Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის 61-ე სესიაზე


ნიუ-იორკში გრძელდება გაეროს გენერალური ასამბლეის 61-ე სესია. ის საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩევა, რადგან დღის წესრიგშია შეტანილი “სუამ”-ის წევრ ქვეყნებში “გაჭიანურებული კონფლიქტების საკითხის” განხილვა.

“სუამ”-ში, მოგეხსენებათ, საქართველოც შედის და იმთავითვე ცხადი იყო, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სესიაზე გამოსვლისას წამოჭრიდა კონფლიქტების საკითხს. ასეც მოხდა.

საქართველოს პრეზიდენტი პარასკევს, თბილისის დროით 18 საათზე წარდგა გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე შეკრებილების წინაშე.

გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლამდეც ბევრჯერ ითქვა, რომ აქცენტი გაკეთდებოდა კონფლიქტების მოგვარების საკითხებზე, ამ კონტექსტში რუსი მშვიდობისდამცველების როლზე, თუმცა ითქვა ისიც, რომ ყურადღების მიღმა არ დარჩებოდა მიღწეული წარმატებები, თუნდაც ნატოსთან ურთიერთობაში. ქართველ ხელისუფალთა შეფასებით, ისტორიული მოვლენაა ნატოს მიერ ქართული მხარისთვის ინტენსიური დიალოგის ფორმატის შეთავაზება. ეს, როგორც ცნობილია, ხუთშაბათს მოხდა ნიუ-იორკშივე, ნატოს საგარეო უწყებათა ხელმძღვანელების შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებით.

რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლას გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე, მიხეილ სააკაშვილმა ჯერ პატივისცემა გამოთქვა გაეროს, მისი მიზნებისა და როლის მიმართ, მადლობა გადაუხადა გაეროს მუშაობისთვის სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ახსენა საქართველოში 2003 წლის ნოემბრის რევოლუციაც და მას შემდეგ მიღწეული მრავალი წარმატება, რეფორმა. სააკაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ წამყვანი საფინანსო ინსტიტუტების მიერ საქართველო წამყვან რეფორმისტ ქვეყნად არის აღიარებული. შემდეგ კი სააკაშვილმა, უმეტესწილად, პრობლემურ საკითხებზე ილაპარაკა: მათ შორის, ბუნებრივია, სეპარატისტული კონფლიქტებიც არის.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "ეს კონფლიქტები ძირს უთხრის ჩვენს სტაბილურობას და ჩვენი რეგიონის სტაბილურობას. მემკვიდრეობა, რომელიც გვერგო, უშუალოდ არის დამნაშავე ჩვენი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის ძირითად უფლებათა სისტემატურ დარღვევაში. წარმოიდგინეთ, რომ ამ საზარელი მოვლენების მსხვერპლ ბავშვებს საშუალებას არ აძლევენ, მშობლიურ ენაზე ისწავლონ და ილაპარაკონ; ხანდაზმულთ ხელი არ მიუწვდებათ სამედიცინო მომსახურებაზე, ხოლო ახალგაზრდებს რიგიანი განათლების მიღების საშუალება არ აქვთ. ასიათასობით ადამიანი ვერ ბრუნდება საკუთარ სახლში, რომლის დატოვება მიზანმიმართული ეთნიკური წმენდის შედეგად მოუხდა და რომელიც მრავალ შემთხვევაში უკანონოდ გაიყიდა ან სულაც დანგრეულ იქნა. მტკივნეული, მაგრამ ფაქტებით დასაბუთებული სიმართლეა, რომ ხდება ამ რეგიონების ანექსია ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის - რუსეთის ფედერაციის - მიერ, რომელიც აქტიურად უწყობდა ხელს მათთან დაახლოებას რუსეთის პასპორტების მასობრივი გაცემის გზით, რაც საერთაშორისო სამართლის პირდაპირი, უპრეცედენტო დარღვევაა."

მაშ ასე, რგორც მოსალოდნელი იყო, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლაში გაიჟღერა მკაცრმა კრიტიკამ რუსეთის მისამართით. სააკაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე შეკრებილებს შეახსენა, რომ რუსმა მშვიდობისდამცველებმა, აფხაზეთში 12-წლიანი მისიის განმავლობაში დღემდე ვერ შექმნეს პირობები 250 000 დევნილის მშობლიურ მიწა-წყალზე დასაბრუნებლად, რომ კონფლიქტის ზონებში არის მსხვერპლი.

სააკაშვილის თქმით, აუცილებელია ბოლო მოეღოს ადამიანების ტანჯვას. [მიხეილ სააკაშვილის ხმა] “ამ კონფლიქტებთან ერთად მემკვიდრეობით გვერგო სამშვიდობო მისიებისა და მოლაპარაკების ფორმატები, რომლებიც აღარ არის ეფექტიანი. მარტივად რომ ითქვას: ისინი ხელს ვერ უწყობს ვერც მშვიდობას და ვერც რიგიან მოლაპარაკებას.”

აქვე უნდა ითქვას, რომ საქართველოს პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 61-ე სესიაზე გამოსვლის დროს შეეხო კოსოვოს საკითხსაც: მან აღნიშნა, რომ არ შეიძლება, კოსოვო გამოყენებულ იქნეს პრეცედენტად საქართველოს ტერიტორიაზე სეპარატისტულ კონლიქტებთან მიმართებაში და რომ ეს კონფლიქტები მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის საფუძველზე, მშვიდობიანი ძალისხმევის შედეგად უნდა მოგვარდეს.

მიხეილ სააკაშვილმა გამოთქვა რწმენა, რომ საჭიროა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მოლაპარაკებისა და სამშვიდობო მისიების ფორმატების შეცვლა. მანვე შემდეგნაირად აღწერა კონფლიქტების მოგვარების ახალი საგზაო რუკის მთავარი ელემენტები:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] “ამ გეგმის არსებით ელემენტებს შორის უნდა იყო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დემილიტარიზაცია, გაეროს, ეუთოს, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური მხარდაჭერით. უნდა იყოს პირდაპირი დიალოგი მხარეებს შორის - და აქ ვგულისხმობ დიალოგს ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და სამხრეთელ ოსებს შორის - რათა მათ მშვიდობისთვის პასუხისმგებლობა იგრძნონ. ასეთ ძალისხმევას შეიძლება მოჰყვეს და მოჰყვება კიდეც წარმატება ორივე რეგიონში საერთაშორისო საპოლიციო ძალების განთავსების შედეგად, ისევ და ისევ საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური მონაწილეობით.”

ეს იყო კიდევ ერთი ნაწყვეტი გაეროს გენერალური ასამბლეის 61ე სესიაზე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლიდან. მას, ალბათ კიდევ არაერთხელ დავუბრუნდებით.
XS
SM
MD
LG