Accessibility links

logo-print

უნგრეთი: პოლიტიკური ოპოზიცია პრემიერ-მინისტრს გადადგომისკენ მოუწოდებს - წუხელ ქალაქის ცენტრი საპროტესტო აქციამ მოიცვა


“ახალი ევროპის” დღევანდელი გამოშვება ევროკავშირის

ერთ-ერთ ახალ წევრ ქვეყანაში - უნგრეთში - დაწყებულ პოლიტიკურ მღელვარებას ეხება. წუხელ ბუდაპეშტში გამართული საპროტესტო აქცია დაახლოებით 100 ადამიანის დაშავებით დასრულდა. ოპოზიციური პარტიები სოციალისტ პრემიერ-მინისტრს, ფერენც ჯიორჩანის, გადადგომისკენ მოუწოდებენ. არეულობის მიზეზი კი გახდა აუდიოჩანაწერი, სადაც პრემიერ-მინისტრი დახურულ სხდომაზე აღიარებს, რომ მისი პარტია წლების განმავლობაში ტყუოდა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ.

[აქციის ხმა]

18 სექტემბერს ღამით ბუდაპეშტში მომხდარი არეულობის შედეგად, 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. დაშავებულებს შორის უმეტესობა პოლიციელია. ერთ მათგანს თავის არეში აქვს მიღებული მძიმე დაზიანება.

ძალადობა პარლამენტის წინ გამართულ მშვიდობიან აქციას მოჰყვა, რომელსაც ათასობით ადამიანი დაესწრო. აქციის მიზეზი კი ის გახდა, რომ კვირას მედიით გავრცელდა ჩანაწერი, სადაც პრემიერ-მინისტრი ფერენც ჯიორჩანი აღიარებს, რომ მისი პარტია, არჩევნებში გამარჯვების მოპოვების მიზნით, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ცრუობდა.

ორშაბათს, გვიან ღამით, საპროტესტო აქციის რამდენიმე ათეულმა მონაწილემ ტელევიზიის შენობაში შეჭრა სცადა, თუმცა ისინი პოლიციამ ცრემლსადენი გაზით და წყლის ჭავლით მოიგერია.

როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, წუხანდელი ღამე, 1989 წელს კომუნიზმის დამხობის შემდეგ, უნგრეთისთვის ყველაზე გრძელი და ბნელი ღამე იყო. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ არ გადადგება და ყველა საშუალებას გამოიყენებს ქვეყანაში წესრიგის აღსადგენად:

[ჯიორჩანის ხმა] ”პროტესტის გამოხატვა ჩვენი უფლებაა, მაგრამ, ჩემი აზრით, მე დარწმუნებული ვარ, რომ არ გვაქვს საზოგადოებრივ ინსტიტუტებში შეჭრის უფლება. ეს მიუღებელია.”

ამ მოვლენებამდე ქვეყანაში პროტესტი გადასახადების მომატებამ და სამედიცინო მომსახურებასა თუ უმაღლეს განათლებაზე გაზრდილმა საფასურმა გამოიწვია. მედიით გავრცელებულმა აუდიოჩანაწერმა კი ეს უკმაყოფილება მხოლოდ გაზარდა.

ჩანაწერი 26 მაისს არის გაკეთებული. პრემიერ-მინისტრი აღიარებს, რომ მისმა სამთავრობო კოალიციამ ქვეყნის ეკონომიკის შესახებ იცრუა:

[ჯიორჩანის ხმა] ”ბევრი არჩევანი არ გვაქვს. იმიტომ რომ ყველაფერი ჩავაფლავეთ. თანაც ცოტათი კი არა, ძალიან. სხვა არც ერთ ევროპულ ქვეყანას არ გაუკეთებია ისეთი სისულელეები, როგორც ჩვენ. ამის ახსნა შეგვიძლია. უკანასკნელი წელიწად-ნახევრის განმავლობაში ვცრუობთ. აბსოლუტურად ნათელი იყო, რომ რასაც ვამბობდით, სიმართლეს არ შეესაბამებოდა.”

ჯერჯერობით გაურკვეველია, რა გზით მოხვდა ეს ჩანაწერი მედიაში. პრემიერ-მინისტრი არ უარყოფს, რომ შეხვედრაზე ეს სიტყვები წარმოთქვა.

უნგრეთის პრეზიდენტმა ლაზლო შოიომმა პრემიერ-მინისტრი ქვეყანაში მორალური კრიზისის შექმნისთვის გააკრიტიკა:

[შოლიომის ხმა] ”17 სექტემბრის მოვლენებს ქვეყანაში მორალური კრიზისი მოჰყვა. პრემიერ-მინისტრის რეაქციამ კი კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა, იმიტომ რომ მან საკუთარი პასუხისმგებლობის განზოგადება სცადა ბოლო 16 წლის მანძილზე მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებებით. არც ერთი მიზანი არ ამართლებს ჩვენს დაეჭვებას დემოკრატიაში - განსაკუთრებით, თუ ამას ვინმე მიზანმიმართულად და სიამაყის განცდით ცდილობს. პრემიერ-მინისტრს მოვუწოდებ, ეს ღიად აღიაროს.”

ჯიორჩანის აკრიტიკებს მთავარი ოპოზიციური პარტიაც - მემარჯვენე ორიენტაციის ”ფიდესი”. ყოფილი პრემიერ- მინისტრი ვიქტორ ორბანი ჯიორჩანის გადადგომისკენ მოუწოდებს.

თუმცა პრემიერ-მინისტრს მისი სოციალისტური პარტია კვლავაც მხარს უჭერს. ამავე პოზიციაზეა სოციალისტების მთავარი მოკავშირე პარტია - თავისუფალი დემოკრატები.

მაინც რა ხდება უნგრეთში და რა სიცრუეზე საუბრობდა პრემიერ-მინისტრი? უნგრელი სოციოლოგი ატილა მელეგი უნგრეთის ეკონომიკაში ამჟამად არსებულ პრობლემებს
პოსტსოციალისტური პერიოდის შემდეგ გლობალურ ეკონომიკურ სტრუქტურებთან შეწყობის სირთულით ხსნის. მისი აზრით, პოლიტიკოსები ცრუობენ, როდესაც ამბობენ, რომ უნგრეთის მსგავს ეკონომიკას მოქალაქეთა სოციალური დაცვა შეუძლია. ატილა მელეგი ფიქრობს, რომ პოსტსოციალისტური ქვეყნები გლობალურ ეკონომიკურ იერარქიაში მყიფე ეკონომიკას ინარჩუნებენ:

[მელეგის ხმა] ”იმისათვის, რომ გავიგოთ, რა ხდება უნგრეთში ახლა, ორი მნიშვნელოვანი ასპექტის გააზრებაა საჭირო. პირველი - აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, გლობალურ საბაზრო ეკონომიკასთან შეწყობის თვალსაზრისით, უნგრეთმა ყველაზე დიდი და ყველაზე გრძელი სოციალური სტრესი გამოიარა. ეს პროცესი უკვე სოციალიზმის ბოლო წლებში დაიწყო. უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ძალიან ძლიერი სოციალური დაძაბულობა შეიქმნა. მეორე პრობლემა კი ის არის, - და ამაში პრემიერ-მინისტრი, გარკვეულწილად, სწორია, - რომ, რეჟიმის და პოლიტიკური ელიტის ცვლილების შედეგად, საზოგადოებას, მართლაც, ატყუებენ - ეუბნებიან, რომ უნგრეთის ეკონომიკას სოციალური ტვირთის ზიდვა და განვითარება შეუძლია. სინამდვილეში კი საქმე გვაქვს ღია და მყიფე ეკონომიკასთან. ამ სიცრუეში მთელი პოლიტიკური სპექტრია დამნაშავე - ისინი, ან ცინიზმის და ან უვიცობის გამო, პრობლემებს თვალს ვერ უსწორებენ.”

ატილა მელეგის აზრით, არსებული ვითარებიდან გამოსავალი უნგრეთის ეკონომიკურ სფეროში შექმნილ პრობლემებზე ღია საუბარია, რაც, მისი თქმით, ქვეყანაში იშვიათ პრაქტიკას წარმოადგენს:

[მელეგის ხმა] ”პოლიტიკური თვალსაზრისით, აუცილებელია უნგრეთმა უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში დაგროვილ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს თვალი გაუსწოროს. ეს ძალიან სერიოზული პრობლემებია. მძიმეა ვითარება სამუშაო ბაზრის თვალსაზრისით; სოციალური უთანასწორობა სწრაფად იზრდება; სიღარიბეს ბევრი სოციალური ჯგუფი სასოწარკვეთის ზღვარზე მიჰყავს. ამავე დროს, ქვეყნის ეკონომიკა ძალიან არის დამოკიდებული საგარეო ინვესტიციებზე - თუ ამგვარი ინვესტიციები არ იქნება, ამას ფინანსური კრიზისი მოჰყვება. ამ პრობლემებს თვალი უნდა გავუსწოროთ და ღია საუბარი უნდა დავიწყოთ.”

თუმცა, ატილა მელეგის თქმით, იმის მიუხედავად, რომ ქვეყანაში სოციალური დაძაბულობა ფართო ხასიათს ატარებს,
18 სექტემბრის ღამით მომხდარ არეულობაში მონაწილე პირები კონკრეტულ სოციალურ ჯგუფებს - ძირითადად, პოლიტიკური ოპოზიციის მომხრეებს - წარმოადგენდნენ. როგორც უნგრელი სოციოლოგი აცხადებს, რაც უნდა ფართოდ იყოს გავრცელებული სოციალური უკმაყოფილება უნგრეთში, წუხანდელი აქციის მონაწილეთა სულისკვეთება და პროტესტის ძალადობრივი გზით გამოხატვის ფორმა ზოგადი მხარდაჭერით არ სარგებლობს.
XS
SM
MD
LG