Accessibility links

logo-print

”ბაღაფშის მთავრობამ სოხუმიდან ოჯახები გახიზნა, აფხაზეთში საქართველო-რუსეთის შესაძლო გარიგების ეშინიათ”


”ბაღაფშის მთავრობამ სოხუმიდან ოჯახები გახიზნა, აფხაზეთში საქართველო-რუსეთის შესაძლო გარიგების ეშინიათ” - ”ახალ ვერსიაში” ვკითხულობთ,

რომ ”სეპარატისტული მთავრობა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პირველად ელოდება ”რაღაც” სერიოზულს”. გაზეთის ინკოგნიტო წყარო იტყობინება, რომ ”თბილისის მხრიდან რადიკალური ნაბიჯების მოლოდინი აფხაზეთში კოდორის ხეობის ანტიკრიმინალური ოპერაციის შემდეგ გაჩნდა” და რომ კოდორის მოვლენებმა ”აფხაზურ პოლიტიკურ წრეებსა და საზოგადოებაში ვითარება უკიდურესად დაძაბა.”

აფხაზი ჩინოვნიკების მიერ ოჯახების რუსეთში გახიზვნამ აფხაზური საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია - ”მისი გარკვეული ნაწილი ეჭვობს, რომ, ვითარების დაძაბვის შემთხვევაში, ხელისუფლება, რომელსაც რუსეთში ცხოვრება აქვს აწყობილი, ხალხს, უბრალოდ, ბედის ანაბარად მიატოვებს,” - ამბობს ”ახალი ვერსიის” ინკოგნიტო წყარო. მის მიერ მოწოდებული ბოლო ინფორმაციით, რუსეთ-საქართველოს შორის შესაძლო გარიგებაზე საუბრების მიუხედავად, გუდაუთასთან არსებულ რუსეთის სამხედრო ბაზაზე მოსკოვიდან ”ვიმპელისა” და ”ალფას” სპეცდანიშნულების რაზმის ინსტრუქტორები ჩავიდნენ და აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებს წვრთნებს უტარებენ, თუმცა ოფიციალურად ისინი აფხაზეთში დამსვენებლების სტატუსით იმყოფებიან.”

ანონიმური წყაროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მსჯელობს ”რეზონანსიც”. გაზეთში ვკითხულობთ, რომ პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის ემზარ კვიციანის სატელევიზიო მიმართვიდან ორ დღეში კოდორის ხეობაში შეტაკება მოხდა: ”ორმხრივი სროლა კვიციანის დისშვილის ბაჩო არღვლიანის დაჯგუფებასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის წევრებს შორის გაიმართა. შსს-ში კი აცხადებენ, რომ ქართულ სპეცრაზმს გაურკვეველი აფხაზური დაჯგუფება დაუპირისპირდა”. ”რეზონანსის” ინფორმატორის ცნობით, სროლა ხეობაში დაახლოებით ერთ საათს გრძელდებოდა. სროლის შედეგად, დაიჭრა ერთი სპეცრაზმელი. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მსხვერპლია არღვლიანის მომხრეთა შორის.

”24 საათი” ”დისტანციაზე ბრძოლის” სტრატეგიასა და ტაქტიკაზე მსჯელობს. ამჯერად საუბარია ბრძოლაზე, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება. თუმცა გაზეთს მიაჩნია, რომ ბრძოლა ”ხელჩართული” ნამდვილად არ არის და რომ ”საარჩევნო კამპანია უჩვეულოდ მშვიდად და მონოტონურად მიმდინარეობს.” ასეთ წინასაარჩევნო სტილს, სტატიის ავტორის ვარაუდით, მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ხელისუფლების მიერ არჩეული ტაქტიკა. ”როგორც ჩანს, სახელმწიფო კანცელარიაში იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ უკეთესი იქნება, თუ პოლიტიკურ ოპონენტებთან ”ხელჩართულ ბრძოლაში” არ ჩაებმებიან და მოწინააღმდეგე დისტანციაზე ეყოლებათ. ოპოზიციასთან პოლიტიკურ დებატებში ხშირი მარცხი ხელისუფლებისთვის, ეტყობა, კარგი გაკვეთილი გამოდგა და მან ამ საყოველთაოდ მიღებულ წინასაარჩევნო ფორმაზე უარი თქვა,” - წერს ”24 საათი”.

”საქართველოს რესპუბლიკის” დაკვირვებით კი, ”რაც დრო გადის, გიგი უგულავა გაჭრილი ვაშლივით ემსგავსება პრეზიდენტ სააკაშვილს”. კორესპონდენტს მიაჩნია, რომ პრეზიდენტს ”თბილისის მერი და მერობის კანდიდატი უგულავა” ბევრი რამით ბაძავს, მაგალითად, ”ხშირი და სწრაფი სიარულით, ორატორობისას შიგადაშიგ ”აფეთქებებით” და ა.შ.”.
XS
SM
MD
LG