Accessibility links

logo-print

დნესტრისპირეთის რეფერენდუმი - სვლა რუსეთის დიდ ჭადრაკის დაფაზე


თვითაღიარებული დნესტრისპირეთის დამოუკიდებლობის რეფერენდუმიდან სამი დღე გავიდა, მაგრამ ჯერჯერობით კვლავ არაფრით დასტურდება რუსეთის პირდაპირი

მონაწილეობა ამ პლებისციტში. თუმცა ის ფაქტი, რომ რეფერენდუმის რიგში საქართველოს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაც დგას, ბევრ უცხოელ ანალიტიკოსს აფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს ფართო რუსულ სტრატეგიასთან, კიდევ უფრო გაზარდოს თავისი გავლენა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე, იმ დროს როცა ევროკავშირი, როგორც ჩანს, არ ამჟღავნებს მზადყოფნას გახდეს რუსეთის საპირწონე. ამ საკითხზე რამდენიმე ცნობილი ევროპელი ექსპერტის მოსაზრებას გაგაცნობთ.

სანამ დასავლეთის ქვეყნები დნესტრისპირეთის პლებისციტს უნდობლობით ეკიდებიან, რუსეთი აცხადებს, რომ შეიძლება ცნოს რეფერენდუმის შედეგები. ასეც რომ არ იყოს, რეფერენდუმი კარგი საშუალებაა კონფლიქტების გაყინულ მდგომარეობაში შესანარჩუნებლად, რამაც, შესაძლოა, მოლდოვეთის ევროკავშირსა და ნატოსთან დაახლოების პროცესი შეაფერხოს. ბრიუსელში არსებული ევროპული პოლიტიკის შემსწავლელი ცენტრის წარმომადგენლის მაიკლ ემერსონის აზრით, რეფერენდუმი დნესტრისპირეთში აშკარად ხელს უწყობს კრემლს დიდი გეგმის განხორციელებაში:

[მაიკლ ემერსონის ხმა]“რუსეთის სტრატეგია იმაში მდგომარეობს, რომ შეეცადოს აღადგინოს თავისი ძალა და დაკარგული გავლენა ევროპის მეზობელ ქვეყნებზე ან, ზოგადად, ყოფილ საბჭოთა ქვეყნებზე, გარდა ბალტიისპირეთისა. მაგრამ მოლდოვეთის პრობლემების მოუგვარებლობა საკმაოდ ხელსაყრელი “მავნებლობის ინდექსია” რუსეთის დიპლომატიისთვის.”

სხვა გაყინულ კონფლიქტებს - სამხრეთ ოსეთისას და აფხაზეთისას, საქართველოს შემთხვევაში, და მთიანი ყარაბახის გამო სომხეთისა და აზერბაიჯანის დაპირისპირებას ასეთივე “მავნებლობის ინდექსი” აქვს ამ ქვეყნების დასავლური ამბიციების დასაცხრომად. კრემლის პოლიტიკა, შეაფერხოს ამ ქვეყნების ევროატლანტიკური ინტეგრაცია, მაიკლ ემერსონის თქმით, ცნობილია ევროკავშირისათვის, მაგრამ ევროპის ბლოკის ფრთხილი მიდგომა სრულიადაც არ არის საკმარისი:

[ემერსონის ხმა]“ევროპის კავშირის ძალისხმევა საკმარისი არ არის ამ ქვეყნებისათვის. ის მათ სთავაზობს “სამეზობლო პოლიტიკას”. კერძოდ, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ მოლდოვეთსაც და უკრაინასაც ყოველგვარი პერსპექტივა მოესპოთ ევროპის კავშირში გაწევრიანებისა.”

ანალოგიურად ფიქრობს ბრიუსელში არსებული ევროპული პოლიტიკის ცენტრის კიდევ ერთი მეცნიერ-თანამშრომელი ამანდა აქსაკოცა, რომელიც ამბობს, რომ ევროკავშირის ასეთი ფაქიზი სტრატეგია ვერ გადაწონის რუსეთის უფრო მკვეთრ დამოკიდებულებას:

[ამანდა აქსაკოცას ხმა]“რუსეთი აკეთებს იმას, რაც უნდა. და ევროკავშირის ვერავითარი ძალისხმევა ვერ შეცვლის ამ პოლიტიკას.”

ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობამ დიდი ხნის წინ მკაფიოდ განაცხადა,რომ მათ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად რუსეთთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება მიაჩნიათ.
XS
SM
MD
LG