Accessibility links

logo-print

ქართველი პოლიტიკოსის მიერ დანახული აფხაზეთი - ივლიანე ხაინდრავამ 19-20 სექტემბერს ბიჭვინთაში აფხაზების მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა


ორიოდე დღის წინ ბიჭვინთაში დასრულდა აფხაზეთში მოქმედი სტრატეგიული განვითარების კვლევების ცენტრის მიერ ორგანიზებული კონფერენცია,

რომლის მუშაობაში რამდენიმე ქართველმაც მიიღო მონაწილეობა, მათ შორის, რესპუბლიკური პარტიის წევრმა ივლიანე ხაინდრავამ. ”აფხაზეთი რეგიონის უსაფრთხოების კონტექსტში” - ასე ერქვა აფხაზების მიერ ორგანიზებულ კონფერენციას. მასზე მიწვევით ივლიანე ხაინდრავას პირველად მიეცა ომისშემდგომ აფხაზეთში ჩასვლის საშუალება.

[ივლიანე ხაინდრავას ხმა] ”თვითონ სოხუმშიც კი, რომელიც გვახსოვს ხალხმრავლობით, სიცოცხლის ჩქეფით, დღეს სულ სხვა სიტუაციაა. იზოლაციაში მოქცეული ჩიხის განცდაა იქ. თვალშისაცემია და შემაშფოთებელი, რომ ასეთი მიწა, ასეთი ლამაზი და პროდუქტიული, მიგდებულია და მიტოვებული. ” (სტილი დაცულია)

ბიჭვინთის კონფერენციაზე მიწვეული ქართველები, მათივე თხოვნით, მასპინძლებმა სოხუმში მხოლოდ 2 საათით შეატარეს. თბილისიდან ჩასულებს წიგნის რომელიმე მაღაზიის დათვალიერება სურდათ იმ მიზნით, რომ გაეგოთ რას კითხულობენ სოხუმში ქართულ-აფხაზურ კონფლიქტზე, კონფლიქტის ისტორიაზე, აფხაზეთის დღევანდელ მდგომარეობაზე. სოხუმის ერთ-ერთ წიგნის მაღაზიაში რაც ნახეს, ძირითადად იყო პროპაგანდისტული ხასიათის არცთუ საინტერესო ნაშრომები, გარკვეული საინტერესო ინფორმაციის შემცველი დოკუმენტების კრებულები, თუმცა ყველაფერი - ცალმხრივი. ” მათი სახელდახელო გადათვალიერებით კიდევ უფრო ცხადი ხდება, რომ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად იქმნება აფხაზეთის ისტორიის აფხაზური და ქართული ვერსიები,”- ამბობს ივლიანე ხაინდრავა და დასძენს : ” ამ ორ პროცესში დაშორიშორება , ამ ორ პროცესში სუბიექტივიზმი არ უწყობს ხელს აფხაზებსა და ქართველებს შორის ურთიერთობის მოწესრიგებას, მით უფრო მაშინ, როცა ენგურს იქით და აქეთ ასპარეზზე გამოდის თაობა, რომელსაც ურთიერთთან ცხოვრების არანაირი პრაქტიკა არა აქვს.”

ბიჭვინთის კონფერენციაზე წარმოდგენილი ქართველები და აფხაზები შედარებით ძველ თაობას ეკუთვნოდნენ. მასპინძელ მხარეს იყვნენ ოფიციალური პირები, მათ შორის, მაღალი რანგისა და საკმაოდ გავლენიანები - მაგალითად, დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი შამბა, უშიშროების საბჭოს მდივანი ლაკობა, თავდაცვის მინისტრის მოადგილე კუპალბა, აფხაზური საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები, თურქეთიდან მიწვეული აფხაზური დიასპორის წარმომადგენლები. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ რუსეთიდან მიწვეული ექსპერტებიც, გაეროს და ეუთოს წარმომადგენლები და, მათთან ერთად, რამდენიმე სოლიდური დასავლური არასამთავრობო ორაგნიზაციის თანამშრომლები. ”ჩემთვის საინტერესო იყო აფხაზების ქცევა სახლში, თანაც ისეთ სიტუაციაში,როცა სრულ უმრავლესობას წარმოადგენდნენ,”- გვითხრა ივლიანე ხაინდრავამ და იქვე განმარტა, რომ ქართველებთან დისკუსიაში აფხაზები იყვნენ უკომპრომისოები, დისკუსიის მიღმა, პირად ურთიერთობაში კი, ხაზგასმით კეთილგანწყობილები. საინტერესოა ერთი დეტალი: კონფერენციის მსვლელობისას აფხაზებმა, რა თქმა უნდა, დაადასტურეს, რომ მათთვის მიუღებელია პრობლემის გადაწყვეტის ის ხედვა, რომელიც საქართველოს მხარეს აქვს, თუმცა, ივლიანე ხაინდრავას თქმით, საგრძნობი გახადეს ფარული უკმაყოფილება ერთ-ერთი რუსი ექსპერტის მიმართ, რომელმაც თქვა, საქართველოს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში, რუსეთმა აფხაზეთში საკუთარი ჯარი უნდა შეიყვანოსო.

[ივლიანე ხაინდრავას ხმა] ” აი, ის, რაც მოიმოქმედა რუსეთმა აფხაზეთში იმავე საპრეზიდენტო არჩევნების ეპოპეაში, ამან აფხაზებზე მძიმე შთაბეჭდილება დატოვა. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ეს ხალხი თითქოს ორ ცეცხლ შუაა - აქეთ ქართველები, იქით რუსები - და ამ ორ მხარეს შორის უკეთეს არჩევანს თითქოს ვერ ხედავს.” (სტილი დაცულია)

ამიტომ, ივლიანე ხაინდრავას თქმით, როცა ეკითხები აფხაზს, რა სურს, გიპასუხებს - დამოუკიდებლობაო, თუმცა რამდენად არის შესაძლებელი აფხაზეთის დამოუკიდებლობა, ამაზე ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს. ” ამის გამო აფხაზეთში შეფარული სასოწარკვეთილება, უდავოდ, საგრძნობია, თუმცა აცხადებენ: ჩვენ პოლიტიკის ობიექტი კი არა, სუბიექტი უნდა ვიყოთო,” - აღნიშნავს აფხაზეთიდან დაბრუნებული ქართველი პოლიტიკოსი. ბიჭვინთიდან უკან, თბილისში მომავალს ,
ენგურს აქეთ მას მჩქეფარე ცხოვრება მოხვდა თვალში. ამბობს, ” ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს სხვა, გაცილებით მაღალგანვითარებულ, ქვეყანაში მოვხვდიო,” და იქვე დასძენს : ”სასურველია და აუცილებელი, რაც შეიძლება მეტ აფხაზს მიეცეს საქართველოში ჩამოსვლის საშუალება.”
XS
SM
MD
LG