Accessibility links

logo-print

საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები - რას ეფუძნება ამ მიმართულებით საქართველოში არსებული მოლოდინი და რამდენად არის ეს მოლოდინი რეალური


როგორც ჩანს, სააკაშვილს სანუკვარი ოცნება უნდა აუხდეს - ასეთი შეფასება მოჰყვა რუსეთში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეთანხმებას საქართველოსთან ინტენსიური დიალოგის დაწყების თაობაზე.

შეთანხმება ნატოსკენ საქართველოს სვლაში სერიოზულ წინგადადგმულ ნაბიჯად აღიქმება თავად საქართველოშიც. რას ნიშნავს ნატო-საქართველოს ურთიერთობაში ახალი ეტაპის დაწყება, სავარაუდოდ, რა დროში შეიძლება დადგეს შემდგომი ეტაპი, MAP-ი, ანუ საქართველოს ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე გადასვლა, და, საერთოდ, რას ნიშნავს საქართველოსთვის ნატომდე მისვლა? ამის შესახებ პოლიტოლოგ ალექსანდრე რონდელს ვესაუბრე.

[ალექსანდრე რონდელის ხმა] ”ინტენსიური დიალოგი არ არის დროში გაწელილი და გაუთავებელი. რა თქმა უნდა, ის უნდა გავიაროთ - თან, წარმატებით - და შემდეგ იქნება map -ი. ეს თითქოს დაჯავშნული ბილეთია. დაჯავშნულია, მაგრამ ფული არ არის გადახდილი და არც ვადაა მითითებული. ვადა შეიძლება შეიცვალოს.”

ნატოში გაწევრიანების ბილეთის დაჯავშნამდე საქართველოს ნატოსთან ინტენსიური დიალოგის წარმატებით გავლა მართებს. ნატოს რიგის სამიტამდე ინტენსიურ დიალოგის პროგრამაზე გადასვლის შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლებაში არ გამორიცხავენ წლის ბოლომდე საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის შეთავაზებასაც. სხვადასხვა გარემოების გათვალისწინებით, ალექსანდრე რონდელს ეეჭვება, პროცესი ასე სწრაფად წარიმართოს, სხვათა შორის, ასეთი მიზეზის გამოც:

[ალექსანდრე რონდელის ხმა] ” მე არ მგონია რიგაში რაიმე განსაკუთრებული მოხდეს, იმიტომ რომ ჩვენს მეზობელს ერთი მწარე ლუკმა ჩააყლაპეს და, თუ მეორეც ასე სწრაფად მიაყოლეს, შეიძლება ცუდად გახდეს და ისტერიკა დაემართოს. ამიტომ აცლიან და ცოტა მოგვიანებით ჩააყლაპებენ. ”

ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ 2006 წლის 30 მაისს მიღებული დეკლარაციით ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ სახელმწიფოთა მთავრობებსა და პარლამენტებს მოუწოდა, რაც შეიძლება მოკლე ვადაში მიეღოთ პოზიტიური გადაწყვეტილება საქართველოსთან ინტენსიური დიალოგის დაწყების თაობაზე.
მანამდე იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გელა ბეჟუაშვილის გამოსვლა ნატოს შტაბბინაში, სადაც ითქვა: ”დროა წინ წავიდეთ. ინტენსიური დიალოგი არის შემდგომი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რადგან ის პოტენციურ კანდიდატებს შესაძლო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას აცნობს. ჩვენი მიზანია ინტენსიური დიალოგი საქართველოში რეფორმათა პროცესის შეუქცევადობის მიზნით გამოვიყენოთ. ” ნათქვამის მიუხედავად, ბევრი აღნიშნავს, რომ, რეფორმების მიმდინარეობის კუთხით, საქართველოში საქმე მაინცდამაინც სახარბიელოდ არ არის. ნატო არ არის მარტო სამხედრო ალიანსი. მას ღირებულებებზე დაფუძნებულ გაერთიანებასაც უწოდებენ. ჩვენ ალექსანდრე რონდელს ვკითხეთ, რამდენად შეიძლება იქცეს ნატოში საქართველოს გაწევრიანების მიზანი ქვეყნის ხელისუფლებისთვის იძულებად, დააჩქაროს დემოკრატიული რეფორმები:

[ალექსანდრე რონდელის ხმა] ”ჩვენი პრობლემა ხომ არის დაულაგებლობა, უწესრიგობა, უდისციპლინობა, სტრატეგიული მიზნების, მათი მიღწევის მეთოდების უცოდინრობა. როცა ხდები ასეთი პატივსაცემი ორგანიზაციის წევრი, ეს ნიშნავს, რომ რაღაც გამოცდა ჩააბარე. გარდა ამისა, გაიძულებენ, ეს გამოცდა ჩააბარო და იაზროვნო სწორად. ”

ნატოს წევრობისთვის საქართველოს, მართლაც, სერიოზული გამოცდის ჩაბარება მართებს. რამდენად სწრაფად შეიძლება მოხდეს ალიანსში საქართველოს მიღება, ეს, ალექსანდრე რონდელის თქმით, საქართველოში რეფორმების წარმატებულობაზეც არის დამოკიდებული და საერთაშორისო პროცესებზეც - იმაზე, თუ რა ურთიერთობები ექნებათ ალიანსის წევრ სახელმწიფოებს რუსეთთან, რა პროცესები განვითარდება თავად რუსეთში და, გარდა ამისა, ენერგოუსაფრთხოების სფეროში. პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ საქართველო ერთი პატარა ნავია, რომელიც ამ ოკეანეში გზას იკვლევს. ”ამ ეტაპისთვის გზის გაკვალვა წარმატებით ხდება,” დასძენს ის ნათქვამს. ვნახოთ, რა იქნება შემდეგ....
XS
SM
MD
LG