Accessibility links

პრესის მიმოხილვა


დავით პაიჭაძე, თბილისი გასული კვირის ქართულ გაზეთებში შეიძლება თემატური მრავალფეროვნების აღმოჩენა. მაგალითად, “ახალი ვერსიიდან” შეიტყობდით, რომ საქართველოს ეკონომიკაში

გავლენის სფეროები ხელახლა გადანაწილდება. გაზეთი ვარაუდობს, რომ ეს მოხდება ადგილობრივი არჩევნების შემდეგ და დაიწყება რკინიგზით, საიდანაც, ”ახალი ვერსიის” ცნობით, შესაძლოა, წავიდეს დღევანდელი ხელმძღვანელი ირაკლი ეზუგბაია. ამ ზაფხულს რკინიგზამ რამდენიმე ახალი ხაზი გახსნა და სოლიდური შემოსავლებიც მიიღო. საქართველოში სატრანზიტო გადაზიდვები ლამის ყოველდღიურად იზრდება. ნავთობისა და გაზის საერთაშორისო პროექტების ამოქმედების შემდეგ კი ისინი კიდევ უფრო გაიზრდება. სახელისუფლებო წრეებს ირაკლი ეზუგბაიას საწინააღმდეგო არაფერი აქვთ. უბრალოდ, ამ სფეროში შემოსავლების არნახულ ზრდასთან ერთად, დრო მოვიდა, იქ მათთვის უფრო სანდო კაცი იყოს. ითქვა ისიც, რომ ეზუგბაიამ ზეწოლას ვეღარ გაუძლო და განცხადება მხოლოდ ამ მიზეზით დაწერა, - წაიკითხავდით “ახალ ვერსიაში”, რომელიც არ აზუსტებდა, მართლა დაწერა თუ არა საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელმა განცხადება გადადგომის შესახებ.

მიწისქვეშ გაუჩინარებული 31 მილიონი - ასე ჰქვია გაზეთ “ახალი 7 დღის” წერილს, რომელიც ჟურნალისტური გამოძიების ჟანრშია შესრულებული. გამოძიება ეხება თბილისის მეტროპოლიტენის მოდერნიზებისათვის დახარჯულ თანხას. ავტორები ეჭვს გამოთქვამენ, რომ ფული ჯეროვნად დაიხარჯა. წერილი ვრცელია და შეიცავს მეტროში გადაღებულ ფოტომასალას. რაც კადრებზეა გამოსახული, იმას რემონტისა და მოდერნიზების არაფერი ეტყობა. 31 მილიონი სჭირდება კოსმეტიკურ რემონტს და ვაგონის გადაღებვას? - კითხულობს “ახალი 7 დღე”. ჟურნალისტური გამოძიების მიზანი თანხების არამიზნობრივი ხარჯვის დასაბუთებაა. როგორ მოახერხა ეს გაზეთმა, შეგიძლიათ წაიკითხოთ და თავად განსაჯოთ.

გაზეთი “ახალი თაობა” კი არკვევდა, სად არის საქართველოში ყველაზე დიდი მოთხოვნა დასაქმებაზე. სოციალური დაცვისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს უფროსი ლევან ფრუიძე გაზეთს უცხადებს, რომ ამ მხრივ პირველ ადგილზეა იმერეთი, შემდეგ კახეთი და სამეგრელო. ფრუიძე აღნიშნავს დარღვევებსაც დასაქმების პროგრამის მიმდინარეობისას; მაგალითად, ადამიანები კონკრეტულ სამსახურებში მიდიან და ეუბნებიან, შენ რა გენაღვლება, ხელი მომიწერე და თანხას ავიღებო. საცხობებსა და საპარიკმახეროებში ეუბნებიან, თუ გინდათ, პროფესია კარგად შეგასწავლოთ, 450 ლარიდან 200 ლარი ჩვენ მოგვეცითო. ნებისმიერი კარგი საქმის გაფუჭება შეიძლება, თუ არ არსებობს ჯანსაღი, ნორმალური საზოგადოება - ასკვნის სახელმწიფო მოხელე.


XS
SM
MD
LG