Accessibility links

logo-print

გასულ კვირაში თბილისში საქართველოსა და ევროკავშირის


გასულ კვირაში თბილისში საქართველოსა და ევროკავშირის

საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის მერვე შეხვედრის პირველი სესია გაიმართა. 12 სექტემბერს ცნობილი გახდა კომიტეტის მიერ მიღებული განცხადებისა და შემუშავებული რეკომენდაციების შინაარსი, სადაც ხაზგასმულია, რომ 5 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს, ხელი უნდა შეეწყოს თავისუფალი მედიის არსებობას და რომ ქვეყანაში საჭიროა ანტიკორუფციული ღონისძიებების გაგრძელება. საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტი თანხმდება, რომ ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას, ევროპის საბჭოსა და სხვა დონორებს გამოყონ სარეაბილიტაციო თანხა საქართველოს იმ რეგიონებისთვის, საიდანაც რუსეთის სამხედრო ბაზები გავა. საგანგებო ყურადღება ეთმობა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების თემას და რუსეთის როლს ამ საკითხის გადაწყვეტაში:

(დავით ბაქრაძის ხმა) ”რომ აუცილებელია ევროკავშირის უფრო აქტიურად ჩართვა მოლაპარაკებების პროცესში, რომ ამ მიზნით აუცილებელია ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის უფრო აქტიურად მუშაობა და, გარდა ამისა, პოლიტიკური დიალოგის წარმოება რუსეთთან... და კომიტეტი რეკომენდაციას აძლევს ევროკომისიას, რომ თავიანთ პოლიტიკურ დიალოგში რუსეთთან დღის წესრიგში ჩაირთოს საქართველოსა და საქართველოში არსებული პოლიტიკური კონფლიქტების საკითხები.” (სტილი დაცულია)

საკითხი, რომელზეც პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე საუბრობდა, 12 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე კიდევ უფრო დააკონკრეტა ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა მარი ან ისლერ ბეგინმა. მან თქვა, რომ ”ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა მზად არის შუამავლის როლი იკისროს რუსეთთან მოლაპარაკებებში, რათა რუსეთმა პოზიტიური როლი შეასრულოს საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტების მოგვარებაში”. როგორც მარი ან ისლერ ბეგინმა რადიო ”თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ევროკავშირი მოვალეა აიღოს პასუხისმგებლობა გაყინული კონფლიქტების მოგვარებაზე სამხრეთ კავკასიაში და მათ შორის - საქართველოში. მით უმეტეს, რომ ამ კონფლიქტებს დღემდე ახლავს მსხვერპლი და შეიძლება ითქვას, რომ ისინი ”არც ისე გაყინულია”. ევროკავშირი არ დაუშვებს კონფლიქტების ძალისმიერ მოგვარებას.

ევროპარლამენტის დელეგაცია 11 სექტემბერს ცხინვალში იმყოფებოდა. როგორც იცით, სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში 12 ნოემბერს რეფერენდუმი ჩატარდება. ერთადერთი კითხვა, რომელსაც მოსახლეობამ უნდა გასცეს პასუხი, ასე ჟღერს: "თანახმა ხართ თუ არა, რომ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკამ შეინარჩუნოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს ამჟამინდელი სტატუსი და აღიარებულ იქნეს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ?". მანამდე კი თვითგამოცხადებულ პრეზიდენტს ედუარდ კოკოითის შეკითხვები ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა მარი ან ისლერ ბეგინმა დაუსვა:

(მარი ან ისლერ ბეგინის ხმა) ”მისი პირველი განცხადება 12 ნოემბერს რეფერენდუმის ჩატარებას შეეხებოდა. მე მას დავუსვი შეკითხვა:რას ნიშნავს რეფერენდუმის ჩატარება მოსახლეობაში, რომლის 80 პროცენტსაც რუსეთის პასპორტები აქვს. რას ნიშნავს ეს სინამდვილეში? ეს სამხრეთ ოსეთის მოსახლეობაა, რომელიც თავის მომავალს განსაზღვრავს, თუ რუსეთის?”.

აქვე ვიტყვი, რომ სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას რეფერენდუმის მოხნისა და დიალოგისკენ მოუწოდებს ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ტერი დევისი.

ოთხმხრივი შერეული საკონტროლო კომისიის სხდომა, რომელიც 15 სექტემბერს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, ცხინვალში, უნდა ჩატარებულიყო, ჩაიშალა. ოსურმა მხარემ უარი თქვა სხდომაზე დაეშვა სამშვიდობო ძალების ქართული ბატალიონის სარდალი პაატა ბედიანაშვილი. სამაგიეროდ, 17 სექტემბერს გავრცელდა ცნობა, რომ ცხინვალში არაოფიციალური ფორმატით დილიდან მიმდინარეობდა შერეული საკონტროლო კომისიის სხდომა. შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია ქართულ მხარეს.

იმას, რომ დაკარგულ ტერიტორიებს საქართველო აუცილებლად დაიბრუნებს, საქართველოს პრეზიდენტმა 12 ათასი ”პატრიოტის” წინაშე გამოსვლისასაც გაუსვა ხაზი. შაბათს სპორტის სასახლეში “პატრიოტთა” მეორე ეროვნული ფორუმი გაიმართა. 16 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილმა პირობა დადო, რომ მომავალ წელს “პატრიოტთა” ბანაკი კოდორშიც ამოქმედდება:

(მიხეილ სააკაშვილის ხმა) ”სანატორიუმში, რომელსაც ერქვა ”მთის ხეობა”, მომავალი წლის ზაფხულში, როცა იქ დასრულდება დიდი გზა, აფხაზეთში შემოსავლელი დიდი გზა, რომლის მშენებლობა უკვე დაიწყო, მომავალი წლის 1 ივნისს გაიხსნება პირველი 1000-კაციანი ბანაკი ულამაზეს ზემო აფხაზეთში, ჩვენს აფხაზეთში (ისმის ტაში და შეძახილები)”. (სტილი დაცულია)

ვიდრე იმ ციებ-ცხელებაზე მოგითხრობდეთ, რომელიც თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება, გეტყვით კიდევ ერთი დელეგაციის შესახებ, რომელსაც საქართველო გასულ კვირაში მასპინძლობდა. დელეგაცია ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყნიდან, კუვეიტიდან, ჩამობრძანდა და მას პრემიერ-მინისტრი შეიხი ნასერ მოჰამედ აჰმედ საბახი ხელმძღვანელობდა:

(ნასერ მოჰამედ აჰმედ საბახის ხმა) ”მე არ ვიქნები ძალიან დიპლომატიური და გულწრფელად გეტყვით, რომ საქართველოში რაც თვალში მომხვდა, არის ის, რომ ყველა იღიმება. ეს ღიმილი მოწმობს, თუ როგორი კეთილდღეობა ელის ამ ხალხს.” (სტილი დაცულია)

კეთილდღეობისკენ მიმავალ გზაზე შეიხი ნასერ მოჰამედ აჰმედ საბახი საქართველოს თანადგომასა და დახმარებას ჰპირდება. დახმარება სწორედ გზების კეთილმოწყობით დაიწყება:

(ზურაბ ნოღაიდელის ხმა) ”პროექტი არის დაახლოებით 17 მილიონი ამერიკული დოლარი. მომავალი წლისთვის, 2007 წელს, ეს ითვალისწინებს თბილისის გზების საკმაოდ ბევრი მონაკვეთის რეაბილიტაციას. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას კუვეიტის ფონდთან აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ ავტომაგისტრალის მშენებლობაზე.” (სტილი დაცულია)

საქართველოს პრემიერ-მინისტრი კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნავდა, რომ კუვეიტი ასევე მზად არის იზრუნოს საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებაზე სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებთან.

ვიდრე ეს მოხდებოდეს, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები უნდა ჩატარდეს. 11 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა გლდანში, ე.წ. "დისნეი-ლენდის" გახსნის პარალელურად, გახსნილად გამოაცხადა წინასაარჩევნო კამპანიაც. გლდანში მიხეილ სააკაშვილს, სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, გვერდს ქალაქის მერი გიგი უგულავა უმშვენებდა. "ვინ უნდა აირჩიოთ, თუ არა ეს კაცი," - მიანიშნა პრეზიდენტმა ქალაქის მერზე. თუმცა თბილისელებს უშუალოდ უგულავას არჩევის შესაძლებლობა არ მიეცემათ. საქმე ის არის, რომ ის კენჭს მაჟორიტარული წესით აღარ იყრის და არჩევნებზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის პირველ ნომრად წარდგება. ამგვარ გადაწყვეტილებას ოპოზიციის მწვავე რეაქცია მოჰყვა:

(კობა დავითაშვილის ხმა) ”თბილისს ჰყავს მხდალი და მშიშარა მერი, რომელსაც შეეშინდა კენჭი ეყარა რომელიმე უბანში, რადგან არც ერთი უბნის მხარდაჭერის იმედი არა აქვს. სპეციალურად მისთვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, კანონის დარღვევით, მიიღო დადგენილება, რომლითაც საშუალება მისცა ადამიანს, რომელიც არც ერთ ოლქში არ იყრის კენჭს, კენჭი იყაროს ეგრეთ წოდებული საკომპენსაციო სიით, რაც კანონის უხეში დარღვევაა.” (სტილი დაცულია)

დარღვევა, რომელზეც რესპუბლიკელებისა და კონსერვატორების გაერთიანების ლიდერი კობა დავითაშვილი საუბრობდა, ბლოკმა ”დავითაშვილი-ხიდაშელი-ბერძენიშვილი” სასამართლოშიც გაასაჩივრა. თუმცა 12 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ თბილისის ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ სარჩელი არ დააკმაყოფილა.

პარალელურად, დარღვევების ერთგვარი პატიება გადაწყვიტა ხელისუფლებამაც. როგორც 13 სექტემბერს სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი არველაძემ განაცხადა, "საქართველოს პრეზიდენტის და მთავრობის პრინციპული პოზიციაა, რომ ყველა კანდიდატს, დარღვევების მიუხედავად, ხელი შეეწყოს - არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, რათა შემდგომ არჩევანი თვითონ ხალხმა გააკეთოს". თუმცა ცხადია, რომ, ზოგადად, არჩევნებიდან კანდიდატის მოხსნა-არმოხსნის საკითხი ხელისუფლების კომპეტენციაში არ შედის და ამგვარი საკითხები მხოლოდ ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადასაწყვეტია.

მეორე დღეს, 14 სექტემბერს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პარტიის რომელიმე წევრის მიერ დაშვებული შეცდომების გამო რეგისტრაციიდან საარჩევნო ბლოკის მთლიანად მოხსნა აუცილებელი არ არის. იმავე დღეს გურამ ჩალაგაშვილმა რეგისტრაციაში გატარებულთა ნუსხა გამოაქვეყნა:

(გურამ ჩალაგაშვილის ხმა) „თოფაძე,მრეწველები“, “საქართველოს ეროვნული იდეოლოგიის პარტია“, „სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზა“, „ნაციონალური მოძრაობა - საქართველოს გამთლიანებისა და აღმშენებლობის სია“, „საქართველოს ლეიბორისტული პარტია - შალვა ნათელაშვილი“, საარჩევნო ბლოკი „დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილი.“ (სტილი დაცულია)

ამ ნუსხაში მოხვედრაზე უარი საკუთარი ნებით თქვა ”მემარჯვენე ოპოზიციამ”, რომელმაც არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა. ეს ინფორმაცია გასული კვირის დასაწყისში გახდა ცნობილი, მას შემდეგ, რაც ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა პარტიის მიერ შეთავაზებულ მერობის კანდიდატობაზე უარი განაცხადა.
XS
SM
MD
LG