Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრესის მიმოხილვა


დღევანდელ პრესაში კვლავ ქვეყნდება პუბლიკაციები, რომლებიც თავდაცვის ეროვნული აკადემიის ყოფილი რექტორის პოლკოვნიკ გიორგი თავდგირიძის პატიმრობას ეხება.



გთავაზობთ ამ და სხვა რამდენიმე პუბლიკაციის მიმოხილვას.

პრესაში გამოჩნდა ინტერვიუები თავდაცვის ეროვნული აკადემიის ყოფილი რექტორის გიორგი თავდგირიძის მეუღლე თინათინ წერეთელთან, რომელიც ირწმუნება, რომ მისი მეუღლის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და რომ საფრთხე ემუქრება მის ოჯახსაც. “რეზონანსთან” საუბარში თავდგირიძის მეუღლე ამბობს, რომ მას მუდმივად უთვალთვალებენ, რის გამოც ბინიდან წასვლაც კი მოუხდა: “ოქრუაშვილის არასწორ საქციელს ჩემი მეუღლე ყოველთვის უკეთებდა კომენტარს. ეს ყველამ იცის. ოქრუაშვილი აშინებს ყველას, გიორგი თავდგირიძის შეშინება კი არ გამოუვიდა. ამ ეჭვების საფუძველს მაძლევს ის, რაც ხდებოდა ჩემი ოჯახის გარშემო - არა მარტო ჩემს ქმარს, მეც მემუქრება საფრთხე. 4 სექტემბერს სახლში ამოვიდა ვიღაც უცნობი პიროვნება, კითხულობდა ვინმე ტაბატაძეს. მისი საქციელი იყო ძალიან დამაეჭვებელი... რამდენიმე წუთში მეზობლები მატყობინებენ, რომ უცხო ადამიანები გვითვალთვალებენ. ამის შემდეგ დავრეკე ნათესავებთან და ვთხოვე მოსულიყვნენ. საღამოს მოვიდა ოჯახის ახლობელი, ჩამოვიყვანე სამი წლის მძინარე ბავშვი და მანქანით წავედით. 100 მეტრიც არ გვქონდა გავლილი, რომ გამოგვეკიდნენ ორი მანქანით. მძღოლმა მოახერხა და მანქანა უკან შეატრიალა”, - უყვება “რეზონანსის” კორესპონდენტს გიორგი თავდგირიძის მეუღლე და დასძენს, რომ მხოლოდ დროის და საზოგადოების მხარდაჭერის იმედი აქვს.

თინათინ წერეთელს “ალიაც” დაუკავშირდა. დაკავებული პოლკოვნიკის მეუღლე მასაც დევნის ვერსიას უყვება. “ალიას” კორესპონდენტი წერს: “მას შემდეგ, რაც ის სამხედრო აკადემიის რექტორად დაინიშნა, მისი გავლენა სააკაშვილის კარზე კვლავ თვალშისაცემი იყო. როგორც “ალიას” უდასტურებენ, სქემა, რომელიც პრეზიდენტის წინ დაიდო მაშინდელი გენშტაბის შეცდომების შესახებ, რასაც მოგვიანებით შტაბის უფროსის, იუკურიძის, მოხსნა მოჰყვა, სწორედ თავდგირიძემ შექმნა. ეს იმას ნიშნავდა, რომ მას ჰქონდა ხედვა, რომელსაც სააკაშვილი იზიარებდა. ეს კი, ალბათ, ოქრუაშვილს თევზის ძვალივით ნამდვილად გაეჩხირებოდა ყელში”, - წერს “ალია”.

“ტოტალური თავდაცვა” – სარეზერვო სამსახური სავალდებულო გახდება” - ამ სათაურით “24 საათი” აქვეყნებს ინტერვიუს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნიკა რურუასთან, რომელსაც მიაჩნია, რომ სავალდებულო სარეზერვო სამსახურის სისტემაზე გადასვლა არსებულ მდგომარეობას ყველაზე კარგად ერგება. “ჩვენ ვფიქრობთ, შემოვიღოთ ორი ან სამი სავალდებულო წვრთნა მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფისთვის და ნებაყოფლობითი – ჯგუფის მიღმა მყოფი ადამიანებისთვის, მაგალითად, ქალებისთვის”, - აცხადებს რურუა და განაგრძობს, - “ინსტრუქტორები იქნებიან მაღალპროფესიონალი სამხედროები, რომლებსაც გავლილი აქვთ თანამედროვე და ეფექტური სკოლა. ასეთები ჩვენს ჯარში უმეტესობაა. საქართველო არის ორიენტირებული ნატოს სტანდარტების შესაბამისი სამხედრო ძალის შექმნაზე და ამ მიმართულებით თავდაცვის სამინისტრო სერიოზულ ნაბიჯებს დგამს უკვე რამდენიმე წელია”, - ამბობს ნიკა რურუა “24 საათთან” ინტერვიუში.

პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია კი “ახალი თაობის” მკითხველს აიმედებს, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიხეილ სააკაშვილის გამოსვლის შემდეგ მსოფლიო საზოგადოებრიობას საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით კითხვა აღარ დარჩება. კორესპონდენტი მალაშხიას შეახსენებს, რომ ორიოდე თვის წინ გაეროში ნინო ბურჯანაძესაც ჰქონდა პრინციპული გამოსვლა, მაგრამ ამით კონფლიქტის ზონებში რუსი მშვიდობისდამცველების ჩანაცვლების საკითხი არ გადაწყვეტილა. მალაშხია პასუხობს: “ახლა ცოტა სხვა სიტუაციაა. 15 ოქტომბერს იწურება გაეროს მისიის მანდატი აფხაზეთში. ამ დროისთვის გაერომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ეს გადაწყვეტილება ამ სტრუქტურის შესაბამისი უნდა იყოს. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ის, რაც საქართველოში ხდება, არ არის მარტო საქართველოს პრობლემა”, - ამბობს პარლამენტარი შოთა მალაშხია, რომელთან ინტერვიუსაც “ახალი თაობა” ბეჭდავს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG