Accessibility links

Human Rights Watch-ი ასკვნის, რომ საქართველოს ციხეებში პატიმართა მდგომარეობა არ შეცვლილა


ციხეებში პატიმრების მდგომარეობა არ შეცვლილა - ასეთია მოკლედ Human Rights Watch-ის დასკვნა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე.

პატიმრების უფლებები ხშირად ირღვევა და მთავრობის მიერ აშენებული ახალი საპყრობილეები ამ პრობლემას ვერ გადაჭრის. ისინი არაადეკვატურად იკვებებიან და ხშირად ჰაერზე გასვლის საშუალებაც კი არა აქვთ, - აცხადებს Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორის მოადგილე რეიჩელ დენბერი და ხელისუფლებას რეკომენდაციებს აძლევს.

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საჯარო დაპირება, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფას და, კერძოდ, საქართველოს საპატიმროების რეფორმას შეეხება, შეიძლება ითქვას, არ სრულდება. ყოველ შემთხვევაში, “ჰუმან რაითს ვოთჩის” წარმომადგენლები საქართველოს საპატიმროებში არსებულ ვითარებას შემაძრწუნებელს უწოდებენ და რევოლუციურ მთავრობას საერთაშორისო სტანდარტების დაცვისაკენ მოუწოდებენ. ოჯახის წევრებთან შეხვედრისა და გასეირნების უფლების შეზღუდვა, პატიმრების შეურაცხყოფა და წამება ის ფაქტებია, რაზეც სასტუმრო “მარიოტში” 14 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორის მოადგილემ რეიჩელ დენბერმა ისაუბრა:

[დენბერის ხმა] ,, მთავრობა აშენებს ახალ საპყრობილეებს, რისთვისაც იღებს საკმაოდ დიდ დაფინანსებას საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. ეს კარგია, რადგან პატიმრებს არ მოუწევთ ისეთ საკნებში ცხოვრება, როგორებშიც ახლა არიან, მაგრამ ახალი შენობებით ვერ გადაწყდება პატიმართა უფლებების დარღვევისა და საერთაშორისო ნორმების დარღვევის პრობლემა. მოდით, რამდენიმე შეზღუდვაზე ვისაუბროთ: ერთი გახლავთ ვარჯიშის შეზღუდვა. შეიძლება ტრივიალურად ჟღერდეს, რომ პატიმრებს არ ეძლევათ ყოველდღიურად ერთი საათით გავარჯიშების საშუალება, მაგრამ როდესაც ზიხარ საკანში და ვერ მოძრაობ, ეს ერთი საათი ბევრს ნიშნავს. ამას გარდა, ეს არის იმპერატიული საერთაშორისო სტანდარტი-მოთხოვნა. აღმოვაჩინეთ, რომ შეზღუდვა ხორციელდება არამხოლოდ იმის გამო, რომ საკნები გადატვირთულია. მე-7 საპყრობილეში, მაგალითად, ერთსაათიანი ვარჯიშის უფლება კვირებისა და თვეების მანძილზე არ ეძლეოდათ პატიმრებს.”

რეიჩელ დენბერი იმასაც აცხადებს, რომ ნულოვანი ტოლერანტობა არა მხოლოდ ორგანიზებული დანაშაულის, არამედ პატიმრების შეურაცხყოფისა დ წამების მიმართაც უნდა გამოაცხადოს ხელისუფლებამ. დენბერი იმასაც ამატებს, რომ მთავრობა მათ შეფასებებს ხშირად არასწორ ინტერპრეტაციას აძლევს. პრესკონფერენციას პატიმართა ახლობლებიც ესწრებოდნენ. ერთ-ერთი პატიმრის დედა, რომელმაც ვინაობა შვილზე შემდგომი ზეწოლის შიშით არ გაამხილა, ციხეში არსებულ მდგომარეობას ასე აღწერს:

[პატიმრის დედა] ,,ისეთი პატიმრებიც არიან, რომელთაც 2-3 წლის განმავლობაში შენიშვნაც კი არა აქვთ საქმეში და მოსამართლე, უბრალოდ, გებოდიშება - რა ვქნა მეო, გეუბნება. რაც შეეხება პირობებს, კვება არის ამაზრზენი. კარგით, ბატონო, აჭმევენ თვითონ, მაშინ აჭამონ ისე, როგორც წესი და რიგია. მაგალითად, წიწიბურა მოპნეულია წყალზე ზემოდან, არანაირი მწვანილი, არანაირი ცხიმი. 2 თვეა გვპირდებიან დაჭრილ ყველს მივიღებთო, მაგრამ არ ღებულობენ. პრაქტიკულად მშივრები არიან. გასეირნება, როგორც ასეთი, არ არსებობს - თუ არის, 10 წუთი... ისეთი სიტუაციაა, რომ ეს ყველაფერი ემსახურება ადამიანების ფიზიკურ განადგურებას.”(სტილი დაცულია)

თუ რეიჩელ დენბერი ციხეში არსებულ მდგომარეობაზე აცხადებს, რომ ვითარება არ შეცვლილა, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის” უფრო რადიკალურად აფასებს ვითარებას. ნანა კაკაბაძე მიიჩნევს, რომ პენიტენციურ სისტემაში მდგომარეობა ძალიან გაუარესდა:

[ნანა კაკაბაძის ხმა] ,,მდგომარეობა არის საგანგაშო და საგანგაშო მდგომარეობამ ასახვა პოვა ამ მოხსენებაში. მაგრამ მე ვიტყოდი, რომ მაინც აკლია ის რეალობა, რომელიც დღეს პენიტენციურ სისტემაში არის, იმიტომ რომ შეიცვალა საქართველოს ციხეებში მდგომარეობა და შეიცვალა უარესობისკენ, თუნდაც მოპყრობა, ადმინისტრაციის მოპყრობა პატიმრებისადმი - წამებები მხოლოდ და მხოლოდ წინასწარი დაკავების საკნებისთვის იყო დამახასიათებელი და შეცვლა გამოიხატა იმაში, რომ, გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების საკნებისა, პატიმრებს დღეს აწამებენ პენიტენციურ სისტემაშიც.”(სტილი დაცულია)

რეიჩელ დენბერი 27 მარტს თბილისის მე-5 საპყრობილეში მომხდარი არეულობის ფაქტსაც იხსენებს და აცხადებს, რომ მთავრობას ამ საქმის გამოძიების სურვილიც არ ჰქონია. პროკურატურას კი გადაწყვეტილება წინასწარ აქვს მიღებული. დენბერის განცხადებით, მათი 9 გვერდიანი ანგარიშიდან ხელისუფლებამ არც ერთი რეკომენდაცია არ გაითვალისწინა.
XS
SM
MD
LG