Accessibility links

logo-print

საპატიმროში გარდაიცვალა “რადიო თავისუფლების” თურქმენული სამსახურის კორესპონდენტი


დღეს თურქმენეთიდან შეგვატყობინეს, რომ ციხეში, 59 წლის ასაკში გარდაიცვალა “რადიო თავისუფლების" თურქმენული სამსახურის კორესპონდენტი ოგულსაფარ მურადოვა.

უშიშროების სამსახურის თანამშრომელთა თქმით, მურადოვა ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა, მაგრამ უფლებადამცავები და გარდაცვლილის ნათესავები ფიქრობენ, რომ მურადოვა მოკლეს. მას მისჯილი ჰქონდა 6 წლით პატიმრობა. დასავლელი უფლებადამცავები ამ ბრალდებას "შეთითხნილად" მიიჩნევენ.

გარდაცვლილის ნათესავებმა ჩვენს რადიოს ამცნეს, რომ მურადოვას გარდაცვალების ამბავი მათ უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა შეატყობინეს. ერთი მათგანი, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს, ამბობს, რომ ოჯახის წევრები მორგში დაიბარეს და გვამის ამოცნობა სთხოვეს. მოგვიანებით, მორგში ხელმეორედ მისვლის შემდეგ, მათვე, ნახეს, რომ გვამს კისრის არეში ტრავმის კვალი ეტყობოდა, თავზე კი დიდი ჭრილობა ჰქონდა. თურქმენეთის ჰელსინკის კავშირის ფონდი ჟურნალისტის გარდაცვალებას "პოლიტიკური მკვლელობის" კვალიფიკაციას ანიჭებს. მურადოვას დაღუპვის დრო და გარემოებები ცნობილი არ არის. არც ის არის ცნობილი, თუ რომელ ციხეში გარდაიცვალა ის. ნათესავების ნაამბობის თანახმად, მათ უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ პატიმარი თავისი სიკვდილით გარდაიცვალა. ისიც განუმარტავთ, რომ მურადოვას პატიმრობასთან მათ კავშირი არა აქვთ, და რომ ოჯახის წევრებმა სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს უნდა მიმართონ. აი, რას ამბობს თურქმენეთის ჰელსინკის კავშირის ფონდის თავმჯდომარე ტაჯიგულ ბეგმედოვა.

[ტაჯიგულ ბეგმედოვას ხმა] “გასაოცრად ჯანმრთელი ქალი იყო, ჯანმრთელობის არავითარი პრობლემა მას არ ჰქონია. მხოლოდ დაპატიმრების შემდეგ დაიწყო თხოვნა, მიგვეტანა წამლები და სხვა. მაშინ უკვე ვამბობდით, რომ უცნაური იყო, რატომ გაუჩნდა პრობლემები ჯანმრთელ ადამიანს, ახლა კი გაირკვა, რომ მკვდარია, ანუ თუკი ხელისუფლება იტყვის, რომ ეს ჯანმრთელობის გამო მოხდა, ეს სრული სიცრუეა.”

როგორც ტაჯიგულ ბეგმადოვამ გვითხრა, ის ესაუბრა გარდაცვლილის შვილებს, მათი მორგში ყოფნის შემდეგ. ბეგმადოვას თქმით, როცა შვილებმა დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ გვამის გაკვეთა მოითხოვეს, მათ დაემუქრნენ. ნათესავების თქმით, აშშ-ის საელჩოს ორმა წარმომადგენელმა მორგის თანამშრომოლებს გვამის ნახვის ნებართვა სთხოვა, მაგრამ უარი მიიღო. საელჩოს ამ ფაქტზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ოგულსაფარ მურადოვა სხვა უფლებადამცავებთან ერთად დააპატიმრეს ივნისის შუა რიცხვებში. დაკავების მიზეზი თავიდან ცნობილი არ იყო. მოგვიანებით, ერთ-ერთ დაკავებულს ბრალი დასდეს პრეზიდენტ საფარმურად ნიაზოვის მთავრობის დამხობის მიზნით შეთქმულების მოწყობაში. მურადოვა და სხვა სამი პირი იარაღის უკანონო შენახვაში დაადანაშაულეს. უფლებამცავი ჯგუფები ამ ბრალდებას "შეთითხნილად" მიიჩნევენ და მას "სისხლის სამართლის პაროდიას" უწოდებენ.
XS
SM
MD
LG