Accessibility links

logo-print

კულტურული მიმოხილვა, 24 სექტემბერი


დადგა შემოდგომა, ე.ი. ფესტივალების ხანა დაიწყო.

კულტურული კვირეულების, დეკადების ორგანიზატორები მთელ მსოფლიოში სწორედ შემოდგომას ანიჭებენ უპირატესობას; მაღალი დონის კულტურის ფესტივალები ტურისტებისთვის არ ეწყობა. ასეთი ფესტივალები ორ ქვეყანას შორის დიალოგის გაუმჯობესებას განაპირობებს და, რაც მთავარია, ხელს უწყობს ამა თუ იმ ქვეყნის კულტურის პროპაგანდას.

თუმცა დასავლეთში ქართულ კულტურას ხშირად ერთი რეგიონის, სამხრეთ კავკასიური კულტურის ნაწილად აღიქვამენ - სამხრეთ კავკასიის ქვეყნების კვირეული მიმდინარეობდა ამ კვირაში საფრანგეთის პატარა ქალაქ დიში, სადაც ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების არაერთი მოღვაწე მიიწვიეს... რა თქმა უნდა, ერთია, როცა ამ ქალაქის მოსახლეობა (რომელიც მხოლოდ 20 000-ს აღწევს) ახლოს გაეცნობა ქართულ კულტურას და მეორეა ბევრჯერ უფრო დიდი აუდიტორია - ფრანგი მაყურებელი და მსმენელი. დის ფესტივალი კი სწორედ ამითაა ცნობილი: ფესტივალის დღეებში ცენტრალური საფრანგეთის პატარა ქალაქში საფრანგეთის სხვა რეგიონებიდან უამრავი ადამიანი ჩადის - მოგებული რჩება ქალაქი, მოგებულები რჩებიან ხელოვნების მოყვარულები... და ეს ყველაფერი იმიტომ კი არ ხდება, რომ საფრანგეთში უფრო ”კულტურული ხალხი” ცხოვრობს, ვიდრე სხვა რომელიმე ქვეყანაში.. უბრალოდ, პრესა აქ უყურადღებოდ არ ტოვებს არც ერთ საინტერესო და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ”არაკომერციული” ხელოვნების ფესტივალს. მთელი გასული კვირის განმავლობაში რადიოსადგური ”ფრანს კულტურ” გადასცემდა ჟაკ მუნიეს პროგრამას ”დიალოგები”, რომელშიც დის ფესტივალის სტუმრები მოიწვიეს - მათ შორის, მწერალი და მთარგმნელი ომარ თურმანაული, რომელსაც პროგრამის წამყვანმა გაახსენა, ერთხელ თქვენ აღნიშნეთ, რომ საბჭოთა კავშირში ქართველები განსაკუთრებული ექსცენტრიულობით გამოირჩეოდნენო.

[”ფრანს კულტურის” პროგრამის ფრაგმენტი] ”ექსცენტრიულობით, კი... ჩემი აზრით, ჩვენ ვიყავით ექსცენტრიულები... რაც კომუნისტებთან ურთიერთობაშიც გამოიხატა... ჩვენი ენა საშუალებას გვაძლევდა ვყოფილიყავით უფრო თავისუფლები. ეს ენა არ ესმოდათ და ქართველებს იმ ნაწარმოებების თარგმნაც შეეძლოთ, რომელიც აკრძალული იყო რუსეთში.”

როგორც ჩანს, ექსცენტრიულობის ეს მუხტი დღევანდელმა ქართულმა კულტურამ მთლიანად პოლიტიკას გადაულოცა. გასული კვირა გადატვირთული იყო კულტურული ღონისძიებებით, რომლის ორგანიზატორებს შორის ხან ნაციონალურ მოძრაობას იხსენიებდნენ, ხანაც თბილისის მერიას... რაც გასაგებია: ახლოვდება ადგილობრივი არჩევნები და ხელისუფლებას სჭირდება იმის დემონსტრირება, რომ მაღალ კულტურას, მაგალითად, ქართულ ფოლკლორს მფარველობს. თუმცა მერიას - უფრო სწორად, მერიის კულტურის სამსახურს - ამ ღონისძიებებმა გარკვეული დისკომფორტი მაინც შეუქმნა: სტამბულის კულტურის კვირეულზე, რომელიც 23 სექტემბერს საზეიმოდ დაიხურა რიყეზე, დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია მუსტაფა ერდოღანის ქორეოგრაფიულმა წარმოდგენამ ”ანატოლიის ცეცხლი”, რომელშიც ერთ-ერთ ნომრად ქართული ”ხორუმი” შესრულდა. კონცერტის ბუკლეტში აღნიშნული იყო, რომ ესაა ანტალიაში ”დაფდაფების ბრძოლის” გამომხატველი რიტუალი, იმ დაფდაფებისა, რომელსაც ჯერ ბრძოლისთვის შემოკრავენ, შემდეგ კი გამარჯვების ნიშნად... ხორუმი რომ ქართული ცეკვაა, ფესტივალის სტუმრებს არ აღუნიშნავთ.

სხვათა შორის, ქართულმა მედიამაც სწორედ ამ ფაქტზე გადაიტანა ყურადღება და არა იმაზე, რომ თბილისში პირველად მოეწყო მეზობელი ქვეყნის კულტურის ასეთი მასშტაბური ფესტივალი. შედარებისთვის: ჩვენი მეორე მეზობლის - რუსეთის -კულტურის დღეები საქართველოში კვლავაც მნიშვნელოვან მოვლენად აღიქმება მაშინაც კი, როცა მოსკოვიდან თბილისში არცთუ ისე მაღალი დონის თეატრალური თუ მუსიკალური კოლექტივები ჩამოდიან... თურქეთი კი - უფრო სწორად, თურქული კულტურა - კვლავ შორსაა, კვლავაც ნაკლებად მიმზიდველია... არადა, როგორც ჩანს, ქართულ და თურქულ კულტურას უკვე აქვს ”რაღაცეები” გასაყოფი და დასადგენი - ვის რა ეკუთვნის...რაც იმასაც ნიშნავს, რომ ამ კულტურებს საერთო, მართლაც, ბევრი აქვს.

თუმცა თბილისში მაინცდამაინც არასდროს ფასობდა კულტურა, რომელიც ჩვენსას ჰგავს...საგულისხმო ფაქტია: მთელ მსოფლიოში იმართება სამხრეთ კავკასიის კულტურის ფესტივალები, მაგრამ ასეთი კვირეულის მოწყობა - კვირეულისა, რომელიც ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ არტისტებს ერთად წარმოადგენს - თბილისში ვერა და ვერ ხერხდება...და ვერ ხერხდება არა იმიტომ, რომ არ არსებობს პოლიტიკური ნება...უბრალოდ, მოთხოვნილება არ არსებობს... თბილისში სულ სხვა კულტურაზეა მოთხოვნილება.

მაგალითად, ”ისთერ პრომოუშენის” ინტერნეტსაიტზე შეიტყობთ, რომ ჩიკ კორეასა და გარი ბარტონის კონცერტზე, რომელიც 26 სექტემბერს უნდა გაიმართოს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, ბილეთები უკვე გაყიდულია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორი დიდი მუსიკოსის ალბომი ” Crystal Silence”, რომლის 35 წლისთავს ეძღვნება ჩიკ კორეასა და გარი ბარტონის გასტროლები, ნამდვილად არ შეიძლება ჩაითვალოს ეგრეთ წოდებულ ”მასობრივ ხელოვნებად” და არც ეგრეთ წოდებული ”პოპ-ჯაზია”, კონცერტის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია

[მუსიკა]

დღემდე ჩიკ კორეამაც და გარი ბარტონმაც, ცალ-ცალკე, 70-ზე მეტი ალბომი გამოუშვეს. თუმცა ორივე მუსიკოსი “Crystal Silence”-ს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს და თავის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტად მიიჩნევს. ბევრს არ ახსოვს, რომ ჩიკ კორეა და გარი ბარტონი ჯერ კიდევ 1982 წელს ჩამოვიდნენ საბჭოთა კავშირში და მოსკოვში, ფაქტობრივად, დახურული კონცერტი გამართეს. იმხანად, მათი გასტროლები თითქმის გასაიდუმლოებული იყო. ამბობენ, რომ ჯაზის ამ ერთ-ერთი ყველაზე ”ინტელექტუალური დუეტის” მოსმენა მაშინ მხოლოდ ქვეყნის პარტიულმა ელიტამ და მასთან დაახლოებულმა ჯაზის მოყვარულებმა შეძლეს. მას მერე ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ იმის მოსმენა, თუ როგორ დაუკრავს ჩიკ კორეა თბილისის კონსერვატორიის საკუთრებაზე - ”იამაჰას” როიალზე და გარი ბარტონი - თავის ვიბროფონზე, ისევ მხოლოდ რჩეულებს შეუძლიათ. ეს ელიტარული კონცერტი იქნება, რაც საქართველოში სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ მედიამ წლის მთავარ კულტურულ მოვლენად გამოაცხადოს.

[მუსიკა]
XS
SM
MD
LG