Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ უყურებენ ევროკავშირის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის წევრები რეფერენდუმისთვის მზადებას ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში


როგორც ცნობილია, 12 ნოემბერს სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ერდროულად საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი ჩატარდება.

ცნობილია რა შეკითხვას უნდა უპასუხონ თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ედუარდ კოკოითის მიერ დანიშნულ რეფერენდუმზე: ”გსურთ თუ არა, რომ სამხრეთ ოსეთმა შეინარჩუნოს დამოუკიდებელი სტატუსი და ის აღიარებულ იქნეს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ?” 12 ნოემბერს დანიშნული რეფერენდუმის მიზანზე კოკოითის საუბარი ჰქონდა ევროპარლამენტის დელეგაციის წევრებთანაც, რომლებიც ცხინვალში 11 სექტემბერს იყვნენ ჩასულები. რა რეაქცია ჰქონდათ ევროპელ სტუმრებს რეფერენდუმთან დაკავშირებით დე ფაქტო პრეზიდენტის განმარტებაზე?

[მარი ანნ ისლერ-ბეგინის ხმა] ”მისი პირველი განცხადება 12 ნოემბერს რეფერენდუმის ჩატარებას შეეხებოდა. მე მას დავუსვი შეკითხვა: რას ნიშნავს რეფერენდუმის ჩატარება მოსახლეობაში, რომლის 80 პროცენტსაც რუსეთის პასპორტები აქვს? რას ნიშნავს ეს სინამდვილეში - ეს სამხრეთ ოსეთის მოსახლეობაა, რომელიც თავის მომავალს განსაზღვრავს, თუ რუსეთის ფედერაციის?”

ეს შეკითხვა ედუარდ კოკოითისთან შეხვედრაზე ევროკავშირი- საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტში ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელს მარი ანნ ისლერ-ბეგინს გაუჩნდა. სწორედ მისი მეთაურობით სტუმრობდა ცხინვალს ევროპარლამენტის დელეგაცია . ”რას ნიშნავს რეფერენდუმის ჩატარება მოსახლეობაში, რომლის უმრავლესობასაც რუსეთის პასპორტები აქვს? ” - კოკოითის პასუხი ამ შეკითხვაზე ჩვენთვის უცნობია, თუმცა ცხადია, რომ შეკითხვა, რომელიც მარტო მარი ანნ ისლერ-ბეგინს არ გასჩენია, ცხინვალში გარკვეულ უხერხულობებს უქმნით. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის კანონმდებლობა უშვებს ორმაგ მოქალაქეობას. მოცემულ ეტაპზე ცხინვალში აქტიურად მუშაობენ მოსახლეობაში სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პასპორტების გავრცელებაზე, იურიდიული კაზუსების თავიდან აცილების მიზნით.

მაინც, რისთვის გადაწყვიტეს ცხინვალში რეფერენდუმის ჩატარება და რას ნიშნავს რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება სინამდვილეში? დავუბრუნდეთ ისევ ევროპარლამენტის დელეგაციის წარმომადგენლის შეკითხვას: რა უნდა განსაზღვროს ამ რეფერენდუმით რუსეთის პასპორტების მქონე მოსახლეობამ? ცნობილია ედუარდ კოკოითის მოთხოვნა სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკისთვის რუსეთის ფედერაციის ასოცირებული წევრის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვართ და ვიქნებით რუსეთთან- არაერთხელ უთქვამს მას. ცხინვალში მოფიქრებულმა სარეფერენდუმო შეკითხვამ შეკითხვები გააჩინა რუსეთში. რუსეთის პრესა არკვევს, რატომ მოერიდა კოკოითი სარეფერენდუმო შეკითხვაში რუსეთის ხსენებას. ახსნა ორგვარია: პირველი -კოკოითი თბილისის ზედმეტ გაღიზიანებას მოერიდა, მეორე- თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ოსების ნაწილს აღიზიანებს სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთებაზე ლაპარაკი. ასეა თუ ისე, ედუარდ კოკოითის სურს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მოსახლეობამ საერთაშორისო საზოგადოებას კიდევ ერთხელ აუხსნას, რომ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას უჭერს მხარს. 12 ნოემბერს დანიშნულ რეფერენდუმს და მასთან ერთად ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებს დააკვირდებიან რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატები, თუმცა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის მხარდასაჭერი რეფერენდუმის დანიშვნა თბილისში სამშვიდობო პროცესის ჩაშლის მცდელობად მიაჩნიათ. რატომ არ შეინიშნება პროგრესი სამშვიდობო გეგმის რეალიზაციაში - ეს იყო ცხინვალში ედუარდ კოკოითისთან ევროპარლამენტის დელეგაციის წევრების შეხვედრის მთავარი თემა.

[მარი ანნ ისლერ-ბეგინის ხმა ] ” ჩვენ არ გვინდა ძალადობის ესკალაცია. ევროპარლამენტი და ევროკავშირი, ზოგადად, არასდროს დაუჭერს მხარს გაყინული კონფლიქტებისა და, კონკრეტულად, ქართულ-ოსური კონფლიქტის სამხედრო გზით გადაჭრას. ეს არის ჩვენი პოზიცია. კოკოითისთან უამრავი შეკითხვა გვქონდა იმის თაობაზე, თუ რატომ არ შეინიშნება პროგრესი არსებული სამშვიდობო გეგმის რეალიზაციაში. ”

აღნიშნა ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტში ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა მარი ანნ ისლერ-ბეგინმა ცხინვალში სტუმრობის შემდეგ რადიო “თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში. ინტერვიუს მასთან რადიო “თავისუფლება” ხუთშაბათს შემოგთავაზებთ.
დასასრულს კი შევნიშნავთ, რომ ევროპარლამენტის დელეგაციის შემდეგ ცხინვალს 12 სექტემბერს საქართველოს ეუთოს მისიის ხელმძღვანელი და მასთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ელჩები სტუმრობდნენ.
XS
SM
MD
LG