Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უფლებათდამცველი ჯგუფები რადიო “თავისუფლების “ ჟურნალისტის სიკვდილის გამოძიებას ითხოვენ


მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებები მოიარა თურქმენეთის ციხეში რადიო “თავისუფლების” თურქმენული სამსახურის

კორესპონდენტის ოგულსაფარ მურადოვას დაღუპვის ცნობამ. უშიშროების სამსახურის ოფიციალური ვერსია მურადოვას ბუნებრივი სიკვდილით გარდაცვალებაზე არადამაჯერებლად ეჩვენებათ უფლებათდამცველებს, რომლებიც ვარაუდობენ, რომ ჟურნალისტი ძალადობის მსხვერპლი გახდა, და საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის გზით ცდილობენ აიძულონ აშხაბადი, დაიწყოს ფაქტის გამოძიება.



საერთაშორისო უფლებათდამცველი ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” შოკირებულია მურადოვას დაღუპვის ცნობით. 14 სექტემბერს ორგანიზაციის 30 აქტივისტმა საპროტესტო აქცია გამართა პარიზში, თურქმენეთის საელჩოსთან. პარალელურად მათ მიმართეს ევროკავშირს, შეერთებულ შტატებსა და რუსეთს, რათა თურქმენეთის მთავრობას ჟურნალისტის გარდაცვალების გარემოებების განმარტება მოსთხოვონ.

[ელსა ვიდალის ხმა]“ჩვენ თურქმენეთის საელჩოს წინ დემონსტრაციის მოწყობა მხოლოდ იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ ეს მკვლელობა არ დარჩეს დაუსჯელი. ჩვენ ვერ ვიქნებით გაჩუმებული.”

განაცხადა რადიო “თავისუფლებასთან” საუბარში დემონსტრაციის მონაწილე რეპორტიორმა ელსა ვიდალმა.
მურადოვას შვილებს გუშინ, როგორც იქნა, უფლება დართეს ენახათ მშობლის ცხედარი. როგორც მათ თურქმენეთის ადამიანის უფლებათა დაცვის ჰელსინკის ორგანიზაციის წევრებს უთხრეს, მურადოვას შუბლზე დიდი ნაიარევი ეტყობა. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელ ქალს, ტაჯიგულ ბეგმედოვას, ეჭვი არ ეპარება, რომ მურადოვა მოკლეს:

[ტაჯიგულ ბეგმედოვას ხმა]“ჩვენ პირისპირ შევეჯახეთ რადიო “თავისუფლების” ჟურნალისტისა და ყოფილი უფლებათდამცველის ოგულსაფარ მურადოვას ნამდვილ პოლიტიკურ მკვლელობას. ყველა საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ეს იყო ძალადობრივი სიკვდილი, რაც წამებამ და შეურაცხყოფამ გამოიწვია.”

ეუთომ 14 სექტემბერს მოუწოდა თურქმენეთის ხელისუფლებას, რომ ნათელი მოჰფინოს ჟურნალისტის გარდაცვალების ფაქტს. ეუთოში მედიის თავისუფლებაზე პასუხისმგებელმა მოხელემ მიკლოშ ჰარაჟტიმ განაცხადა, რომ იგი შოკირებულია ჟურნალისტის სიკვდილით:

[მიკლოშ ჰარაჟტის ხმა]“დღეს, ხუთშაბათს, დავუკავშირდი თურქმენეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს და ვთხოვე, რომ სიკვდილის გამოძიება ტრანსპარენტულად წარიმართოს და ხელმისაწვდომი იყოს ყველა ინფორმაცია, რაც მურადოვას გარდაცვალებას უკავშირდება.”

რადიო “თავისუფლების” თურქმენული სამსახურის ჟურნალისტი ოგულსაფარ მურადოვა, რამდენიმე უფლებათდამცველი აქტივისტი და მისი სამი მოზრდილი შვილი თურქმენეთის სამართალდამცველებმა ივნისის შუა რიცხვებში დააკავეს. შვილები მოგვიანებით გაათავისუფლეს. მურადოვას და მის მეგობრებს კი ბრალად წაუყენეს საბრძოლო მასალების უკანონო შენახვა, რაც, უფლებათდამცველთა შეფასებით, გამოძიების მიერ იყო შეთითხნილი.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG