Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ხდება კოდორის ხეობაში


კოდორის ხეობაში პოლიციური ოპერაციის აქტიური ფაზის დასრულებიდან ორი თვე გავიდა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფები აფხაზეთის ტერიტორიის დატოვებას არ ჩქარობენ.

მეტიც, ოფიციალური თბილისი ირწმუნება, რომ ინფრასტრუქტურის აღდგენის შემდეგ სოფელ აჟარაში გადავლენ როგორც ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობის, ასევე ცენტრალური ხელისუფლების სტრუქტურული ერთეულები. ამ მხრივ ყველაზე მეტად აქტიურობს იუსტიციის სამინისტრო, რომლის წარმომადგენლობა, „იუსტიციის სახლის“ სახით, კოდორის ხეობაში ერთი კვირის წინ გაიხსნა. თუმცა, ამ პოზიტიური ინფორმაციის პარალელურად, ვრცელდება ნეგატიური ცნობებიც, რომლის მიხედვითაც პოლიცია უხეშად არღვევს ჩაკეტილ ხეობაში მცხოვრები მოქალაქეების უფლებებს, ხოლო დევნილობაში მყოფი აფხაზეთის მთავრობა თბილისის დატოვებას და ხეობაში გადასვლას არ ჩქარობს.


კოდორის ხეობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღებული რაზმების შესვლას ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა იმთავითვე უარყოფითად შეხვდა. ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გამოთქვა ეჭვი, რომ ხელისუფლებას, გაცხადებული კეთილშობილური მიზნების ნაცვლად, ბოროტი ზრახვები ამოძრავებდა:

[შალვა ნათელაშვილის ხმა] „შედიხარ მათ დასარბევად, გენოციდისათვის, ხოცავ ბავშვებს, აწიოკებ ქალებს, ანგრევ სახლებს, ტეხავ მათ საბრძოლო სულს და უხსნი გზას აფხაზებს და რუსებს უახლოეს ხანში მოახდინონ ამ ჩვენი უკანასკნელი შუქურის ოკუპაცია.“(სტილი დაცულია)

თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს ბრალდებები ლეიბორისტებს ფაქტობრივი მასალით არ გაუმაგრებიათ. სამაგიეროდ, იაქტიურეს პოლიტიკური მოძრაობა „იმედის“ აქტივისტებმა, რომელთა ერთმა ნაწილმა პოლიციის მიერ ჩაკეტილ ხეობაში შეღწევა მოახერხა.

[სოსო წინწკალაძის ხმა] „შეიძლება ვთქვათ, რომ კოდორის ხეობაში, ფაქტიურად, მიმდინარეობს ადგილობრივი მოსახლეობის ეგზეკუცია. პლუს ამას: სახლებიდან გააქვთ ყველი, კარაქი, ხორცი, ტელევიზორი. ორი ადამიანი ერთად ვერ გაივლის, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას.“(სტილი დაცულია)

სოსო წინწკალაძე კოდორის ხეობიდან ორი კვირის წინ დაბრუნდა. ამბობს, რომ ხეობის მოსახლეობას შიშის ქვეშ უწევს ცხოვრება, რომ პოლიციელთა განუკითხაობამ არნახულ მასშტაბებს მიაღწია, თუმცა ამ ცნობას არ ადასტურებს დევნილობაში მყოფი აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე თემურ მჟავია, რომელიც ინფორმაციას ხეობაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ პირველი წყაროდან ფლობს:

[თემურ მჟავიას ხმა] „ეს არის ისევ და ისევ ჭორი, რომელსაც ჩვენი მტრები ავრცელებენ. იქ არის აბსოლუტურად დალაგებული სიტუაცია, ყველანაირი ძალადობა გამორიცხულია. ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას მიეცემა მყისიერი რეაგირება და იქნება საჯაროდ აღკვეთილი, გარწმუნებთ ყველას.“

თემურ მჟავია ასევე უარყოფს იმ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც დევნილობაში მყოფი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და უმაღლესი საბჭო კოდორის ხეობაში გადასვლას არ ჩქარობს. თემურ მჟავიას თქმით, ხელისუფლება წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებს:

[თემურ მჟავიას ხმა] „ჩვენთან ფუნქციონირებს ოთხი სამინისტრო და ოთხივე სამინისტროს წარმომადგენლები ფუნქციურად სრულიად დატვირთული შემადგენლობით განთავსდება კოდორის ხეობაში და იმუშავებს იქ. არსებობს გეგმა და ამ გეგმის განხორციელებას უნდა მოემსახუროს სახელისუფლებო ჯგუფი და სწორედ ეს ჯგუფები იმუშავებენ კოდორის ხეობაში. იმუშავებს აფხაზეთის მთავრობა, სრული შემადგენლობით, კოდორის ხეობაში და იმუშავებს უზენაესი საბჭო, სრული შემადგენლობით, მაშინ, როდესაც გაიმართება სესიები და პრეზიდიუმის სხდომები.“

თემურ მჟავია იმასაც ამბობს, რომ, მთავრობის სტრუქტურების გადასვლის პარალელურად, რეაბილიტაცია უტარდება საავტომობილო გზას, რომელმაც ხეობა დანარჩენ საქართველოსთან უნდა დააკავშიროს. ლაპარაკია უღელტეხილის 42კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობაზე. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ბელა წიფურიას თქმით კი, სამინისტრო, სკოლების შეკეთებასთან ერთად, ხეობაში მიზნობრივ პროგრამებსაც ახორციელებს:

[ბელა წიფურიას ხმა] „კომპიუტერები ჩაგვაქვს ხეობაში, ინტერნეტი უკვე შევუკვეთეთ. უნდა გითხრათ, რომ კომპიუტერები და ინტერნეტი, „ირმის ნახტომის“ პროგრამის ფარგლებში, შარშანაც გვქონდა შეკვეთილი, მაგრამ თავად სკოლის ხელმძღვანელებმა ვერ აიღეს პასუხისმგებლობა ამ ტექნიკაზე და, შესაბამისად, დარჩნენ კომპიუტერების გარეშე. მაგრამ წელს ვითარება მკვეთრად შეიცვალა, ვითარება სტაბილურია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა პროგრამას განვახორციელებთ.“

ხელისუფლების წარმომადგენლები იმითაც იწონებენ თავს, რომ ხეობაში, სადაც 3 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს, წელს პირველად აირჩევენ თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს. მეტიც, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მტკიცებით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აფხაზეთის ტერიტორიაზე პირველად ჩატარდება კანონიერი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებული არჩევნები.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG