Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტი: ტერორის წინააღმდეგ ომი არის “ბრძოლა ცივილიზაციისთვის”


ტერორის წინააღმდეგ ომი არის “ბრძოლა ცივილიზაციისთვის” - ეს შეფასება გამოთქვა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა სატელევიზიო მიმართვაში,

რომლითაც გუშინ, 11 სექტემბერს წარდგა თანამემამულეების წინაშე ტერაქტების მე-5 წლისთავთან დაკავშირებით.

ჯორჯ ბუშის მიმართვა მოჰყვა ტრაგიკული თარიღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს, რომელთაგან რამდენიმეს თვით პრეზიდენტიც დაესწრო. საღამო ხანს კი პრეზიდენტმა ტელევიზიით მიმართა ამერიკელებს, ასე შეაფასა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის არსი:
[ჯორჯ ბუშის ხმა] “ამ ბრძოლას ცივილიზაციათა შეჯახებას უწოდებენ. მაგრამ სინამდვილეში ეს არის ბრძოლა ცივილიზაციისათვის. ვიბრძვით ცხოვრების იმ წესის დასაცავად, რომლითაც თავისუფალი ერები ცხოვრობენ. და ვიბრძვით იმისათვის, რომ კარგმა და წესიერმა ადამიანებმა ახლო აღმოსავლეთში შეძლონ თავისუფლებაზე, ტოლერანტობასა და პიროვნულ ღირსებაზე დაფუძნებული საზოგადოებების შექმნა”.

ბუშის სატელევიზიო მიმართვა მისივე კაბინეტიდან (თეთრ სახლში) დაიწყო იმ ტრაგედიის აღწერით, რომელიც ამერიკელებს დაატყდათ 5 წლის წინ. შემდეგ კი საუბარი შეეხო უკვე ტერორის წინააღმდეგ გლობალურ ომს, წამოწყებულს 11 სექტემბრის ტერაქტების მერე.

[ჯორჯ ბუშის ხმა] “ჩვენს წინაშეა მტერი, რომელსაც ჩვენს სახლებში სიკვდილისა და ტანჯვის შემოტანა სურს. ამერიკას ეს ომი არ უნდოდა და ყველა ამერიკელს სურს მისი დამთავრება. მეც მინდა. მაგრამ ომი არ დამთავრებულა - და არც დამთავრდება ჩვენს, ან ექსტრემისტების გამარჯვებამდე. თუ ამ მტრებს ახლა არ დავამარცხებთ, ჩვენს შვილებს დავუტოვებთ ახლო აღმოსავლეთს, რომელიც სავსე იქნება ტერორისტული სახელმწიფოებით და ატომური იარაღით შეიარაღებული რადიკალი დიქტატორებით. ჩვენ ვიმყოფებით ომში, რომელიც განსაზღვრავს მოვლენების განვითარებას ამ ახალ საუკუნეში და მილიონობით ადამიანის ბედს მთელს მსოფლიოში”.

პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ამ მიმართვის კონტექსტში უნდა ითქვას, რომ - როგორც საზოგადოებრივი აზრის არაერთი ბოლო გამოკითხვა აჩვენებს - ამერიკელები ტერორთან ომს არ მიიჩნევენ წარმატებულად და ბევრი - ერაყში ომის წინააღმდეგია. უკმაყოფილებას იწვევს ის გარემოებაც, რომ დღემდე ვერ შეუპყრიათ ოსამა ბინ ლადენი, რომელსაც 11 სექტემბრის ტერაქტების ორგანიზების მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება, მაშინ როცა ომი წამოიწყეს ერაყში, რომლის ყოფილ პრეზიდენტსაც არც მასობრივი განადგურების იარაღი ჰქონია და არც რაიმე კავშირი “ალ-ყაიდასთან”.

ჯორჯ ბუში ამ კრიტიკასაც შეეხო: [ჯორჯ ბუშის ხმა] “ხშირად მეკითხებიან: რა გვინდა ერაყში, თუ სადამ ჰუსეინის ხელი არ ერია 11ი სექტემბრის თავდასხმებშიო. პასუხია ის, რომ სადამ ჰუსეინი აშკარა საფრთხეს წარმოადგენდა. ჩემი ადმინისტრაცია, კონგრესი და გაერო ხედავდა ამ საფრთხეს და 11 სექტემბრის შემდეგ სადამ ჰუსეინის რეჟიმი იმდენად სახიფათო იყო, რომ მსოფლიო მას ვერ შეეგუებოდა”, - ასე განმარტა ბუშმა ერაყში სამხედრო ინტერვენციის მიზეზი. ახლა კი ერაყი, მისივე თქმით, “თავისუფლებასა და ტირანიას” შორის ბრძოლის ეპიცენტრია, რის გამოც დაუშვებელია ამერიკელი ჯარისკაცების გაყვანა.

[ჯორჯ ბუშის ხმა] “ჩვენ არ წავალთ, ვიდრე ბოლომდე არ მივიყვანთ საქმეს. რა შეცდომებიც უნდა იყოს დაშვებული ერაყში, ყველაზე უარესი შეცდომა იქნებოდა ჯარების გამოყვანა, თითქოსდა, ტერორისტებისაგან თავის დასაღწევად. მაგრამ ისინი თავს არ დაგვანებებენ, თან გამოგვყვებიან. ამერიკის უსაფრთხოება იმ ბრძოლის შედეგზეა დამოკიდებული, რომელიც ბაღდადის ქუჩებში მიმდინარეობს”.

ბრძოლამ, რომელსაც სატელევიზიო მიმართვის ამ ნაწილში შეეხო პრეზიდენტი ჯორჯ ბუში, უკვე ბევრი ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწირა. პრეზიდენტმა პირველად დაასახელა ერაყსა და ავღანეთში ანტიტერორისტულ ომში დაღუპულების რიცხვი: ესაა 2999 - მეტია, ვიდრე 11 სექტემბრის ტერაქტების შედეგად დაღუპული ამერიკელების რაოდენობა.

პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის სატელევიზიო მიმართვასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ სულ 8 კვირა რჩება აშშ-ში საყოველთაო არჩევნებამდე. ბუშს ამ გამოსვლით მიეცა შესაძლებლობა, პირდაპირ მიემართა მილიონობით ამომრჩევლისთვის, თუმცა პრეზიდენტის მრჩევლები როგორც ირწმუნებიან, სატელევიზიო მიმართვა სრულიად აპოლიტიკური იყო.
XS
SM
MD
LG