Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველმა ბიზნესმენებმა საგადასახადო კოდექსის ახალი ცვლილებები მოამზადეს


დიდი დრო არ გასულა, დაახლოებით ორი წელია, რაც საქართველოში ახალი საგადასახადო კოდექსი ამოქმედდა. მიუხედავად დაბალი საგადასახადო განაკვეთებისა,

რომელიც ახალმა საგადასახადო კანონმდებლობამ დაამკვიდრა, პრეტენზიები მის მიმართ მეწარმეებსა თუ ექსპერტებს მაინც გაუჩნდათ. ბიზნესმენთა დიდი ძალისხმევის მიუხედავად, საგადასახადო კოდექსის რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება დღემდე არ განხორციელებულა. ახლა საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაცია ცდილობს მთავრობა საგადასახადო კოდექსის გადახალისების საჭიროებაში დაარწმუნოს. მინდა გესაუბროთ იმის ესახებ, თუ რა ცვლილებები მოამზადა ქართველ ბიზნესმენთა გაერთიანებამ.

მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ანგარიშში, რომელშიც საქართველო ნომერ პირველ რეფორმატორ ქვეყნადაა გამოცხადებული, ახალი საგადასახადო კანონმდებლობა შეფასებულია როგორც დადებითი რეფორმა. იქვე აღნიშნულია, რომ მიუხედავად გადასახადების შემცირებისა, საქართველოში წელიწადში მინიმუმ 53 დღე მაინცაა საჭირო საგადასახადო ადმინისტრაციასთან ურთიერთობების მოსაგვარებლად. ამ სფეროში საქართველო 175 ქვეყნისგან შემდგარ რეიტინგში მხოლოდ 104-ე ადგილს იკავებს.

[ნუგზარ ქავთარაძის ხმა] ”...როგორც თქვენთვის ცნობილია, მოქმედი საგადასახადო კოდექსის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაკლს ინსტრუქციების სავალდებულობა წარმოადგენს. რეკომენდაციას ვიძლევით, რომ...”

ეს არის ნუგზარ ქავთარაძე, საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის ექსპერტი. მისი ხელმძღვანელობით მომზადებული რეკომენდაციები, რომელთა პრეზენტაცია 14 სექტემბერს გაიმართა, საგადასახადო კოდექსის თითქმის 60 პროცენტის შესწორებას ეხება. რა ხასიათისაა ეს შესწორებები, ბიზნესმენთა ფედერაციის აღმასრულებელი მდივნის, გიორგი ისაკაძის, კომენტარიდან შეიტყობთ:

[გიორგი ისაკაძის ხმა] ”აქ არის 60-დან 70 პროცენტამდე, დაწყებული რედაქციულიდან, დამთავრებული...”

ცვლილებების მიზანი, გადასახადის გადამხდელთა ტვირთის შემსუბუქების გარდა, საგადასახადო ადმინისტრაციისათვის მუშაობის გამარტივებაცაა.

პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა ჯერ კიდევ 1 წლის წინ სცადა კოდექსის შესწორებათა მომზადება, მაგრამ მუშაობა აღარ გაგრძელებულა და მალევე შეწყდა. ამის მიზეზებზე საუბრისგან თავს იკავებენ, არაოფიციალური ინფორმაციით კი, საკანონმდებლო ცვლილებები მთავრობის პოზიციის გამო არ შედგა. საქმე ისაა, რომ საგადასახადო სამსახური გადასახადების ადმინისტრირების წესებისა და ვადების შეცვლას მტკივნეულად ეკიდება. ეს ჩანს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის ზაზა ქობულაშვილის განცხადებიდანაც, რომელიც მან კოდექსის ცვლილებათა პროექტის პრეზენტაციისას გააკეთა:

[ზაზა ქობულაშვილის ხმა] ”იქ არსებითი არის საგადასახადო ადმინისტრაციის მოწყობისთვის ვადებში მკაცრი შეზღუდვები. რეგლამენტირებას მივესალმებით, მაგრამ დროში ასეთ მკაცრ შეზღუდვებს... თუკი მიღებული იქნა ასეთი ცვლილებები, დროის გაზრდას მოვითხოვთ...”

ამ და სხვა მოსაზრებებზე მსჯელობა და კამათი მოგვიანებით გაიმართება, თუ, რა თქმა უნდა, ბიზნესმენთა ფედერაციაში მომზადებული კანონპროექტი საპარლამენტო განხილვის საგნად იქცა. მანამდე მას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს წარუდგენენ და პარლამენტთან არსებულ ბიზნესსაბჭოზე განიხილავენ. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ცვლილება, რაც ბიზნესმენთა ფედერაციაში მომზადებულ კანონპროექტს მოქმედი კოდექსისგან განასხვავებს, საგადასახადო დავების გადაწყვეტის მექანიზმია. ბიზნესმენთა ფედერაციის ვარიანტი არბიტრაჟის შემოღებას ითვალისწინებს. არადა, არბიტრაჟის მექანიზმს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ ჯერ კიდევ ახალი საგადასახადო კოდექსის მიღებისას.
XS
SM
MD
LG