Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობა 2007 წლის ბიუჯეტის პროექტს ამზადებს


ორიოდე კვირის წინ საქართველოს მთავრობამ ერთხელ უკვე მოისმინა მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები. დღეს კი, 20 სექტემბერს,

მინისტრთა კაბინეტს 2007 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტზე უნდა ემსჯელა, თუმცა განხილვა 1 კვირით გადაიდო. მიზეზი ოფიციალურად არავის დაუსახელებია, რადგან მთავრობას ჯერ კიდევ აქვს დრო ბიუჯეტის პროექტის დასამტკიცებლად. კანონმდებლობის მიხედვით, მომავალი წლის საფინანსო გეგმა საქართველოს პარლამენტში 1 ოქტომბრამდე უნდა შევიდეს. მინდა 2007 წლის ბიუჯეტის პროექტის ზოგიერთ პარამეტრსა და ტენდენციაზე გესაუბროთ.

მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის როგორც ხარჯვითი ნაწილი, ასევე შემოსავლები აღემატება მიმდინარე წლის ბიუჯეტის პარამეტრებს. მომავალი წლისთვის ბიუჯეტში დაახლოებით 50 მილიონი ლარით მეტი უნდა შევიდეს წლევანდელთან შედარებით. უფრო კონკრეტულად კი, არასაგადასახადო და საგადასახადო შემოსავლები, საერთო ჯამში, 3 მილიარდ 444,3 მილიონი ლარის ოდენობით განისაზღვრა. საქართველოს მთავრობა კი ამ თანხაზე 426 მილიონი ლარით მეტის დახარჯვას აპირებს. საფინანსო ენაზე, სწორედ 426 მილიონი ლარია ბიუჯეტის დეფიციტი. აქედან 260 მილიონამდე ლარის დაფარვას საქართველოს მთავრობა შიდა რესურსებიდან გეგმავს, დანარჩენი კი უცხოური გრანტებითა და კრედიტებით დაიფარება. არადა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი დეფიციტის განახევრებას მოითხოვს.

[ჯონ ვეიკ ლინის ხმა] ”მთავრობასთან შევთანხმდით, რომ ის შეამცირებს ბიუჯეტის დეფიციტს მთლიანი შიდა პროდუქტის 1,8 პროცენტით, ანუ 230 მილიონი ლარით.”

ეს არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელი ჯონ ვეიკ ლინი, რომელიც ფიქრობს, რომ დეფიციტის შემცირება ინფლაციის შეჩერების ერთ-ერთი წინაპირობაა. გაითვალისწინებს თუ არა ამ რეკომენდაციას საქართველოს მინისტრთა კაბინეტი, ეს ბიუჯეტის საბოლოო პროექტის განხილვისას გამოჩნდება.

წინასწარი პარამეტრებიდან კი გამოვყოფ რამდენიმე ციფრს, რომლებიც ნათლად ასახავენ მომდევნო წლის ბიუჯეტის ძირითად პრიორიტეტებს. რა თქმა უნდა, ესაა ნატოს სტანდარტების შესაბამისი თავდაცვის სისტემის შექმნა. ფინანსთა მინისტრის ლაშა გოცირიძის კომენტარი:

[ლაშა გოცირიძის ხმა]” ჩვენ გვქონდა კონსულტაციები...”

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ბიუჯეტის პროექტის სამთავრობო განხილვამდე მოერიდა თავდაცვის სისტემისთვის განსაზღვრული თანხის დაკონკრეტებას. არაოფიციალური წყაროებიდან კი ცნობილი გახდა, რომ 2007 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სამხედრო ხარჯები თითქმის განახევრებულია. თუ წელს ქვეყნის თავდაცვის სისტემის მშენებლობაზე 605 მილიონი ლარი იხარჯება, გაისად მხოლოდ 392 მილიონი დაიხარჯება. შეგახსენებთ, რომ ეს არის ბიუჯეტის პროექტის არაოფიციალური მონაცემი.

საფინანსო გეგმის სხვა პრიორიტეტების შესახებ ლაშა გოცირიძის კომენტარიდან შეიტყობთ:

[ლაშა გოცირიძის ხმა] ”ეს არის...”

უფრო მეტი 2007 წლის ბიუჯეტის პარამეტრების შესახებ ცნობილი გახდება მომავალ კვირაში, როდესაც საქართველოს მთავრობა პროექტის შესახებ მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე ღიად დაიწყებს მსჯელობას.
XS
SM
MD
LG