Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთისა და ამბოხებული რეგიონების რეაქცია გაეროში სააკაშვილის გამოსვლაზე


საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლას გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე, სადაც მან მწვავედ გააკრიტიკა რუსეთის პოლიტიკა და ქმედებები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში

და თქვა, რომ საქართველოს არ უნდა ამ რეგიონებში დარჩეს რუსეთის სამშვიდობო ძალები, გამოხმაურება მოჰყვა რუსეთშიც და სეპარატისტულ რეგიონებშიც. გაეროს უშიშროების საბჭო თავის რეზოლუციებში რეგულარულად აღნიშნავს რუსეთის სამშვიდობო ძალების დადებით როლს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში, - თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა მიხეილ სააკაშვილის გამოსვლის კომენტირებისას. გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლას აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ საქართველოს სასარგებლოდ სიტუაციის შეცვლის ცალმხრივი მცდელობა უწოდა. რას ცდილობს საქართველო და რა არგუმენტები უპირისპირდება მის მცდელობებს?

ეს არის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის სამშვიდობო ძალების სხვა - ნეიტრალური და გაცილებით ქმედითი - ძალებით შეცვლის მცდელობა, რაც საქართველოს პრეზიდენტმა გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე საქართველოს სუვერენულ ნებად წარმოაჩინა. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, ამბობს: ”იქ გარკვევით ითქვა, რომ საქართველოს სუვერენული უფლებაა მის ტერიტორიაზე არ იყვნენ ძალები, რომლებიც არ სურს. ”არგუმენტები ასეთი იყო : რუსეთის მშვიდობისმყოფელთა არსებობის დროს აფხაზეთში დაიღუპა 2 ათასზე მეტი ადამიანი, 8 ათასზე მეტი ქართველის სახლი დაინგრა, 12 წლის მანძილზე სამშვიდობო ძალებმა ვერ შეძლეს 250 ათასი იძულებით გადაადგილებული პირის უკან დაბრუნება. გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან დასახელებულ ამ ფაქტებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დამახინჯებული უწოდა.

[სერგეი ლავროვის ხმა] ”გულწრფელად რომ გითხრათ,შემაშფოთა მიხეილ სააკაშვილის გამოსვლაში დამახინჯებული ფაქტების რაოდენობამ. მან განაცხადა, რომ, სამშვიდობოების ქმედებათა გამო, დევნილები ვერ ბრუნდებიან აფხაზეთში, კერძოდ, გალის რაიონში, მაშინ როცა დაახლოებით 60 000 დევნილი უკვე დაბრუნდა. “

უკან დაბრუნებულ დევნილებში ლავროვს, რა თქმა უნდა, გალის რაიონში სპონტანურად დაბრუნებულები უნდა ეგულისხმა. არსებობს უამრავი ფაქტი გალის რაიონში, რუსეთის სამშვიდობო ძალების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ქართველების დევნის და შევიწროებისა. საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ შეუძლებელია ამ სიტუაციის შენარჩუნება. მიზანი არის ერთი - საერთაშორისო თანამეგობრობის სუბიექტები დარწმუნდნენ ამაში და დაარწმუნონ რუსეთიც. რამდენად მნიშვნელოვანი მექანიზმია ამისთვის გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნა და გენერალური ასამბლეის სესიის დღის წესრიგში განსახილველად სუამის ქვეყნების ტერტორიაზე გაყინული კონფლიქტების შესახებ რეზოლუციის პროექტის შეტანა? ამ შეკითხვას გიგა ბოკერია უპასუხებს:

[გიგა ბოკერიას ხმა] ”ეს არის მნიშვნელოვანი კომპონენტი, მაგრამ არა ერთადერთი. ამ ტრიბუნას ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში არ ვიყენებდით. ახლა ვიყენებთ და, სხვა საერთაშორისო ინიციატივებთან ერთად, ეს ზრდის საშუალებას ბევრად უფრო ნორმალურ კალაპოტში გადავიტანოთ ამ პრობლემების მოწესრიგების საქმე. ”


გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო ძალების შეცვლის მოთხოვნას გამოეხმაურა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა. მან თქვა , რომ მოლაპარაკებათა არსებული ფორმატის შეცვლისა და მიღწეულ შეთანხმებათა გადახედვის მცდელობები შედეგებს არ მოიტანს. ” ეს არის საქართველოს მცდელობა ცალმხრივად, თავისთვის სასიკეთოდ, შეცვალოს სიტუაცია. რატომ ავიწყდება, რომ არსებობს მოლაპარაკებაში მონაწილე მეორე მხარე - აფხაზური, რომელიც არასდროს დასთანხმდება საქართველოს სასიკეთოდ ვითარების შეცვლას?!” - აღნიშნა სერგეი შამბამ. რაც შეეხება სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერს, ედუარდ კოკოითი საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის ინიციატივით გამოდის, თავდაუსხმელობის მემორანდუმის გაფორმების მიზნით.
XS
SM
MD
LG