Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ საქართველო ნომერ პირველ რეფორმატორ ქვეყნად აღიარა


მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ერთობლივი ანგარიშის მიხედვით,

საქართველო პირველ ადგილზეა 10 საუკეთესო რეფორმატორი ქვეყნის სიაში. ეს ადგილი საქართველომ 2005-2006 წელს ბიზნესის წარმოების გასამარტივებლად გადადგმული ნაბიჯებით დაიმსახურა. კვლევის შედეგების თანახმად, ბიზნესის წარმოებისათვის საჭირო ათი სფეროდან საქართველომ 6-ის რეფორმირება შეძლო და 75 ადგილით წინ გადაინაცვლა 175 ქვეყნის მონაცემებისგან შედგენილ რეიტინგში. როგორ მოიპოვა საქართველომ საუკეთესო რეფორმატორი ქვეყნის წოდება?

2005-2006 წლებში საქართველომ გაამარტივა ლიცენზირებისა და ნებართვების სისტემა. საქართველოში, მაგალითად, მშენებლობის დაწყებისთვის საჭირო ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემისას მოქმედებს ერთი სარკმლის პრინციპი. შედეგად, ნებისმიერი ბიზნესმენისთვის მშენებლობის მარეგულირებელი კანონმდებლობის დაკმაყოფილება ისევე მარტივია, როგორც ჰონგ-კონგში.

გამარტივდა თავად ბიზნესის წარმოებისთვის აუცილებელი რეგისტრაციის პროცედურა. ერთი წელია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დასაფუძნებლად, საწესდებო კაპიტალის სახით, 2000-ის ნაცვლად, მხოლოდ 200 ლარია საჭირო. თავად კომპანიის რეგისტრაცია კი 3 დღის ვადაში ხორციელდება. ამან 55 პროცენტით გაზარდა ახალი კომპანიების რაოდენობა.

ასევე შეიცვალა შრომითი კანონმდებლობაც. ახალი კოდექსის თანახმად, მთელი დატვირთვა სახელშეკრულებო შეთანხმებებზე გადავიდა, რამაც გააიოლა როგორც თანამშრომლის დაქირავების, ასევე გათავისუფლების პროცედურა.


გამარტივდა კრედიტის აღების წესები. შედეგად, 85 პროცენტით მოიმატა კრედიტის გაცემის რაოდენობამ და ასევე გამარტივდა ექსპორტ-იმპორტის წესები. არის სხვა ცვლილებებიც, რომელთა შედეგად, მსოფლიო ბანკმა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ საქართველო მსოფლიოში ნომერ პირველ რეფორმატორ ქვეყნად გამოაცხადა, თუმცა 175 ქვეყნისგან შემდგარ საერთო რეიტინგში ჯერ კიდევ შორია პირველ ადგილამდე.

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] ”შარშანწინ ჩვენ 137-ე ადგილზე ვიყავით, შარშან 112-ზე და წელს უკვე 37-ე ადგილზე ვართ. შედეგად ჩვენ მივიღეთ უცხოელი ინვესტორების საქართველოთი დაინტერესება, რაც უკვე აღარ არის კვლევის შედეგი, ეს რეალობაა.”

განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 11 სექტემბერს მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის წარმოამდგენლებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. ნოღაიდელს სურს, რომ მომავალ წელს საქართველო, ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით, საუკეთესო 25 ქვეყნის სიაში ჩაეწეროს.

იმის ნიმუშად, თუ რა შეიძლება მოჰყვეს წლევანდელ წარმატებასა და სამომავლოდ დაგეგმილ რეფორმებს, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის წარმოამდგენელმა და კვლევის ავტორმა სიმეონ დიანკოვმა სინგაპურის მაგალითი მოიყვანა. იქ, 40 წლის წინ გატარებული რეფორმების შედეგად, ახლა უმუშევრობის ყველაზე დაბალი დონეა:

[სიმეონ დიანკოვის ხმა] ”მთელ მსოფლიოში ასეთი რეფორმების გატარება ასოცირდება უფრო მეტი სამუშაო ადგილების შექმნასთან. კონკრეტულად, საქართველომ გასულ წელს 85 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი შექმნა კერძო სექტორში და ეს არის განხორციელებული რეფორმების შედეგი. რა თქმა უნდა, არის ძალიან მაღალი მოლოდინი საზოგადოების მხრიდან. საქართველოს ამ მთავრობამ ძალიან ბევრი გააკეთა, მაგრამ საზოგადოება კიდევ უფრო მეტს მოითხოვს.”

ჯერჯერობით ნომერ პირველი რეფორმატორი ქვეყნის ხელშესახები სოციალური შედეგი მხოლოდ 85 ათასი სამუშაო ადგილი და 32 პროცენტით გაზრდილი სახელფასო ფონდია კერძო სექტორში. მსოფლიო ბანკის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ უფრო თვალსაჩინო შედეგები მომდევნო წლებში გამოჩნდება.
XS
SM
MD
LG