Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხორციელდება თუ არა ძალადობა ოპოზიციის კანდიდატებზე წინასაარჩევნო პროცესში


საქართველოში ადგილობრივი არჩევნების მოახლოებასთან ერთად სულ უფრო ცხარდება პოლიტიკური ბრძოლა მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის.



ამის დასტურად გამოდგება სასამართლო პროცესები თუ გახშირებული პრესკონფერენციები, რომელზეც ოპოზიცია საარჩევნო კანონის დარღვევებში მმართველი პოლიტიკური ძალის, ”ნაციონალური მოძრაობის”, დადანაშაულებას ცდილობს. როგორც ჩანს, გულხელდაკრეფილი არც ხელისუფლებაა.

12 სექტემბერს რესპუბლიკელებისა და კონსერვატორების საარჩევნო ბლოკის კოორდინატორის გოგი ოძელის დაკავება - მოგვიანებით კი გათავისუფლება - მისმა თანაპარტიელებმა ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ზეწოლის მცდელობად შეაფასეს. 13 სექტემბერს კი ამავე საარჩევნო ბლოკის ლიდერებმა - თინათინ ხიდაშელმა, კობა დავითაშვილმა და დავით ბერძენიშვილმა -ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის კანდიდატებსა და ამომრჩეველზე ზეწოლისა და ძალადობის სხვა ფაქტებიც გამოაქვეყნეს. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევა თელავის რაიონის გამგებელი გოჩა მამაცაშვილი:

[თინათინ ხიდაშელის ხმა] ”ყველა გამგეობაში, ყველა საკრებულოში ახორციელებს ის ზეწოლას ჩვენს აქტივისტებზე, მაგრამ, რაც ყველაზე უფრო თვალშისაცემია, ჩვენს კანდიდატებზე. მაგალითად, სოფელ ხოდაშენში სოფლის გამგებელი ჯემალ ღუდუბიძე ზეწოლას ახდენს ჩვენს კანდიდატ ბესო ბოჭორიშვილზე. ეს მუქარა მიმდინარეობს დღისით, ღამით მათი ოჯახის წევრებზე და ემუქრებიან, რომ გაათავისუფლებენ სამსახურიდან, თუ ბატონი ბესო არ მოხსნის თავის კანდიდატურას.”(სტილი დაცულია)

თინათინ ხიდაშელმა სხვა ფაქტებიც გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მუქარა და ზეწოლა თელავის რაიონის გამგებლის გოჩა მამაცაშვილის სახელით ხორციელდება. მე შევეცადე გოჩა მამაცაშვილს დავკავშირებოდი, თუმცა მან რთვლის გამო სატელეფონო ინტერვიუსთვის ვერ მოიცალა. მის მაგივრად კომენტარზე “ნაციონალური მოძრაობის” თელავის რაიონული ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი იმედა კევლიშვილი დაგვთანხმდა:

[იმედა კევლიშვილის ხმა] ”მათი განცხადება არის სრულებით უსაფუძვლო. ჩვენ არც კი ვიცოდით მათ თუ ჰყავდათ გუნდი, რომელიც მიიღებდა არჩევნებში მონაწილეობას. როგორც ჩანს, ვინმეს უნდა დატოვება ან ტოვებს უკვე და მაგიტომ აკეთებენ ასეთ განცხადებას, იმიტომ რომ იციან, მათ არჩევნები პირწმინდად აქვთ წაგებული.”

იმის გასარკვევად, მართლაც ჰქონდა თუ არა ადგილი ზეწოლას ოპოზიციის კანდიდატებზე ან მათი ოჯახის წევრებზე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დავუკავშირდი. კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრე ღონღაძემ ჩემთან საუბარში განაცხადა, რომ მათთვის ჯერჯერობით არავის მიუმართავს:

[ალექსანდრე ღონღაძის ხმა] ”ზეწოლის ფაქტები მეც მოვისმინე ტელევიზიით, მაგრამ რეალური ფაქტები ეს არ არის, ჩემი აზრით.”

სხვა ფაქტებს შორის არის კანდიდატებზე ზეწოლის შემთხვევები თელავის რაიონის სოფლებში: იყალთოში, კისისხევში, ვარდისუბანში, კურდღელაურსა და ყარაჯალაში. ასეთივე ფაქტებია ოზურგეთში, სადაც, თინათინ ხიდაშელის განცხადებით, მის მომხრეებზე ზეწოლას პარლამენტარი კოტე ბერიძე ეწევა. ანალოგიურად ზეწოლას აქვს ადგილი კასპში, გორში, ამბროლაურსა და სხვა რაიონებში:

[თინათინ ხიდაშელის ხმა] ”ეს არ არის მხოლოდ სიტყვიერად ნათქვამი ზეწოლა. ეს არის სახლებში მივარდნით, ეს არის ამ სოფლების მოსახლეობის ოჯახებში მივარდნით განხორციელებული ზეწოლა, როდესაც ემუქრებიან, ერთი მხრივ, კანდიდატებს, მეორე მხრივ, მოსახლეობას, რომ, არანაციონალი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, მათი სოფლისთვის ყველანაირი პერსპექტივა დამთავრდება.”(სტილი დაცულია)

ასეთი მუქარისა და ზეწოლის დოკუმენტურად დასაბუთებული ფაქტები პროკურატურას გადაეგზავნა, რომელმაც, კანონის მიხედვით, სისხლის სამართლის საქმე უნდა აღძრას.
XS
SM
MD
LG