Accessibility links

logo-print

ერთა თვითგამორკვევის უფლება და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი - რა გავლენა შეიძლება მოახდინოს კოსოვოს მაგალითმა არაღიარებული რესპუბლიკების მომავალზე


რუსეთი პატივს სცემს სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს, ამავდროულად, აღიარებს ერთა თვითგამორკვევის უფლებას

და მომხრეა ჩამოყალიბდეს ერთიანი მიდგომა ისეთი პრობლემებისადმი, როგორსაც მაგალითად, კოსოვოს და აფხაზეთის პრობლემები წარმოადგენს. რუსეთის პრეზიდენტი და რუსი პოლიტიკოსები ვერ ხედავენ განსხვავებას ამ ორ პრობლემას შორის . რუსეთში დარწმუნებულები არიან, რომ კოსოვოს დამოუკიდებელი სტატუსის განსაზღვრა ( თუკი ეს მოხდა) პოსტსაბჭოთა სივრცეში დამოუკიდებელი სახელმწიფოების ფორმირების ახალ ტალღას მოიტანს. სხვაგვარად ფიქრობენ ევროპაში. მართლაც, რამდენად შეიძლება კოსოვოს სტატუსის განსაზღვრა სამაგალითო გახდეს პოსტსაბჭოთა სივრცის კონფლიქტებისადმი დამოკიდებულებაში საერთაშორისო თანამეგობრობისთვის?

როცა ცივი ომი მთავრდებოდა, პოლიტოლოგები თავს იტეხდნენ იმაზე ფიქრით, რა ახალი ტენდენციები გამოიკვეთებოდა საერთაშორისო ურთიერთობებში. იყო მოლოდინი, რომ ცივი ომის შემდეგ ჭიდილი გაერთიანებისა და ფრაგმენტიზაციის პრინციპებს შორის გაღრმავდებოდა. პოლიტოლოგ თემურ იაკობაშვილის თქმით, ეს მოლოდინი გამართლდა. თანამედროვე მსოფლიოში მუშაობს გაერთიანების პრინციპი ( გნებავთ - ევროკავშირში, გნებავთ - ნატოში), თუმცა, ამავდროულად, სეპარატიზმი საერთაშორისო თანამეგობრობის თავის ტკივილად იქცა. ამასობაში, იაკობაშვილის აზრით, შეიცვალა დამოკიდებულებაც თვითგამორკვევის პრინციპისადმი. ადრე თუ თვითგამორკვევის უფლება იყო ძალიან მნიშვნელოვანი, დღეს უკვე დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, რამდენად რეალურია ამა თუ იმ ეთნოსის სწრაფვა თვითგამორკვევისკენ და ეს სწრაფვა რამდენად ატარებს შეუმდგარი სახელმწიფოების გამრავლების რისკს.
მაშინ საინტერესოა, რატომ მიდის ლაპარაკი კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებაზე? თემურ იაკობაშვილის აზრით, ამ შემთხვევაში შესაძლო გადაწყვეტილების საფუძველი იმდენად თვითგამორკვევის უფლების პრინციპის წინ დაყენება არ იქნება, რამდენაც სხვა რამ, კერძოდ, სერბული გენოციდი.
ასეა თუ ისე, რუსეთში მიიჩნევენ, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობის ცნობა ავტომატურად შეცვლის აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთის პრობლემებისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის დამოკიდებულებას. ამაზე ლაპარაკი რუსეთში არ ნელდება, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის წამყვანი ქვეყნების ლიდერებმა არაერთხელ განმარტეს, კოსოვო არ იქცევა მაგალითადო. მოვიყვანთ სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენლის პიტერ სემნების ამასწინანდელ განცხადებას: ”კოსოვოს საკითხის გადაწყვეტა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო სამართალში, მაგრამ ეს კონფლიქტები იმდენად განსხვავებულია, არ შეიძლება ერთის გადაწყვეტის მექანიზმი მეორისთვისაც იქნეს გამოყენებული. ერთ შემთხვევაში თვითგამორკვევის უფლებამ, შესაძლოა, გადამწყვეტი როლი შეასრულოს, მეორე შემთხვევაში კი - არა. აფხაზეთსა და კოსოვოს შორის განსხვავება დიდია. უმთავრესი განმასხვავებელი ნიშანი კი მაინც დემოგრაფიული სიტუაციაა. ომამდელი აფხაზეთის მოსახლეობის უმრავლესობა დღემდე აფხაზეთს გარეთ ცხოვრობს.” განსხვავებაზე საუბრობს პოლიტოლოგი თემურ იაკობაშვილიც :

[თემურ იაკობაშვილის ხმა] ”კოსოვო თუ იყო აგრესიის ობიექტი და კოსოვარებმა შეძლეს სერბული მოსახლეობის განდევნა ( მას შემდეგ, რაც სერბებისგან მოხდა ეთნიკური წმენდა), ჩვენს შემთხვევაში პირიქით მოხდა. ეთნიკური წმენდა განახორციელეს აფხაზებმა რუსების დახმარებით და დაზარალებულია დანარჩენი მხარე და დევნილი მოსახლეობა და არა აფხაზები. ”

”კოსოვოს ბედი არ იქნება გადამწყვეტი აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთის სტატუსის განსაზღვრაში,” - ასე ფიქრობს პოლიტოლოგი ადრიან ბრისკუც, ალბანეთიდან. ის ელის, რომ გადაწყვეტილება კოსოვოს მიმართ არ დაახანებს, რომ გადაწყვეტილება მაინცდამაინც არ მოეწონებათ კოსოვოელ ალბანელებს, მით უფრო გააღიზიანებთ სერბებს, მაგრამ ის არ იქნება სამაგალითო აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთის პრობლემებისადმი დამოკიდებულებაში საერთაშორისო თანამეგობრობისთვის:

[ადრიან ბრისკუს ხმა] ”მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება განსაკუთრებული შემთხვევა და მას არ გაიმეორებენ სხვაგან. პუტინი კი ამბობს, რომ კოსოვო იქნება პრეცედენტი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისათვის, მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ ეს არის მარტო პუტინის ხმა, მარტო რუსეთი ხმა. ”

ადრიან ბრისკუს ეეჭვება პუტინს თანამოაზრეები გამოუჩდნენ. მისი აზრით, ევროპა არ დასთანხმდება კოსოვოს უნიკალური მაგალითის სხვაგან გადატანას, მათ შორის, იმის გათვალისწინებითაც, რომ, მაგალითად, კოსოვოს და აფხაზეთის, ერთი შეხედვით, მსგავსი პრობლემები სერიოზული განმასხვავებელი ნიშნების მატარებელია.
XS
SM
MD
LG