Accessibility links

logo-print

რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება სამშვიდობო გეგმის გააქტიურებისა და რუსეთის სამშვიდობო ძალებთან დაკავშირებით მიღებულ დადგენილებათა რეალიზაციისთვის


გასულ კვირაში პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა და, მათთან ერთად, პარლამენტის


თავმჯდომარემ გამოთქვეს მოსაზრება, რომ აუცილებელია პარლამენტისა და მთავრობის ამოქმედება სამშვიდობო გეგმის გააქტიურებისა და რუსეთის სამშვიდობო ძალებთან დაკავშირებით მიღებულ დადგენილებათა რეალიზაციისთვის. რა მოხდა მას შემდეგ, რა ნაბიჯები გადაიდგა ან რა ნაბიჯების გადადგმა დაიგეგმა ამ მიმართულებით?

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ რეფერენდუმის დღე დანიშნა. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მოსახლეობამ 12 ნოემბერს კოკოითის მიერ დანიშნულ რეფერენდუმზე უნდა უპასუხოს შეკითხვას: ” თანახმა ხართ თუ არა, რომ შენარჩუნდეს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს, ახლანდელი სტატუსი და რომ ის იყოს აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ?” 12 ნოემბერსვე სამხრეთ ოსეთში ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაც იგეგმება. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების გეგმას თბილისში გამოწვევად აფასებენ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობის გეგმა დაძაბულობის ზრდას, რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციას და სამშვიდობო პროცესის ჩაშლას გამოიწვევს. მაგრამ რა ზომებს მიმართავს საკუთრივ საქართველოს ხელისუფლება სამშვიდობო პროცესის გააქტიურებისთვის? მისი ტაქტიკა ცნობილია. გასულ კვირაში პარლამენტში გაკეთდა განცხადება, რომ მთავრობას უნდა მიეცეს ვადა ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების სამშვიდობო გეგმის გააქტიურებისთვის და, თუ ამ მიმართულებით მუშაობა შედეგს არ გამოიღებს, საქართველოს მთავრობას, ალბათ, საკუთარი ძალით მოუწევს კონფლიქტის ზონიდან მომდინარე საფრთხეების აღკვეთა. ეს გასულ კვირაში პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ითქვა, შემდეგ კი, როგორც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კოტე გაბაშვილი აღნიშნავს:

[კოტე გაბაშვილის ხმა] ”გვქონდა შეხვედრა კონფლიქტების საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან და საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან. დეტალურად გავიარეთ ღონისძიებები, რომლებიც ჩატარდა და უნდა ჩატარდეს. გასატარებელი ღონისძიებები ენერგიულია. ამას გარდა, მათ დავამატეთ რამდენიმე იდეა და გადავწყვიტეთ ჩვენს საელჩოებს მიეცეს შესაბამისი დავალებები მათი რეალიზაციისთვის. ” (სტილი დაცულია)

კოტე გაბაშვილი საელჩოებისთვის მისაცემ მითითებებს და მის მიერ ნახსენებ მომავალში გასატარებელ ენერგიულ ღონისძიებებს არ აკონკრეტებს. განმარტება ზოგადია: საქართველოს ხელისუფლებამ - პარლამენტმაც და მთავრობამაც - უნდა გააცხოველოს მუშაობა იმისათვის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ინფორმირებულ იქნენ კონფლიქტის ზონებში მიმდინარე პროცესების თაობაზე, გააქტიურდეს ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების სამშვიდობო გეგმა და მიღწეულ იქნეს კონფლიქტის ზონებში რუსეთის სამშვიდობო ძალების სხვა ძალებით ჩანაცვლება.

მუშაობა ამ მიმართულებით მიდის და კოტე გაბაშვილიც სწორედ ამ პროცესის შედეგად განიხილავს სქართველოში ევროკავშირის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის წევრთა ვიზიტსაც, რომლის ფარგლებშიც ითქვა, რომ ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების სამშვიდობო გეგმის რეალიზაციის პროცესში, გეგმისა, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერაა შემუშავებული და მოწონებულია ეუთოს მიერ, აუცილებლად უნდა ჩაერთოს რუსეთი. ევროკავშირის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის წევრებს 11 სექტემბერს ჰქონდათ დაგეგმილი ცხინვალში ჩასვლა და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოწესრიგებასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად. უკვე 12 სექტემბერს თბილისში საქართველოსა და ევროკავშირის საპარლამენტო თანამშრომლობის სესია გაიხსნება.
ეჭვგარეშეა, მასზე კონფლიქტების თემაზეც იქნება მსჯელობა.






XS
SM
MD
LG