Accessibility links

logo-print

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარტიული სიების მიღება დაასრულა


2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს - არჩევნების

ღონისძიებათა გრაფიკისა და საარჩევნო კოდექსის თანახმად, 11 სექტემბერს, 18 საათზე, ამოიწურა პროპორციული წესით მანდატების მისაღებად პარტიული სიების წარდგენის ვადა. როგორც მოსალოდნელი იყო, მმართველმა პარტიამ არჩევანი დედაქალაქის მოქმედ მერზე, გიგი უგულავაზე, შეაჩერა. რაც შეეხება ოპოზიციურ პოლიტიკურ გაერთიანებებს, იშვიათი გამონაკლისის გარდა, სიებს სათავეში პარტიათა ლიდერები - შალვა ნათელაშვილი, გოგი თოფაძე, კობა დავითაშვილი და სალომე ზურაბიშვილი უდგანან. გამონაკლისს წარმოადგენს პოლიტიკური გაერთიანება „ახალი მემარჯვენეები“, რომლის ლიდერთა კონსულტაცია ცნობილ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილთან უარყოფითი შედეგით დასრულდა.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს - არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება. პოლიტიკის ექსპერტები ყველაზე მწვავე ბრძოლას ელიან თბილისში, რომლის საკრებულო, კანონში შეტანილი ცვლილების საფუძველზე, 49-დან 37 წევრამდე შემცირდება. ამასთან, 25 წევრი აირჩევა მაჟორიტარული წესით მრავალმანდატიან ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში, ხოლო 12 წევრი – პროპორციული წესით, თბილისის მთელ ტერიტორიაზე ჩატარებული არჩევნების შედეგების შეჯამების შედეგად. თუმცა, როგორც 11 სექტემბერს გაირკვა, დედაქალაქის თვითმმართველობაში ადგილის დასაკავებლად ბრძოლას აღარ აპირებენ ახალი მემარჯვენეები, რომელთა ლიდერმა დავით გამყრელიძემ, საარჩევნო სიის სათავეში ჩადგომის პერსპექტივის მიუხედავად, ბადრი პატარკაციშვილის დაყოლიება ვერ შეძლო:

[დავით გამყრელიძის ხმა] „ამ ეტაპზე ბადრი პატარკაციშვილმა თავი შეიკავა არჩევნებში მონაწილეობისგან. რაც შეეხება ჩვენი პარტიის პოზიციას, თავიდანვე მომხრე ვიყავით ბოიკოტისა, ხოლო თუ იქნებოდა მონაწილეობაზე საუბარი, ამ მონაწილეობას აზრი ექნებოდა მხოლოდ არაორდინალური კანდიდატებისა და სცენარების შემთხვევაში.“

დავით გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა, თუმცა ჯერჯერობით პარტიათა უმეტესობა 5 ოქტომბრისთვის დანიშნული არჩევნებისთვის ემზადება. ცნობილი გახდა, რომ კონსერვატორებისა და რესპუბლიკელების გაერთიანებულ საარჩევნო ბლოკს სათავეში კობა დავითაშვილი და თინათინ ხიდაშელი ჩაუდგებიან, “მრეწველები” კი, ისევე როგორც ყველა წინა არჩევნებზე, ამჯერადაც გოგი თოფაძის იმედად არიან. რაც შეეხება საქართველოს ლეიბორისტულ პარტიას, მის წარმატებაზე პარტიის დამფუძნებელი და უცვლელი ლიდერი შალვა ნათელაშვილი იზრუნებს. მშრომელთა პარტიის თავმჯდომარემ საარჩევნო სიის პრეზენტაცია მეტეხის პლატოზე გამართა და პოლიტიკურ დებატებში, არც მეტი არ ნაკლები, საქართველოს პრეზიდენტი გამოიწვია:

[შალვა ნათელაშვილის ხმა] „ხელისუფლებამ ჩვენ ჩაგვითრია არადემოკრატიულ საარჩევნო პროცესში. გამოწვევა მივიღეთ და არაფერს არ დავაკლებთ იმას, რომ სააკაშვილის რეჟიმმა მიიღოს უძლიერესი დარტყმა ჩვენი ქალაქისაგან, საამაყო დედაქალაქისაგან. მე პირდაპირ ტელედებატებში ვიწვევ საქართველოს სამარცხვინო პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და, ნიშნად ამისა, ვესვრი ხელთათმანს.“

შალვა ნათელაშვილი, გარდა იმისა, რომ საარჩევნო სიას უდგას სათავეში, კენჭს მაჟორიტარული წესითაც იყრის, თუმცა, ამის მიუხედავად, ლეიბორისტების ლიდერისა და „ნაციონალური მოძრაობის“ პირველი ნომრის, თბილისის მოქმედი მერის, დაპირისპირება მაინც არ შედგება. საქმე ისაა, რომ ნათელაშვილი ნაძალადევის რაიონში მცხოვრები თბილისელების გულის მოგებას შეეცდება, გიგი უგულავა კი - მთაწმინდელების. უგულავას გარდა, მმართველი პარტიის გამარჯვებისთვის იბრძოლებენ: საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ბეგაშვილი, საქართველოს ნაკრების ყოფილი მოთამაშე გიორგი ნემსაძე, თბილისის პრემიერი თემურ ქურხული, მთაწმინდა-კრწანისის გამგებელი დავით მესხიშვილი და მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი კობა სუბელიანი. სულ თბილისის საკრებულოს არჩევნებისათვის შექმნილია ხუთი სამმანდატიანი და ხუთიც ორმანდატიანი ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქი. საარჩევნო კოდექსის თანახმად კი, ცენტრალურმა კომისიამ პარტიული სიები და ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატები რეგისტრაციაში 48 საათის განმავლობაში უნდა გაატაროს.

XS
SM
MD
LG