Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სესილია თაყაიშვილი – 100


“გაიღო კარი, დაკონკილი დედაბერი შემოვიდა... მეტი მოკუზვა

არ შეიძლებოდა, მაგრამ ყოჩაღად შემოვიდა, ნამეტანი ყოჩაღად” – ასე ახასიათებს ჭაბუა ამირეჯიბი ასინეთას, რომლის როლი “დათა თუთაშხიას”ეკრანიზაციაში სესილია თაყაიშვილს ერგო. “ყოჩაღი მოხუცი” – ასეთი დარჩა ქართველთა მეხსიერებაში დიდი მსახიობი, რომელსაც 17 სექტემბერს ასი წელი შეუსრულდებოდა. ჩვენი დღევანდელი ყოველკვირეული პროგრამა “ოქროს საუკუნე” სწორედ ამ მნიშვნელოვან თარიღს ეძღვნება.

1976 წლის ზაფხულში სესილია თაყაიშვილს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტიდან დაურეკეს: თქვენი იუბილე ახლოვდება და საზეიმო საღამოს ვამზადებთო. დიდმა მსახიობმა ჯერ დაკავებულობა მოიმიზეზა (30 წლის წინ თაყაიშვილს ერთდროულად სამ ფილმში მოუხდა გადაღება), მაგრამ როცა შეატყო, რომ კულტურის ჩინოვნიკი უკან არ იხევდა, ქოქოლა დააყარა, ყველაფერი უთხრა, რასაც კომუნისტებზე ფიქრობდა: მას ხომ არაფრის ეშინოდა – უკვე სახალხო მსახიობი იყო!

თუმცა იმასაც ამბობენ, რომ სესილია თაყაიშვილი ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული გულწრფელობითა და პირდაპირობით – თავისი ხასიათი უკვე მაშინ გამოავლინა, როცა 1926 წელს, ფაღავას სტუდიის კურსდამთავრებულმა, რუსთაველის თეატრში დაიწყო მუშაობა, 1930 წლიდან კი მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი გახდა. მარჯანიშვილელთა დასში იგი 1966 წლამდეც მუშაობდა და 120- მდე როლი განასახიერა. თეატრი დატოვა ერთი უბრალო მიზეზის გამო - როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, ასაკს გავუწიე ანგარიშიო. “ასაკს გაუწია ანგარიში”, მაგრამ ასაკი არასდროს თრგუნავდა, პირიქით, ყოველთვის უფროსი თაობის გმირებს განასახიერებდა. 50-იან წლებში ერთ-ერთ ინტერვიუში უთქვამს, საკუთარი თავის თამაში ადვილია, საკუთარი მომავლის წინასწარმეტყველება კი ძნელი – მირჩევნია სიბერე განვასახიერო, რადგან ასაკში შესული ადამიანი უფრო საინტერესოაო.

არადა, იგი ყოველთვის საკუთარ თავს განასახიერებდა. შეიძლება ამიტომაც აღიქვამს ხალხი მას, პირველ რიგში, კინომსახიობად. სწორედ კინოში გამოჩნდა სესილია თაყაიშვილის განსაკუთრებული უნარი შეინარჩუნოს თავისი თავი მაშინაც კი, როცა სრულიად განსხვავებული როლების თამაში უწევს.

დავუბრუნდეთ 1976 წელს, როცა სესილია თაყაიშვილმა ერთდროულად სამი განსხვავებული ეკრანული სახე შექმნა – “დათა თუთაშხიაში”, “ნატვრის ხესა” და ირაკლი კვირიკაძის კომედიაში “ქალაქი ანარა”... ამ სამ პერსონაჟს ერთი რამ მაინც აერთიანებს – პერსონაჟის დახასიათების წარმოუდგენელი სიძუნწე, ყველანაირ ორნამენტიკაზე უარის თქმა, ერთი ან ორი შტრიხის გამოყენებით დაუვიწყარი სახის შექმნა. “ნატვრის ხეში”, მაგალითად, მისი ბებია თითქმის არაფერს ამბობს, მაგრამ ფილმის დასრულების შემდეგ სწორედ სესილია თაყაიშვილის მზერა რჩება მაყურებლის წარმოდგენაში. ის ხალხი, ვინც სესილია თაყაიშვილს ახლოს იცნობდა, დღესაც ამტკიცებს – ყველაფერი ეს არა იმდენად სამსახიობო ტექნიკით უნდა აიხსნას, რამდენადაც სესილია თაყაიშვილის ხასიათით, მისი თავისუფლებითო
[ხმა. “ცისფერი მთები”].

იუმორი – სესილია თაყაიშვილის შემოქმედების მეგზურია. ქართველ რეჟისორებს არაერთხელ უთქვამთ, თუ გინდა, რომ სპექტაკლში ან ფილმში სიყალბეს გადაურჩე, სესილია თაყაიშვილი უნდა ათამაშოო. მართლაც, როცა ბუნებრიობისა და უშუალობის განსახიერება, სესილია თაყაიშვილი, სცენაზე ან კადრში გამოჩნდებოდა, თამაშისა თუ ხელოვნურობის განცდისგან ყველაფერი თავისუფლდებოდა. “ცისფერი მთები” სწორედ ამ კონტრაპუნქტზე აიგო – აბსოლუტური სიყალბე, ნგრევის პირას მისული სამყარო და სესილია თაყაიშვილი, რომელსაც ამ გაუგებრობაში ადგილი არ მოეძებნება.

[სესილია თაყაიშვილის ინტერვიუდან]: “არ მიყვარს კინოაპარატი, იგი თავიდანვე მაშინებს, მთელი ფიქრი და გრძნობა მასთანაა დაკავშირებული, მაგრამ მერე დრამატურგიული სახე ნთქავს ყოველივეს და ერთადერთი ამოცანა – მოვატყუო, გამოვთიშო ჩემი შეგნებიდან ეს აპარატი – მთლიანად მიპყრობს. როგორც კი არ ვგრძნობ ხოლმე აპარატს, მუშაობა გაცილებით მიადვილდება.”

ეს იყო ფრაგმენტი სესილია თაყაიშვილის ერთ-ერთი ინტერვიუდან, რომელიც სწორედ მაშინ დაიბეჭდა, როცა მსახიობი თეატრიდან წამოვიდა და მხოლოდ და მხოლოდ კინოში მუშაობა გადაწყვიტა. კინოკრიტიკოსები მაშინ აღნიშნავდნენ, რომ სწორედ კინოში შეიძლებოდა მაყურებელს ახლოდან დაენახა თავისუფლების ის მხატვრული სახე, რომლის შექმნას სესილია თაყაიშვილმა მთელი ცხოვრება მიუძღვნა. დიდი დისკუსია გაიმართა. თეატრალები საწინააღმდეგოს ამტკიცებდნენ, ამბობდნენ მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლში “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი” სესილია თაყაიშვილის ხასიათი უკეთ ჩანს, ვიდრე ნოდარ დუმბაძის პიესის ეკრანიზაციაშიო. ბოლოს და ბოლოს, ამ დისკუსიაში თავად მსახიობიც ჩაერთო:

[სესილია თაყაიშვილის ინტერვიუდან]: “მე არ შემიძლია პირობით ატმოსფერში თამაში; მახსოვს, გიგა ლორთქიფანიძეს ბებია ოლღას ოთახის დეკორაციის შეცვლა ვთხოვე. არ შემიძლია არარეალური საგნების რეალურად მიჩნევა, როცა ეს აუცილებლობას არ წარმოადგენს. მე მჭირდება რეალური, ნამდვილი ყოფა, სადაც შეიძლება ისეთი ცხოვრება, რომელიც სიყალბეს ააშკარავებს და სიმართლის კამერტონი ხდება.”

რას ნიშნავს სიმართლის კამერტონი სესილია თაყაიშვილისთვის? ალბათ, განსხვავებული გრძნობების თავმოყრას, სწორხაზოვნების უარყოფის უნარს, რაც, საყოველთაო აზრით, ყველაზე ძლიერ სწორედ “მე, ბებია, ილიკო და ილარიონში” წარმოჩნდება, განსაკუთრებით თენგიზ აბულაძის ფილმის იმ ეპიზოდში, როცა ოლღა ბებია სიცოცხლეს უნდა დაემშვიდობოს. სესილია თაყაიშვილის ბებია სიკვდილის წინაც არ კარგავს იუმორს. მანამდე განსხვავებული გრძნობების თავმოყრის ასეთი უნარი ქართულ კინოში არც ერთ სხვა მსახიობს არ გამოუხატავს.

[ხმა. “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”]

“დათა თუთაშხიას” სატელევიზიო პრემიერის შემდეგ ჭაბუა ამირეჯიბი წერდა, რომ ახლა უკვე მას აღარ შეუძლია თავისი რომანის პერსონაჟის, ასინეთას, სხვაგვარად წარმოდგენა. მწერალი გაოცებას ვერ მალავდა: ასეთი რამ იშვიათად ხდება, მსახიობმა მწერალს სხვაგვარად დაანახვოს თავისივე პერსონაჟი, დაავიწყოს ის სახე, რომელიც წერის დროს შექმნაო. მართლაც, კინოს ისტორიაში ასეთ ეფექტს სულ რამდენიმე მსახიობმა მიაღწია. ქართულ კინოში – სესილია თაყაიშვილმა.

[სესილია თაყაიშვილის ინტერვიუდან]: “არ მიყვარს ჩემი თავი ეკრანზე, რადგან ვიცი – რაც გაკეთებულია, ვერ დააბრუნებ, ვერ გაასწორებ და არ მინდა კიდევ ერთხელ დავრწმუნდე, რომ შეიძლებოდა გაცილებით უკეთ მეთამაშა.”

ეს იყო ფრაგმენტი სესილია თაყაიშვილის ერთ-ერთი უკანასკნელი ინტერვიუდან. სიცოცხლის ბოლოს მსახიობი, მართლაც, ერიდებოდა თავის შემოქმედებაზე საუბარს. იუბილეები და ქება-დიდება ხომ ჭირივით სძულდა. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ ნოდარ დუმბაძემ სწორედ მისთვის დაწერა “მე, ბებია, ილიკო და ილარიონის” ის ფრაგმენტი, როცა მოხუცები ზურიკელას სასიყვარულო წერილს კითხულობენ, “მე შენ აღგიქვი, როგორც აპოთეოზი სულიერი განცდისა და ისტორიული შემეცნებისაო”, ბებია კი კითხულობს - “ეს ადგილი რაღაც ვერ გავიგეო.”
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG