Accessibility links

logo-print

ევროკავშირსა და ირანს შორის გამართული მოლაპარაკება დადებითი შედეგებით დასრულდა


ირანის ატომურ პროგრამასთან დაკავშირებული კრიზისი,

უკვე კარგა ხანია, საერთაშორისო ახალი ამბების ერთ-ერთი მთავარი თემაა. საერთაშორისო თანამეგობრობა ირანს ურანის გამდიდრების პროგრამის შეწყვეტას სთხოვს - ირანი კი ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარს აცხადებს. ორშაბათს ირანისა და ევროკავშირის წარმომადგენლებს შორის ორდღიანი შეხვედრა დასრულდა. მხარეების განცხადებით, შეხვედრამ დადებითი შედეგები მოიტანა.


ირანისთვის გაეროს სანქციების ასარიდებლად კომპრომისის მოძიება - ეს იყო მთავარი მიზანი შეხვედრის, რომელიც 10 და 11 სექტემბერს ქალაქ ვენაში გაიმართა. მოლაპარაკება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა ხავიერ სოლანამ და ირანის ატომური პროგრამის მთავარმა წარმომადგენელმა ალი ლარიჯანიმ აწარმოეს.

შეხვედრის შემდეგ ხავიერ სოლანამ შემდეგი განცხადება გააკეთა:

[სოლანას ხმა] ”მე და ბატონმა ლარიჯანიმ შვიდ საათზე მეტხანს ვიმუშავეთ ერთად. მსურს გაცნობოთ, რომ ეს ნაყოფიერი მუშაობა იყო. რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით არსებულ გაუგებრობას ნათელი მოვფინეთ და გარკვეული წინსვლა გვაქვს. ჩვენი სურვილია მუშაობა კიდევ გაგრძელდეს და ამ მიზნით მომავალ კვირაში კიდევ შევხვდებით. როგორც უკვე განვაცხადე, ეს ღირებული შეხვედრა იყო. ერთად დღე-ნახევარი დავყავით.”



ევროკავშირის მიზანია ირანი დაარწმუნოს შეწყვიტოს ურანის გამდიდრება და ამით თავიდან აიცილოს გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციები. მაგრამ თეირანი აცხადებს, რომ ურანის გამდიდრების შეჩერებას არ აპირებს. ამასთან, თეირანი უარყოფს ბრალდებას, რომ ქვეყნის ბირთვული პროგრამა ატომური ბომბის შექმნას ისახავს მიზნად.

გავრცელებული ცნობებით, ერთ-ერთი საკითხი, რომელიც შეხვედრაზე შაბათს განიხილეს, იყო თეირანის პასუხი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ირანისთვის შეთავაზებულ პაკეტზე. ევროკავშირი, რუსეთი, ჩინეთი და შეერთებული შტატები ირანს ურანის გამდიდრების შეწყვეტის სანაცვლოდ ეკონომიკურ, სავაჭრო და პოლიტიკურ სფეროებში წამახალისებელ ზომებს სთავაზობენ.

ვენაში გამართული შეხვედრის შემდეგ ალი ლარიჯანის დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა იგი ოპტიმისტურად განწყობილი ჩანდა. ორშაბათს, ირანის ტელევიზიით გამოსვლისას, მან შემდეგი განაცხადა:

[ლარიჯანის ხმა] ”ზოგიერთი გაუგებრობის მოგვარება მოხერხდა და არაერთი პრინციპული საკითხი შევათანხმეთ. ეს ნიშნავს, რომ სულ უფრო მეტი და მეტი საკითხის გარშემო ვთანხმდებით. ეს პრობლემის მოგვარებაში ძალიან დაგვეხმარება.”

თუმცა, ამგვარი მოსაზრებების პარალელურად, განცხადებები, რომლებიც ირანში მუდმივად ისმის, ოპტიმისტური პერსპექტივის დასახვის საფუძველს ნაკლებად იძლევა.

როგორც ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა, ამას წინათ განაცხადა, თეირანი ურანის გამდიდრებას კანონიერ უფლებად აღიქვამს და გარე ძალების ზეწოლისადმი დამორჩილებას არ აპირებს:



[აჰმადინეჟადის ხმა] ”ყველამ უნდა გაიგოს, რომ ირანელი ხალხი ზეწოლას და აგრესიას არ დაემორჩილება და არც საკუთარი უფლებების დარღვევას შეურიგდება.”

შეერთებული შტატები ირანისთვის გაეროს სანქციების დაწესების მომხრეა. ვაშინგტონის მოკავშირეები ევროკავშირშიც იზიარებენ ეჭვს, რომ ირანის ბირთვული პროგრამა ატომური ბომბის შექმნას ისახავს მიზნად და არა ელექტროენერგიის ალტერნატიული წყაროს ამუშავებას, როგორც ამას თეირანი აცხადებს.

მაგრამ ირანი მსოფლიოსთვის ნავთობის სიდიდით მეოთხე მიმწოდებელია და მისი სანქციების მეშვეობით იზოლირება გლობალურ ეკონომიკაზე მოახდენს გავლენას. ამის შიშით, ევროკავშირში ბევრი გარკვეული კომპრომისის გამონახვას ცდილობს. მაგალითად, ერთ-ერთ ასეთ კომპრომისად განიხილება ჯერ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ირანისთვის შეთავაზებული წამახალისებელი ზომების ამოქმედება და შემდეგ უკვე ირანისთვის ურანის გამდიდრების პროგრამის შეჩერების მოთხოვნა.

თუმცა ორშაბათს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა განაცხადა, რომ სანამ დასავლეთი ირანთან წამახალისებელი პროგრამის ამუშავებაზე დაიწყებდეს მოლაპარაკებას, თეირანმა თავისი ბირთვული პროგრამა უნდა გააუქმოს. რაისს არაფერი უთქვამს შესაძლებლობაზე, რომ მოლაპარაკება თეირანის მხრივ პროგრამის დროებითი შეწყვეტის პირობებში შედგეს.

პროგრამის დროებით შეჩერების პერსპექტივა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორსა და ირანის ატომური პროგრამის მთავარ წარმომადგენელს შორის გამართული შეხვედრიდან გამოიკვეთა. დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით, დასავლეთის მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ლარიჯანი სოლანას ურანის გამდიდრების პროგრამის ორი თვით შეჩერებას დაჰპირდა. თუმცა ირანის ოფიციალური პირები ამ ცნობას უარყოფენ.

ევროკავშირსა და ირანს შორის მოლაპარაკება ამ კვირაში უნდა გაგრძელდეს. პარალელურად, ირანის ატომური პროგრამის საკითხის განხილვის მიზნით ვენაში გაეროს ატომური უწყება - ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო - გამართავს შეხვედრას.
XS
SM
MD
LG