Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმსარებლობის თავისუფლება საქართველოში - სახელმწიფო დეპარტამენტი წლიურ ანგარიშს აქვეყნებს


„აღმსარებლობის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციითაა გათვალისწინებული და მთავრობაც,

ზოგადად, ამ უფლების განხორციელების გარანტად გვევლინება“ - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიუროს ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც სულ ახლახან გამოქვეყნდა და რომლის მიხედვითაც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში აღმსარებლობის თავისუფლების ხარისხი განუხრელად იზრდებოდა. კერძოდ, ანგარიშში ნათქვამია, რომ, საკანონმდებლო დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და ტოლერანტული გარემოს მშენებლობის კუთხით, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა: საქართველოს პარლამენტმა შესწორება შეიტანა სამოქალაქო კოდექსში, რომლის საფუძველზეც რელიგიურ გაერთიანებებს რეგისტრაციის შესაძლებლობა მიეცათ, ასევე მიიღო კანონი ზოგადი განათლების შესახებ, რომლითაც სასწავლო პროცესში პროზელიტიზმი და ინდოქტრინაცია იკრძალება. თუმცა უნდა ითქვას, რომ, პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, საანგარიშო პერიოდში კვლავ ჰქონდა ადგილი რელიგიური ძალადობისა და დისკრიმინაციის ფაქტებს.
ანგარიშში მოყვანილი ფაქტობრივი მასალის ანალიზის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველოში რელიგიური ექსტრემიზმისა და ძალადობის გამოვლინებებმა მნიშვნელოვნად იკლო, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საზოგადოება სრულად განიკურნა ქსენოფობიისგან. ანგარიშის მიხედვით, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები კვლავ განიცდიან დევნას და, ხშირ შემთხვევაში, პოლიციისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა რეაქციაც არაადეკვატურია. მოხსენებაში შეტანილია ამონარიდი სახალხო დამცველის ანგარიშიდან, რომლის მიხედვითაც შეშფოთებას იწვევს იეღოვას მოწმეებზე განხორციელებული თავდასხმები ქუთაისში, თბილისსა და რუსთავში. სულ, საანგარიშო პერიოდში, სახალხო დამცველის ოფისმა რელიგიური ძალადობის 28 შემთხვევა შეისწავლა. თავად სახალხო დამცველი საგანგაშოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ, მრავალწლიანი მცდელობის მიუხედავად, სომხური სამოციქულო და რომის კათოლიკური ეკლესიები უძრავ ქონებას ვერ იბრუნებენ:
[სოზარ სუბარის ხმა] „როცა სახელმწიფომ აღიარა, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას უბრუნებს ყველა საკულტო ნაგებობას, რაც ეკუთვნოდა, იგივე უნდა გაკეთდეს სხვების მიმართაც. სირცხვილია, როცა საქართველოში დღემდე არის დავის საგანი 6 სომხური ეკლესია, რომლებიც ეკუთვნოდა სომხებს. რატომ არ აძლევს სახელმწიფო სომხებს, როცა მისცა მართლმადიდებლებს? კათოლიკურ ტაძრებზე მაქვს მხოლოდ პრობლემის აღწერა, იმიტომ რომ მესმის, ძალიან რთულია ამ საკითხის მოგვარება. არადა, ისინი დაჩაგრულები არიან, რადგანაც ისტორიული კათოლიკური ეკლესიები გადაცემული აქვს მართლმადიდებელ ეკლესიას.“(სტილი დაცულია)
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ, საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმებით, მართლმადიდებელი სასულიერო პირები თავისუფალნი არიან სამხედრო სამსახურისგან, ეკლესია სარგებლობს საგადასახადო შეღავათებით, სახელმწიფო აღიარებს საეკლესიო ქორწინებას და დასვენების დღეებად აცხადებს დიდ საეკლესიო დღესასწაულებს. ანგარიშის თანახმად, ასეთი პრივილეგიებით სხვა კონფესიები ვერ სარგებლობენ, რის გამოც, სახალხო დამცველის სოზარ სუბარის განმარტებით, საქმე გვაქვს რელიგიურ უმცირესობათა ერთგვარ ირიბ დისკრიმინაციასთან:
[სოზარ სუბარის ხმა] „რამე ფორმით - გნებავთ, არა საკონსტიტუციო, არამედ ჩვეულებრივი შეთანხმებით - იგივე უფლებები უნდა მიეცეთ სხვებსაც. მაგალითად: როცა მართლმადიდებელი სასულიერო პირი კონკორდატით გათავისუფლებულია სამხედრო სამსახურიდან, იგივე უნდა მოხდეს სხვაზე: კათოლიკეზე, მუსლიმზე, იუდეველზე და ასე შემდეგ. რატომ არის ასეთი დისკრიმინაცია? როცა ვამბობთ, რომ გარკვეული საგადასახადო შეღავათები აქვს მინიჭებული მართლმადიდებელ ეკლესიას მიწაზე, იგივე შეღავათები უნდა ჰქონდეს სხვა კონფესიებსაც. როცა სახელმწიფო აღიარებს მართლმადიდებელი ეკლესიის ჯვრისწერას, რატომ არ აღიარებს კათოლიკურ ჯვრისწერას? რა ნიშნით ხდება ეს დისკრიმინაცია?“(სტილი დაცულია)
აქვე უნდა ვთქვათ, რომ საანგარიშო პერიოდში რელიგიურ გაერთიანებებს - საქართველოს სახელმწიფოს ისტორიაში პირველად - მიეცათ რეგისტრაციის შესაძლებლობა. სამოქალაქო კოდექსში შეტანილი შესწორების თანახმად, რელიგიურ გაერთიანებებს შეუძლიათ რეგისტრაციაში გატარდნენ კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიული პირის სტატუსით. თუმცა, ამ ცვლილების მიუხედავად, კათოლიკური, სომხური სამოციქულო და ლუთერულ-ევანგელური ეკლესიების მესვეურები უარს აცხადებენ კერძო სამართლის იურიდიული სუბიექტის სტატუსის მოპოვებაზე: მათთვის მიუღებელია ფონდის ან კავშირის სახით არსებობა, მაშინ როცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საჯარო იურიდიული პირის სტატუსით სარგებლობს.



  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG