადმა სახეებმა” ჯანმრთელი ცხოვრების პროპაგანდა დაიწყეს. უახლოეს ხანში კულტურის მუშაკებმა კონცერტები უნდა გამართონ და გაგვახსენონ, რამდენად მავნებელია ჯანმრთელობისთვის ალკოჰოლი, თამბაქო და ნარკოტიკები. ასეთი აქციები, მოგეხსენებათ, მთელ მსოფლიოში იმართება...არაერთხელ გამართულა საქართველოშიც. თუმცა ადგილობრივი არჩევნების წინ ხელისუფლება გვპირდება, რომ უფრო ეფექტურად და უფრო აგრესიულად დაუწყებს ბრძოლას ეგრეთ წოდებულ ”მავნე ჩვევებს”. ხელისუფლებას იმედი აქვს - თუკი ახალგაზრდების კერპები, მაგალითად, ლექსენი მათ მოუწოდებს, გადააგდონ სიგარეტი და არასდროს გასინჯონ ნარკოტიკი, ქვეყანაში ჯანმრთელი ცხოვრების სტილი დამკვიდრდება.

[ლექსენის ხმა] ”ერთ-ერთი მონაწილე ვიქნები. მინდა, რომ ტელევიზიის საშუალებით ნახოს ხალხმა რა აქციებს ვატარებთ.”

ლექსენმა ტელევიზია შემთხვევით არ ახსენა. ფსიქოლოგები უკვე ამბობენ, რომ ტელეეკრანი უამრავი ახალგაზრდისთვის თავისებურ ჩანაცვლებად იქცა - ვიღაც ნარკოტიკზეა მიჯაჭვული, ვიღაც ალკოჰოლზე... ვიღაც კი - ტელევიზორზე... არის თუ არა ასეთი ცხოვრება - ”ჯანმრთელი”? და რატომ არავინ ზრუნავს საზოგადოების განთავისუფლებაზე ამ მიჯაჭვულობისგან?

[თამარ ცაგარეიშვილის ხმა] ”ეს არის მთელი ქარხანა, რომელსაც ერთი ბატონი ჰყავს - ფული. ჩვენ მივდივართ ნელ-ნელა აქეთკენ...ამ გზაზე იკარგება ადამიანი და მისი უფლება და იქცევა ცივ ”ყუთად”. ”

”ჩვენ ნელ-ნელა აქეთკენ მივდივართო”, - ამბობს ქალბატონი თამარი... თუმცა იმის თქმაც შეიძლება, რომ ჩვენ დიდი ხანია ”აქეთკენ მივდივართ”... ტელევიზია ყოველთვის იყო მასების მანიპულაციის საუკეთესო საშუალება.

[მუსიკა. ”მიზანი, რომელიც სიცოცხლეზე მეტია]

უფროსი და საშუალო თაობის რადიომსმენელმა უთუოდ იცნო ეს მუსიკა...დიახ ”კლოსი”, პოპულარული პოლონური სერიალი - ”მიზანი, რომელიც სიცოცხლეზე მეტია”, რომლის პრემიერიდან მომავალ წელს 40 წელი გავა... თუმცა პოლონეთში, როგორც ჩანს, ამ იუბილეს აღარ აღნიშნავენ. ახლახან მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებმა გამარჯვებას მიაღწიეს: პოლონეთის ტელევიზია დასთანხმდა მათ თხოვნას აღარ აჩვენონ ტელევიზიით ოდესღაც პოპულარული სერიალი ”4 ტანკისტი და ძაღლი”, რომელშიც, ვეტერანების აზრით, ომი ნაჩვენებია მხოლოდ და მხოლოდ როგორც თავგადასავალი, გერმანიის არმია კი - როგორც ”იდიოტების ბანდა”, რომლის დამარცხება არც ისე რთულია. კრაკოვის ვეტერანთა ორგანიზაციის პრეს-მდივნის ეჟი ბუკოვსკის განცხადებით, ფილმში ”4 ტანკისტი და ძაღლი”, ისევე როგორც პოპულარულ სერიალში ”მიზანი, რომელიც სიცოცხლეზე მეტია”, ისტორია დამახინჯებულია - თუკი 30 წლის წინ ხალხს ჯერ კიდევ სჯეროდა საბჭოთა და პოლონელი ჯარისკაცების ძმობისა, დღეს ისტორიის ასეთი ასახვა მხოლოდ ღიმილის მომგვრელია.

ღიმილის მომგვრელია... მაგრამ პოლონელი ვეტერანების აზრით, საშიში... ისინი შეშფოთებულები არიან იმის გამო, რომ პოლონეთის ტელევიზია ყოველ ზაფხულს უჩვენებს ან ”კლოსს”, ანდა ”ტანკისტებს”.

[მუსიკა. ”4 ტანკისტი და ძაღლი”]

პოლონეთის ტელევიზიის მესვეურებმა უკვე განაცხადეს, რომ აპირებენ ახალი სერიალების გადაღებას, რომელშიც ისტორიული ფაქტები (თუნდაც ვარშავის აჯანყება) დამახინჯებული აღარ იქნება. მოსალოდნელია, რომ ”კლოსი” და ”4 ტანკისტი” ამიერიდან მხოლოდ რუსმა ტელემაყურებელმა ნახოს... 40 წლის წინ გადაღებული ეს სერიალები ხომ კვლავაც ძალიან პოპულარულია პოსტკომუნისტურ რუსეთში. დისკუსია კომუნისტურ ეპოქაში გადაღებულ ფილმებზე დაემთხვა პოლონეთის პრეზიდენტად ლეხ კაჩინსკის არჩევას..გაგახსენებთ, რომ ლეხ კაჩინსკიმ და მისმა ძმამ ქვეყანაში სახელი გაითქვეს ჯერ კიდევ 1962 წელს, როცა შეასრულეს ხულიგანი ბიჭების როლი ფილმში ”ორნი, რომლებმაც მთვარე მოიპარეს”... ”ჩვენ ორნი მთელ მსოფლიოს დავიპყრობთ...”მღეროდნენ ბიჭები, რომლებმაც 44 წლის შემდეგ თავიანთ მიზანს მიაღწიეს. დღეს ეს საბავშვო სურათი ისევ პოპულარული გახდა პოლონეთში, თუმცა არა იმდენად, როგორც ”4 ტანკისტი” და ”მიზანი, რომელიც სიცოცხლეზე მეტია”, რომელსაც ყველაზე ხშირად საზაფხულო არდადეგებზე უჩვენებდნენ ხოლმე:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ბოლო 15 წლის განმავლობაში ესენი ვითარდებოდნენ. ამიტომ ახლა ჩვენ ბოლო ორ წელიწადში გავდივართ იმ გზას, რომელიც უნდა გაგვევლო მთელი ამ ხნის განმავლობაში, 91 წლის შემდეგ...ამიტომ ბევრად უფრო ჩქარა უნდა გავიაროთ და, ნახავთ, დავეწევით და გადავასწრებთ კიდეც ამათ.”

კაჩინსკისგან განსხვავებით, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამ კვირაში პოლონეთში იმყოფებოდა, ბავშვობაში კინოში არ გადაუღიათ. თუმცა ეკრანის ძალა, მოგეხსენებათ, საქართველოს პრეზიდენტსაც კარგად აქვს გაცნობიერებული. ჯერჯერობით ქართულ ტელეარხებზე არავის აუკრძალავს საბჭოთა ეპოქაში გადაღებული პროპაგანდისტული ფილმები. არადა, ტელევიზიების მესვეურებს თუ დავუჯერებთ, საქართველოში დღითიდღე მატულობს ძველი ქართული ფილმების პოპულარობა. მოთხოვნილება ”გიორგი სააკაძესა” და ”პიერი - მილიციის თანამშრომელზე” ჭარბობს მოთხოვნილებას ახალ ქართულ ტელესერიალებზე, მაგრამ, პოლონეთისგან განსხვავებით, ქვეყანაში არ ჩანს საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც ამ სურათების აკრძალვას თუ არა, მათ ახლებურ შეფასებას მაინც მოითხოვდა. არ არის გამორიცხული, რომ საზოგადოების ნაწილი სწორედ ამ ფილმებში და არა ბილწსიტყვაობით გამორჩეულ თანამედროვე ქართულ სერიალებში ხედავს ”ჯანმრთელ ცხოვრებას”, რომლის პროპაგანდა დაიწყო ამ კვირაში (ადგილობრივი არჩევნების წინ) ”კოკა-კოლამ” და თბილისის მერიამ.






XS
SM
MD
LG