Accessibility links

logo-print

ავღანეთის პრეზიდენტი ისლამური რადიკალიზმის, ტერორიზმისა და ნარკოტიკების საფრთხის შესახებ


ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი 20 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოვა და კიდევ ერთხელ გაამახვილებს ყურადღებას

ისლამური ექსტრემიზმის, თალიბთა წინააღმდეგობის მოძრაობისა და ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების აუცილებლობაზე. მსოფლიო ლიდერებამდე საკუთარი გამოსვლის დღის წესრიგი 18 სექტემბერს ავღანეთის პრეზიდენტმა გააცნო ნიუ-იორკში დაფუძნებულ ფონდ “აზიის საზოგადოებას”, რომელიც განათლების სფეროში მოღვაწეობს. ჰამიდ კარზაისთან შეხვედრას რადიო “თავისუფლების” კორესპონდენტი ნიკოლა კრასტევიც ესწრებოდა.

ჰამიდ კარზაის მიერ ნიუ-იორკში “აზიის საზოგადოების” წინაშე წარმოთქმული სიტყვის ძირითადი ნაწილი ეხებოდა რელიგიურ ექსტრემიზმს, რომელიც წარმოშობს ტერორიზმს არა მხოლოდ ავღანეთში, არამედ მთლიანად სამხრეთ და ცენტრალურ აზიაში.

[ჰამიდ კარზაის ხმა]“მსოფლიოს იმ ნაწილში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ტერორიზმს იწვევს ზოგიერთი ჩვენგანის სწრაფვა დაეყრდნოს ექტრემიზმს, რელიგიურ ექსტრემიზმს, როგორც პოლიტიკის ინსტრუმენტს. რაც უფრო მეტად ვაკეთებთ ამას, მით უფრო მეტად ვიწვევთ ძალადობას, მით უფრო მეტ საფრთხეს ვუქმნით საკუთარ რეგიონსაც და სხვა ტერიტორიებსაც. ჩვენი რეგიონის - სამხრეთი და ცენტრალური აზიის - მომავალი უკავშირდება იმედს, რომ დამყარდება კეთილდღეობა, ამოქმედდება უდიდესი ადამიანური რესურსები, გვექნება უკეთესი განათლება, გაიზრდება ვაჭრობის მოცულობა, უფრო ღია გახდება საზოგადოება. ეს ყველაფერი გვექნება, თუ ტერორიზმის პრობლემას მოვაგვარებთ.”

მაგრამ ავღანეთის პრეზიდენტმა ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ კვლავ დაასახელა ოპიუმის არალეგალური წარმოების ზრდა, რაც თანაბრად ასაზრდოებს, როგორც ნარკომაფიას, ისე თალიბთა მოძრაობას, რომელთან ბრძოლას ართულებს ავღანეთში პოლიციური ძალების მომზადებისა და ბრძოლისუნარიანობის დაბალი ხარისხი:


[ჰამიდ კარზაის ხმა]“ავღანეთის უდიდესი პრობლემა ძლიერი ინსტიტუტების არარსებობაა, განსაკუთებით სამართალდამცავი სტრუქტურებისა და პოლიციის. პრობლემა, რომელსაც დღეს ავღანეთში ტერორისტთა წინააღმდეგ ბრძოლაში ვაწყდებით, - ვგულისხმობ თალიბანის თავდასხმებს ჩვენს დასახლებულ პუნქტებზე, - არსებობს არა იმიტომ, რომ ისინი არიან ძლიერები, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ საკმარისად ძლიერნი: გვაკლია პოლიციელები, არასაკმარისია გაწვრთნილ პოლიციელთა რაოდენობა, შეზღუდულია მათი მოქმედების არე, გვაკლია რესურსები.”


ამერიკაში თავის პირველ საჯარო მიმართვაში კარზაი ავღანეთ-პაკისტანის საზღვრის, კერძოდ, ჩრდილო ვაზირისტანის პრობლემასაც შეეხო და განაცხადა, რომ აქვს ინფორმაცია პაკისტანის პრეზიდენტ ფერვეზ მუშარაფისაგან, რომ ამ მონაკვეთზე თალიბი პარტიზანული რაზმები ავღანეთის ტერიტორიაზე შეჭრას შეეცდებიან. კარზაი, რომელიც შიშობს, რომ პაკისტანის ხელისუფლება მხოლოდ საკუთარი ძალებით ვერ შეძლებს ამ პრობლემის მოგვარებას, აპირებს ავღანეთ-პაკისტანის საზღვრის უსაფრთხოების პრობლემა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშთან შეხვედაზე წამოჭრას. ეს შეხვედრა, სავარაუდოდ, 23 სექტემბერს გაიმართება - მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი გაეროს ტრიბუნაზე სიტყვით გამოვა და ოფიციალური ვიზიტით კანადასაც ესტუმრება.
XS
SM
MD
LG