Accessibility links

logo-print

კანადელი ინვესტორი სტრასბურგის სასამართლოში ჩივის


სახალხო დამცველის აპარატი კანადელი ბიზნესმენისა და „საქართველოს თამბაქოს წარმოების“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ჰუსეინ ალის საქმით დაინტერესდა.



კანადის მოქალაქე ამტკიცებს, რომ ხელმოწერებისა და საბუთების გაყალბებით წაართვეს თამბაქოს მწარმოებელი ქარხნის 8 მილიონ ამერიკულ დოლარად შეფასებული აქციების 90 პროცენტი. მოგვიანებით, ქართველმა სამართალდამცავებმა დააკავეს და პასუხისგებაში მისცეს როგორც ხელმოწერის გამყალბებელი, ასევე ნოტარიუსი, რომელმაც ყალბი მინდობილობა დაამოწმა. თუმცა, როგორც კანადელი ბიზნესმენი ამტკიცებს, ამის იქით საქმე აღარ წასულა: ჰუსეინ ალის კუთვნილი აქციები კვლავ ქართველი პარტნიორის ხელში რჩება. როგორ აპირებს უცხოელი ინვესტორი დაკარგული ქონების დაბრუნებას?

2004 წლის 6 სექტემბრამდე „საქართველოს თამბაქოს წარმოების“ 90 პროცენტს კანადელი ბიზნესმენი ჰუსეინ ალი ფლობდა, ხოლო დანარჩენ 10 პროცენტს - საქართველოს მოქალაქე ავთანდილ წერეთელი. 6 სექტემბერს წარმოების იურიდიული სამსახურის უფროსმა თამაზ მელქაძემ, რომელიც ჰუსეინ ალის წარმოადგენდა ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში, „საქართველოს თამბაქოს წარმოების“ აქციათა 90 პროცენტი გადასცა ვინმე აჰმედ იუნესს, ხოლო ამ უკანასკნელმა, როგორც სამოქალაქო რეესტრის ჩანაწერიდან ირკვევა, უკლებლივ ყველა აქცია ჰუსეინ ალის პარტნიორს ავთანდილ წერეთელს მიჰყიდა. კანადელი ბიზნესმენის ადვოკატი ალექსანდრე ბარამიძე ამტკიცებს, რომ თამაზ მელქაძე ნოტარიუს ჩხიკვაძის მიერ დამოწმებული ყალბი მინდობილობით მოქმედებდა:

[ალექსანდრე ბარამიძის ხმა] „აღნიშნულ მინდობილობაზე ჰუსეინ ალის ხელმოწერა იყო გაყალბებული. თამაზ მელქაძესა და ნოტარიუს ჩხიკვაძეს წარედგინათ ბრალი, თუმცა ეს ორი პირი, რომლებიც დანაშაულის შემსრულებლები იყვნენ, გაექცნენ მართლმსაჯულებას სასაცილოდ მცირე სასჯელით: მიუსაჯეს ხუთი წელი პირობითი სასჯელი და ჯარიმა 10 ათასი ლარი.“

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 2006 წლის 13 აპრილს განსასჯელებსა და პროკურატურას შორის საპროცესო შეთანხმება დაზარალებულის ინტერესების იგნორირებით გაფორმდა. დამნაშავედ ცნობილ მელქაძესა და ჩხიკვაძეს არ გაუმხელიათ, თუ ვისი მითითებით ან დავალებით მოქმედებდნენ. არადა, კანადელი ბიზნესმენი ქართული მართლმსაჯულებისგან სწორედ რომ დანაშაულის ორგანიზატორთა გამოვლენასა და დასჯას ითხოვს:

[ჰუსეინ ალის ხმა] „საქართველოს სასამართლოებში ორწლიანი ბრძოლის შემდეგ მრჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ საქართველოში სამართალი არ არსებობს და რომ სასამართლო სისტემაში ფესვი აქვს გადგმული კორუფციას. ჩემი ერთადერთი მოთხოვნაა, დაისაჯოს ყველა დამნაშავე, მათ შორის, დანაშაულის ორგანიზატორები და ის სახელმწიფო მოხელეები, რომლებიც მფარველობენ კრიმინალებს. იმედი მაქვს, რომ ქართული სასამართლო საკითხს ჩვენს სასარგებლოდ გადაწყვეტს, იმიტომ რომ საქმეს უკვე სტრასბურგის სასამართლოც ეცნობა.“


თუმცა კანადელი ბიზნესმენის ოპტიმიზმს არ იზიარებენ „საქართველოს თამბაქოს წარმოებაში“. კომპანიის წარმომადგენელს რუსუდან ლაგვილავას ეჭვი შეაქვს ექსპერტიზის დასკვნის მართებულობაში:

[რუსუდან ლაგვილავას ხმა] „ჰუსეინ ალი ხომ ადასტურებს, რომ მისი ხელმოწერა ყალბია. მხოლოდ მიკერძოებულ ექსპერტიზაზე დაყრდნობით ადასტურებს ამას. თუ მას მართლა სურს სიმართლის დამტკიცება, მაშინ სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი ექსპერტიზა.“

ჰუსეინ ალის კიდევ ერთი ადვოკატი ჰანს ფონ საქსენ-ალტენბურგი ამბობს, რომ კანადელი ბიზნესმენის ხელმოწერის გაყალბების ფაქტს ადასტურებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომელიც მიმდინარე წლის 24 მარტს გაიცა. ადვოკატი, რომელსაც ეჭვი არ ეპარება, რომ სამართალს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში იპოვის, საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს:

[ჰანს ფონ საქსენ-ალტენბურგის ხმა] „ქონებრივი ზარალი უკვე 40 მილიონ დოლარს შეადგენს და, ალბათ, ხვდებით რამხელა თანხის გადახდა მოუწევს ქართველ მოსახლეობას მხოლოდ იმისთვის, რომ მოახდინოს ოთხი თუ ხუთი ადამიანის მიერ ჩადენილი დანაშაულის კომპენსაცია.“

კანადელი ბიზნესმენისა და მისი ადვოკატების მიმართვას ჯერჯერობით მხოლოდ სახალხო დამცველის ოფისი გამოეხმაურა. სოზარ სუბარი გამოძიების მასალებისა და სასამართლო სხდომათა ოქმების შესწავლის შემდეგ ასკვნის:

[სოზარ სუბარის ხმა] „დადგენილია, რომ ჩადენილია სიყალბე, დადგენილია, რომ ჩადენილია დანაშაული, რომ ქონების მითვისება მოხდა ხელმოწერის გაყალბების გზით და, მიუხედავად ამისა, არ მოხდა მთავარი: არ დაუბრუნდა მფლობელს მისი საკუთრება, არ დაისაჯა არავინ!“

სახალხო დამცველი წერილს უგზავნის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და ნინო ბურჯანაძეს კანადელი ბიზნესმენის ჰუსეინ ალის საქმესთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას სთხოვს. სოზარ სუბარი დარწმუნებულია, რომ სამართალდამცავ ორგანოთა მიერ ჩადენილი უკანონობით, მართლმსაჯულების არამართებულად განხორციელებითა და გამოძიების გაჭიანურების შედეგად, შეილახა კანადის მოქალაქის, როგორც მესაკუთრის, უფლება.
XS
SM
MD
LG