Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა


”კახეთში საარჩევნო დაპირისპირება კულმინაციას აღწევს” - ასეთია ”24 საათში” გამოქვეყნებული სტატიის სათაური.

კორესპონდენტი იტყობინება, რომ ”თუკი დღემდე ოპოზიციურ პარტიებს პრეტენზიები სახელისუფლებო ბლოკთან ჰქონდათ, ამჯერად მათი თავდასხმის ობიექტი კოლეგა პარტიებიც ხდებიან. დედოფლისწყაროში ერთმანეთს ლეიბორისტები და კონსერვატორები დაუპირისპირდნენ.” დედოფლისწყაროელმა
ლეიბორისტებმა ბლოკ ”დავითაშვილი-ხიდაშელი-ბერძენიშვილის” წინააღმდეგ საჩივრით რაიონის საოლქო კომისიას მიმართეს. ამის მიზეზი გახდა ლეიბორისტი ნუგზარ შაინიძე, რომელიც, გინდ დაიჯერეთ გინდ არა, ”თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ბლოკ “ხიდაშელი-დავითაშვილი-ბერძენიშვილის” სახელით ცდილობდა. ლეიბორისტებს მიაჩნიათ, რომ ”რაიონის საოლქო კომისია ოპოზიციურ ბლოკთან იყო შეკრული და კომისიის თავმჯდომარე დავით ბუჩუკური ამის გამო კანონდარღვევით ცდილობდა ლეიბორისტების წევრის კონსერვატორების სახელით არჩევნებში მონაწილეობას იმ დროს, როცა რეგისტრაციის პროცესი კანონით დასრულებული იყო.” კონსერვატორების რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ”24 საათის” კორესპონდენტს ერთობ უცნაურ კომენტარს აძლევს. ის ამბობს: ”არ ვიცოდით, რომ ნუგზარ შაინიძე, რომლის გამოც ატყდა ეს ყველაფერი, ლეიბორისტებში იყო.” სტატიაში არაფერია ნათქვამი, თუ რას ფიქრობს ამ აურზაურზე თავად კანდიდატი.

ახალი მემარჯვენე კოკა გუნცაძე ”კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში თავს არიდებს დისკუსიას იმის შესახებ, თუ რამ შეუშალა ხელი ოპოზიციის გაერთიანებას თვითმმართველობის არჩევნებისთვის. თუმცა კვლავაც იმეორებს მრავალგზის ნათქვამს, რომ მის პარტიას არჩევნებისთვის ბოიკოტი არ უნდა გამოეცხადებინა. გუნცაძეს არ ჰგონია, რომ ბადრი პატარკაციშვილის მიერ მერობის კანდიდატობაზე ნათქვამი უარი საკმარისი საფუძველი იყო ახალი მემარჯვენეებისთვის ბოიკოტის გამოსაცხადებლად. ”რადგანაც ოპოზიცია ვერ გაერთიანდა, პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გაინაწილოს და, მათ შორის, ”ახლებმაც”. არადა, საზოგადოების შეკვეთა სწორედ ეს იყო - ოპოზიციის გაერთიანება, რათა ხელისუფლების ერთი ძლიერი პოლიტიკური ალტერნატივა მოძებნილიყო, რომელსაც ხალხი მხარს დაუჭერდა,” - ამბობს კოკა გუნცაძე ”კვირის პალიტრის” კორესპონდენტთან საუბრისას. ის მოელის, რომ არჩევნების დამთავრების შემდეგ ოპოზიციის ის ლიდერები, რომლებიც მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ, დაიწყებენ დისკუსიას თემაზე - რატომ ვერ მოხერხდა გაერთიანება. გაზეთი ამას ”საქმის გარჩევას” არქმევს.

გაზეთ ”მთელი კვირის” ინფორმაციით, უთანხმოება მხოლოდ ოპოზიციურ პარტიებს შორის არ იჩენს თავს. ამ პრობლემამ პარტიების შიგნითაც საკმაოდ კარგად მოიკიდა ფეხი. სხვათა შორის, გაზეთს, კოკა გუნცაძის პარალელურად, მოჰყავს კახა კუკავას მაგალითიც, რომელსაც, თურმე, ძველებურად აღარ სწყალობს კობა დავითაშვილი. სტატიის ავტორი ამბობს, რომ კონსერვატორები უთანხმოების გახმაურებას შეგნებულად ერიდებიან და რომ ვითარების გამწვავებას ერიდება თავად კუკავაც, რომელიც ”პარტიის გენმდივნობიდან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლეს.” გაზეთის ინფორმაციით, ”პარტიის წევრები ცდილობენ, რომ ეს ფაქტი პარტიის შიდა საქმიანობითა და წესდებით ახსნან”. ამ და სხვა მსგავსი პროცესების გათვალისწინებით, სტატიის ავტორი არ გამორიცხავს, რომ ”ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან საპარლამენტო არჩევნებამდე ქართული პოლიტიკური სპექტრი რადიკალურად შეიცვალოს.”

მიმოხილვის დასასრულს კიდევ ერთ პუბლიკაციას შევეხები, რომელიც მოახლოებული არჩევნების თემას არ უკავშირდება. ”დაცულია თუ არა საქართველოს პრეზიდენტი” - ამ საკითხის გარკვევას ორშაბათს გამოსული ”ახალი ვერსია” შეეცადა. სტატიის ავტორი იტყობინება, რომ ”პრეზიდენტი საკუთარ დაცვას პრობლემებს უქმნის” და რომ ”მიზეზი მისი ჯიუტი ხასიათი და არაორდინარული ქცევებია... რაც, ექსპერტთა აზრით, ქვეყნისთვის და თავად პრეზიდენტისთვისაც მეტად სახიფათოა... არის შემთხვევა, როდესაც ობიექტის დასათვალიერებლად და შესამოწმებლად მისულ დაცვის თანამშრომლებს პრეზიდენტი უკვე იქ ხვდებათ .”


  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG