Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესა


შეძლებს თუ არა სააკაშვილი გაეროს დარწმუნებას და რას ნიშნავს სააკაშვილ- აჰმადინეჟადის გააქტიურებული თანამშრომლობა?

- გაზეთ “რეზონანსის” ამ და სხვა შეკითხვებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე უპასუხებს. პოლიტოლოგის აზრით, საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა გაეროს ასამბლეის 61–ე სესიაზე გაეროს აქტიური დახმარებითა და მისი პოზიციების მკვეთრი შეცვლით არ დაგვირგვინდება. თუმცა, მეორე მხრივ, პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ მაინც არ იქნება ფუჭი საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაეროს ტრიბუნის ეფექტურად გამოყენების მცდელობა. „თუ საერთაშორისო თანამეგობრობა არ დაგვეხმარება, საქართველო შეეცდება საკუთარ ძალებზე დაყრდნობით აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა.“ პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის ასეთი მკაცრი ტონი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას მიიპყრობს. მისი აზრით, სწორია, რომ საქართველო მეტის მოთმენას აღარ აპირებს.

“დამოუკიდებლობიდან ყველის ფესტივალამდე” – ეს გაზეთ “24 საათის” მოწინავე სტატიაა და იგი სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის მოსკოვში გუშინდელი ვიზიტის მიზნებსა და შედეგებს შეეხება. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერმა რეგიონის ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობის დღე მოსკოვში რუსეთის დედაქალაქის მერიასთან ხელშეკრულების გაფორმებით აღნიშნა. პროტესტი არაღიარებულ რესპუბლიკასთან მოსკოვში ხელმოწერილი ხელშეკრულების გამო გუშინ საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გამოთქვა. საკუთარ მოსაზრებას ამ მოვლენასთან დაკავშირებით გაზეთი “24 საათი” შემდეგნაირად გამოხატავს: „ გაურკვეველი სტატუსისა და განუვითარებელი ეკონომიკის მქონე სეპარატისტული წარმონაქმნები დონორების, რუსეთის რეგიონების, დახმარების გარეშე სიცოცხლისუუნაროები არიან, რუსული პასპორტებისა და პენსიების გაცემის მიუხედავად. ასეთი იატაკქვეშა ეკონომიკური დახმარება ვერც აფხაზეთისა და ვერც სამხრეთ ოსეთის მდგომარეობას დიდად ვერ შეცვლის. თუმცა გამორჩეული მნიშვნელობა აქვს ჩრდილოეთ ოსეთის ცხინვალთან შემაერთებელი გაზსადენის მშენებლობის პროექტს, რომელმაც სამხრეთ ოსეთი საქართველოს გაზის დისტრიბუციის სისტემას უნდა მოსწყვიტოს. ის იმდენად ძვირად ღირებულია და რთულია ტექნიკური თვალსაზრისით, რომ მისი განხორციელება რუსეთის მხრიდან საქართველოსთან მრავალი წლის განმავლობაში მწვავე დაპირისპირებისათვის მზადყოფნის მანიშნებელი იქნება.“

რუსეთი საქართველოს ნოემბერში დაარტყამს. - ასეთ პროგნოზს გაზეთი “ალია” აკეთებს, დარტყმაში კი მოსალოდნელ ენერგეტიკულ ომს გულისხმობს. რით დაგვეხმარება ასეთ შემთხვევაში ირანი? – ამ შეკითხვის პასუხი შემდეგია: თეირანი თანახმაა გაზი მოგვაწოდოს, მაგრამ როგორ? სომხეთის გაზსადენები რუსეთს აქვს პრივატიზებული და, შესაბამისად, თუ ზამთარში დასჭირდა, შეაჩერებს. ერთადერთი შანსი ისევ ბაქოა. თუმცა, პოლიტიკური თამაშები ალიევსაც უწევს. მაგალითად, ის სუამის შეხვედრაზე არ გამოცხადდა. მოკლედ, გაზეთ”ალიას” შეფასებით, პრობლემები ბევრია და ლოგიკურია, რომ ქვეყანამ უკვე დაიწყო მათი გადაჭრისათვის ბრძოლა: „ ახლა სააკაშვილი ცდილობს, სულ უფრო მეტი შესაძლებლობის დემონსტრირება მოახდინოს. ვნახოთ, რა გამოვა აქედან. თუმცა ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ ირანი გაზს მოგვყიდის. და ეს რუსეთთან მისი პარტნიორობის მიუხედავად. ინტერესები თეირანსაც აქვს, თუნდაც გაზზე ფასების პოლიტიკის სფეროში.” ეს არის ციტატა გაზეთ “ალიაში” გამოქვეყნებული პუბლიკაციიდან, სათაურით „ რუსეთი საქართველოს ნოემბერში დაარტყამს.“

დღესვე გაზეთი “ალია” შეეცადა მკითხველისთის განემარტა, რას ნიშნავს ნატოსთან ინტენსიური დიალოგის ეტაპი. გაზეთის თანახმად, ნატო მაპზე - გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე - გადასვლამდე, ინტენსიური დიალოგის ფარგლებში, თავად დადებს რეკომენდაციებს და საქართველოში უფრო ინტენსიურად გამოგზავნის სპეციალურ ჯგუფებს, რათა ქვეყანამ ნატოს წინაშე აღებულ ვალდებულებათა შესრულება შეძლოს. ასე რომ, “ალიას” თანახმად, ნატომდე ერთი კი არა, მრავალი ნაბიჯია, თუმცა, რეგიონში ვითარების საომარი ესკალაციის შემთხვევაში, შესაძლოა, გამონაკლისიც იქნეს დაშვებული.
XS
SM
MD
LG