Accessibility links

logo-print

ეუთოს ''მინსკის ჯგუფის'' მორიგი ძალისმხევა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად


მიმდინარე კვირაში პარიზში გაიმართა შეხვედრა, რომელზეც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაზე იმსჯელეს.

შეხვედრა ორგანიზებული იყო ყარაბაღის პრობლემაზე მომუშავე ეუთოს “მინსკის ჯგუფის” მიერ. ჩვენი რადიოს სომხურმა რედაქციამ პარიზში დაურეკა შეხვედრის ერთ-ერთ მონაწილეს, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვართან ოსკანიანს და მისგან მოისმინა შეფასება, რომ მოლაპარაკება “ძალიან კარგი და ეფექტიანი” იყო.

ოსკანიანს დეტალებზე არ უსაუბრია, თუ არ ჩავთვლით განცხადებას, რომ მოლაპარაკების მთავარი თემა იყო მთიანი ყარაბაღის სამშვიდობო პროცესის გამოცოცხლება. [ოსკანიანის ხმა] “მათ სჯერათ, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია დამატებით პროგრესის მიღწევა წლის ბოლომდე, ან სომხეთში საპარლამენტო არჩევნებამდე მაინც”. საპარლამენტო არჩევნები სომხეთში მომავალი წლის დასაწყისში გაიმართება.

ვართან ოსკანიანმა ჩვენს რადიოს ისიც უთხრა, რომ შუამავლები ცდილობენ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთა შეხვედრის ორგანიზებას. შესაძლებელია, ეს შეხვედრა მიმდინარე თვეში ნიუ იორკში გაიმართოს, გაეროს გენერალურ ანსამბლეის მსვლელობაში. მოგვიანებით კი არც პრეზიდენტების შეხვედრას გამორიცხავენ: სამიტს ბელორუსიაში, რომელიც, სავარაუდოდ, 16 ოქტომბერს უმასპინძლებს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტს.

ოსკანიანი როგორც აღნიშნავს: [ოსკანიანის ხმა] “მხოლოდ მას შემდეგ, რაც მინისტრები შეხვდებიან ერთმანეთს და გაარკვევენ, რა შანსია მოლაპარაკების გასაგრძელებლად და მიაღწევენ შემდგომ პროგრესს, შესაძლებელი იქნება ლაპარაკი პრეზიდენტების შეხვედრაზე”.

სხვათა შორის, წელს უკვე ორჯერ გაიმართა სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრა - თუმცა, მათ ვერც ერთხელ ვერ მიაღწიეს ერთსულოვნებას სამშვიდობო შეთანხების გეგმაზე, რომელსაც მათ შუამავლები სთავაზობენ. ეს გეგმა ითვალისწინებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ეტაპობრივ მოგვარებას, რისი კულმინაციაც რეგიონის სტატუსზე რეფერენდუმი უნდა გახდეს.
XS
SM
MD
LG