Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სეპარატისტული დნესტრისპირეთი რეფერენდუმისთვის ემზადება


სეპარატისტული ცხინვალის ხელისუფლება აცხადებს, რომ დამოუკიდებლობის საკითხს 12 ნოემბრის რეფერენდუმზე გაიტანს. თუმცა

სეპარატისტული ცხინვალი ერთადერთი არ არის, ვინც დამოუკიდებლობაზე რეფერენდუმის გამართვას ცდილობს. 17 სექტემბერს რეფერენდუმი მოლდოვეთის სეპარატისტული დნესტრისპირეთის რეგიონშიც ტარდება. წინასწარ არის ცნობილი, რომ რეფერენდუმს არც მოლდოვეთის ხელისუფლება და არც საერთაშორისო საზოგადოება მხარს არ უჭერს.

დნესტრისპირეთის მოსახლეობას დამოუკიდებლობის რეფერენდუმზე უკვე მეორედ უწევს საკუთარი აზრის გამოხატვა. 1991 წელს ჩატარებული რეფერენდუმის დროს თვითაღიარებულმა დნესტრის რესპუბლიკამ მოლდოვეთისაგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ამ ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება ცენტრსა და დაუმორჩილებელ რეგიონს შორის 1992 წლის გაზაფხულზე საომარ მოქმედებაში გადაიზარდა. ბრძოლაში 1000-მდე ადამიანი დაიღუპა. მას შემდეგ დნესტრისპირეთის დამოუკიდებლობა არც ერთ ქვეყანას არ უღიარებია. საერთაშორისო საზოგადოება 17 სექტემბერს დანიშნულ არჩევნებსაც უკანონოდ მიიჩნევს და მოუწოდებს ტირასპოლს, განაახლოს კიშინიოვთან სამშვიდობო მოლაპარაკებები, რომელიც ნახევარი წელია შეწყვეტილია. აი, რა განაცხადა ამ რეფერენდუმთან დაკავშირებით მოლდოვეთში ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა ლუის ო ნეილმა:

[ლუის ო ნეილის ხმა]“ეუთო არ აღიარებს ამ რეფერენდუმს და ჩვენ განზრახული არ გვაქვს მხარი დავუჭიროთ ან დავაკვირდეთ ცალმხრივ ქმედებებს, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მოლდოვეთის რესპუპლიკის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მით უფრო, თუ მხედველობაში მივიღებთ რეფერენდუმზე გამოტანილი კითხვების შინაარსს, რომელიც არა ორი, არამედ, სინამდვილეში, ოთხი შეკითხვისაგან შედგება და რომელიც თავის თავში სასურველ პასუხსაც გულისხმობს.”


17 სექტემბრის რეფერენდუმზე დნესტრისპირეთის რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს, რომელთა დიდი ნაწილი რუსულ პასპორტს ატარებს, შემდეგ შეკითხვებზე მოუწევთ პასუხის გაცემა: “”მხარს უჭერთ თუ არა დნესტრის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის კურსს და რუსეთის ფედერაციაში თავისუფალი გამორკვევის უფლებით შესვლას?” და “შესაძლებლად მიგაჩნიათ თუ არა, რომ დნესტრის რესპუბლიკამ უარი თქვას დამოუკიდებლობაზე და შეუერთდეს მოლდოვეთს?” თანაც, საკმარისია მხოლოდ 50 პროცენტზე ერთით მეტი მომხრე, რომ საკითხი გადაწყვეტილად ჩაითვალოს. თუმცა ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა კომისიის თავმჯდომარის ბენიტა ფერერო-ვალდნერის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ემა უდვინმა განაცხადა, რომ რეფერენდუმი დნესტრისპირეთში ვერ შეცვლის სტატუს-კვოს:

[ემა უდვინის ხმა]“ჩვენ არ ვაღიარებთ დნესტრისპირეთს, როგორც სახელმწიფოს, ჩვენ არ ვაღიარებთ დნესტრისპირეთის დამოუკიდებლობას და არ არსებობს ქვეყანა, რომელიც აღიარებდა ამას. რეფერენდუმი, რომელიც ტარდება, ვერაფერს შეცვლის ამ ქვეყნის რომელიმე ნაწილის ცხოვრებაში. მას არ ცნობს ევროკავშირი, დარწმუნებული ვართ, არ ცნობს ეუთო და, აქედან გამომდინარე, მას არანაირი საერთაშორისო ღირებულება არ ექნება.”

ანალოგიური დამოკიდებულება აქვს დნესტრისპირეთის რეფერენდუმთან მიმართებით შეერთებულ შტატებს. სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში დევიდ კრამერმა რადიო “თავისუფლებას” უთხრა, რომ დნესტრისპირეთი იყო და დარჩება მოლდოვეთის შემადგენელ ნაწილად. ერთადერთი, ვინც მკაფიოდ არ ამბობს, აღიარებს თუ არა დნესტრისპირეთში მოახლოებული რეფენედუმის შედეგებს, რუსეთია. მეტიც, რუსეთის დსთ-ის ქვეყნების ინსტიტუტის დირექტორმა, დუმის დეპუტატმა კონსტანტინ ზატულინმა განაცხადა, რომ რუსეთი, ტრადიცულად, რეფერენდუმების მომხრეა:

[კონსტანტინ ზატულინის ხმა]“რუსეთი სრულიად პრინციპულად სცემს პატივს თვითგამოხატვას ხალხისა და მოსახლეობის ბედის გადაწყვეტაში. რუსეთს, ჩემი აზრით, გარკვეული პირობებით, სავსებით შეუძლია აღიაროს მოლდოვეთის დნესტრისპირეთის დამოუკიდებლობა, მით უფრო, რომ ეს დიდი ხანია მომხდარ ფაქტს წარმოადგენს.“

როცა დნესტრისპირეთის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის მხარდაჭერაზე საუბრობენ, რუსი პოლიტიკოსები ხშირად იშველიებენ ჩერნოგორიის მაგალითს, რომელიც ივნისის რეფერენდუმით სერბიას გამოეყო. თუმცა ემა უდვინი, ევროკავშირის წარმომადგენელი, ანალოგიას სრულიად უადგილოდ მიიჩნევს:

[ემა უდვინის ხმა]“ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ პარალელს დნესტრისპირეთის რეფერენდუმსა და ჩერნოგორიის რეფერენდუმს შორის იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ სერბიასა და ჩერნოგორიას შორის არსებობდა შეთანხმება ამგვარი რეფერენდუმის ჩატარებისა და მისი აღიარების თაობაზე, რაც არ არსებობს დნესტრიპირეთის შემთხვევაში.”

აღსანიშნავია, რომ უფრო მჭახე განცხადება გააკეთა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ტერი დევისმა და განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული მთავრობა "დროსა და ენერგიას" კარგავს
დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმით. მაგრამ ჯერ რიგში, როგორც იტყვიან, სეპარატისტული დნესტრისპირეთია, სადაც ორ დღეში, 17 სექტემბერს, ტარდება რეფერენდუმი, რომლის შედეგებსაც, როგორც ითქვა, აღიარება არ უწერია.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG