Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს შეხვედრაზე ალიანსის მთავარ პრიორიტეტებზე ისაუბრებენ


ხუთშაბათს გაეროს გენერალური ასამბლეის კულუარებში გაიმართება ნატოს წევრი ქვეყნების მინისტრების შეხვედრა.

განხილულ იქნება ძირითადი პოლიტიკური საკითხები და ე.წ. "გარდამავალი პერიოდის პრობლემები", რომელთა მიზანია ნატოს ხელი შეუწყოს 21-ე საუკუნეში თავისი მისიის შესრულებაში. ეს მაღალი დონის უკანასკნელი შეხვედრაა ნატოს სამიტის წინ, რომელსაც ლატვია უმასპინძლებს ნოემბერში.

ჩვეულებრივ გაეროს გენერალური ასამბლეის დროს ნატო არ მართავს ხოლმე მაღალი დონის შეხვედრებს. მაგრამ ალიანსისი გენერალური მდივნის, იაპ დე ჰოოპ სხეფერის თქმით, ნიუ იორკში ნატოს წევრი მრავალი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფება და ეს ნატოს შეხვედრისთვის ხელსაყრელი აღმოჩნდა.

შეხვედრას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი უმასპინძლებს.

დღის წესრიგშია მთელი რიგი საკითხები, რომლებიც ალიანსის პრიორიტეტებს წარმოადგენს.

ერთ-ერთი მათგანია ნატო-რუსეთის ურთიერთობები. მხარეებს შორის ურთიერთობები, მართალია, რთულია, მაგრამ გენერალური მდივნის აზრით, ტერორიზმის საერთო საფრთხე თანამშრომლობის მეტ საშუალებას იძლევა. ამის ერთ-ერთი მაგალითი, სხეფერის თქმით, არის ხმელთაშუა ზღვაში მიმდინარე სამხედრო წვრთნა, რომელშიც რუსეთის სამხედრო გემიც მონაწილეობს ნატოს ძალებთან ერთად:

[სხეფერის ხმა] "ვფიქრობ, ნატო-რუსეთის ურთიერთობებში საკვანძო მნიშვნელობის ფაქტია ის, რომ ამჟამად რუსეთის სამხედრო გემი ნატოს გემების გვერდიგვერდ მოქმედებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ვინაიდან სახეზეა ნატო-რუსეთის ურთიერთობებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი: ორივეს - როგორც რუსეთს, ისე ნატოს - ტერორიზმის საფრთხე გვემუქრება და ამიტომაც უნდა ვითანამშრომლოთ."

სხეფერის თქმით, ამავე დროს, ნატოსა და რუსეთს შორის პოლიტიკური დიალოგი ღრმავდება.

ნატოს შეხვედრის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ავღანეთი, რომელიც ნატოს პრიორიტეტული მისია იყო 2006 წელს.

[სხეფერის ხმა] "უნდა ვახსენო ავღანეთი, რაშიც, ჩემის აზრით, რუსეთსა და ნატოს მსგავსი მიდგომა აქვთ. აქ ისინი მეტი ურთიერთქმედების მიწღევას ცდილობენ. მრავალი პროექტია სამოქალაქო დახმარების სფეროში. სია საკმაოდ გრძელია."

26-დან 29 ნოემბრამდე რიგაში გაიმართება ნატოს მორიგი სამიტი. ამჯერად მასზე არ დადგება შემდგომი გაფართოების საკითხი, ვინაიდან ალიანსს წევრობა არ შეუთავაზებია არცერთი კანდიდატი ქვეყნისთვის.

მაგრამ სხეფერის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრებმა შესაძლოა იმსჯელონ იმაზე, თუ რა სახის მესიჯის გაგზავნას აპირებენ ნატოს გაწევრანების სამოქმედო გეგმის მონაწილე სამი ქვეყნის: ალბანეთის, ხორვატიისა და მაკედონიისთვის.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველომ ითხოვა ინტენსიური დიალოგის ფორმატზე გადასვლა, რაც საბოლოოდ შესაძლოა დასრულდეს გაწევრიანებით. უკრაინამ უკვე დაიწყო ნატოსთან ინტენსიური დიალოგი.
XS
SM
MD
LG