Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცამეტი წლის წინ, სოხუმში!


1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დამცველებმა წინააღმდეგობა შეწყვიტეს

და ქალაქში აფხაზური სამხედრო ფორმირებები შევიდნენ. სოხუმში უკანასკნელ წუთებამდე ელოდნენ დამხმარე ძალას ოჩამჩირიდან, სადაც საქართველოს სარეზერვო ჯარის ნაწილები და უამრავი მძიმე ტექნიკა იყო თავმოყრილი, მაგრამ 8 ათასიანმა ქართულმა დაჯგუფებამ 4 დღის განმავლობაში ვერ გაარღვია ახალდაბა-კინდღის ზღუდე, მაშინ როცა ერთმა ქართველმა გენერალმა და მისმა 15 კაციანმა რაზმმა 24 სექტემბერს იოლად მოახერხა ალყაშემორტყმული სოხუმიდან ოჩამჩირეში გადასვლა და შემდეგ უკან დაბრუნებაც, თანაც რამდენიმე ერთეული მძიმე ტექნიკით. მაგრამ ეს თავგანწირული რეიდი უკვე დაგვიანებული აღმოჩნდა.


1993-94 წლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი გია ყარყარაშვილი, რომელიც ბოლო ხანს პრესას თითქმის აღარ ხვდება და პოლიტიკურ მოღვაწეობაზეც პარლამენტში უარი თქვა, ერთ პროექტზე მუშაობს: მას სურს, აფხაზეთში მიმდინარე ბრძოლების ყველა ცოცხლად დარჩენილ პროფესიონალ სამხედრო მეთაურთან ერთად აღადგინოს, გააანალიზოს და ობიექტური დასკვნა წარმოადგინოს იმ ვითარებისა, რამაც 13 წლის წინ აფხაზეთში საქართველოს სამხედრო დამარცხება გამოიწვია. მაგრამ საკვლევად აღებული უმთავრესი ეპიზოდი, რომელზეც გენერალი ჩემს შეკითხვებზე პასუხის გაცემას დასთანხმდა, ცხადყოფს, რომ ობიექტური სურათის დადგენა არცთუ ისე იოლი იქნება. ლაპარაკია 1993 წლის 19 სექტემბრიდან 24 სექტემბრამდე პერიოდზე, როდესაც ბრძოლის სასწორი ჯერ კიდევ არ იყო საბოლოოდ გადახრილი აფხაზებისა და მათი მომხრეებისაკენ.
[ გია ყარყარაშვილის ხმა] “24 რიცხვი, ეს იყო დღე, როდესაც მთავარ იმედად რჩებოდა 4 დღით დაგვიანებული დამხმარე ძალა სოხუმში, რათა შესაძლებელი ყოფილიყო თავდაცვის ახალი ზღუდეების შექმნა და ქალაქის ბრძოლებისთვის მომზადება.”(სტილი დაცულია)

ერთი მცირე განმარტება: სოხუმის დაცვის მთავარი სისუსტე იყო არტილერიისა და მძიმე ტექნიკის უქონლობა, რითაც კარგად სარგებლობდა მოწინააღმდეგე - საარტილერიო ცეცხლით ფარავდა გაბატონებულ სიმაღლეებს და შემდეგ მათ ცოცხალი ძალით იკავებდა. არადა, ქართული არმიის მთავარი კოზირი – არტილერია, ივლისის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით, საქართველოს არაშორსმჭვრეტელმა სამხედრო ხელმძღვანელობამ სოხუმიდან მიუწვდომელ მანძილზე გადაიტანა, აფხაზებმა კი შეფუთეს და წინ წამოსწიეს. სწორედ საარტილერიო ტექნიკას ელოდნენ ცოცხალ ძალასთან ერთად სოხუმის დამცველები და შტაბი, სადაც მაშინდელი სახელმწიფო მეთაური ედუარდ შევარდნაძეც იმყოფებოდა. გია ყარყარაშვილის თქმით, ოჩამჩირეში კონცენტრირებულმა ძალებმა, რომლებიც რაოდენობით ორჯერ აღემატებოდნენ მოწინააღმდეგეს, 4 დღის განმავლობაში ადგილიდან ფეხი ვერ მოიცვალეს:

[გია ყარყარაშვილის ხმა] “იმდენად დიდი იყო უპირატესობა პირადი შემადგენლობის, იმდენად დიდი იყო ტექნიკის რაოდენობა, - მოდიოდა დაახლოებით 40 ერთეული მძიმე ტექნიკა – ტანკი, “ბე-ემ-პე”(ჯავშანმანქანა) და ქვეითი საბრძოლო მანქანები, - რომ ჩვენი შეფასებით, სავარაუდოდ, ერთი ბატალიონის ოდენობის მოწინააღმდეგე ძალას არ შეეძლო დიდი ხნის წინააღმდეგობის გაწევა. მაგრამ, ჩემდა მოულოდნელად, ჩვენმა დამხმარე ძალამ ვერ მოახერხა კოდორის[მდინარე] გადმოლახვა და სოხუმისთვის დახმარების აღმოჩენა.”(სტილი დაცულია)


რაკი სახმელეთო გზით დამხმარე ძალა აგვიანებდა, სოხუმში რამდენიმე ასეული მებრძოლის გაგზავნა საჰაერო გზით გადაწყდა. მაგრამ თვითმფრინავი, რომელშიც საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის სპეცდანიშნულების ასეული იმყოფებოდა, სოხუმის თავზე, ბაბუშერის აეროდრომზე დაშვებისას, მოწინააღმდეგემ სითბური რაკეტით ჩამოაგდო. სხვებთან ერთად, თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდნენ თბილისელი ბელა ზალდასტანიშვილის ორი შვილი და ტყუპი ძმები.

[ბელა ზალდასტანიშვილიხ ხმა] “ოთხივე ერთად მუშაობდა და 22-ში ოთხივე ერთად ისხდნენ და მერე არაფერი აღარ ვიცი. ვიცი, რომ აფეთქდა თვითმფრინავი და გადმოსვენებულიც არც ერთი არ არის.”(სტილი დაცულია)

იზრდებოდა მსხვერპლი ბლოკირებულ სოხუმში, მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობაში, რომლის ევაკუაციას აფერხებდა საზღვაო ტრანსპორტის უქონლობა. სამხედრო შტაბმა უკანასკნელ ღონეს მიმართა: ოჩამჩირეში შესვლა და იქიდან დამხმარე ძალის გადმოყვანის ოპერაციის მეთაურობა თავდაცვის მაშინდელ მინისტრს დაევალა. გენერალმა ყარყარაშვილმა 15 კაცით, როგორც თავად ამბობს, დაუბრკოლებლად შეძლო იმ გზის გავლა, რომლის დაძლევაც 8 ათასმა კაცმა 4 დღის განმავლობაში ვერ მოახერხა. ოჩამჩირეში ყოფილ მინისტრს სრული დემორალიზაციის ვითარება დახვდა:

[გიორგი ყარყარაშვილის ხმა] “ხელმძღვანელობის უტვინო ბრძანებების გამო, პირველი სამი დღე შეტევებისაგან იმხელა ზარალი განიცადა გვარდიის ნაწილებმა, რომ ფსიქოლოგიურად, ფაქტიურად, განადგურებულები იყვნენ. მარტო პირველ დღეს ექვსი “ბე-ემ-პე” აუფეთქდათ, რადგან რატომღაც გადაწყვიტეს მარშით გაევლოთ ახალდაბის ტერიტორია, რომელსაც მოწინააღმდეგე აკონტროლებდა, და ექვსივე “ბე-ემ-პე” გზაზევე იყო აფეთქებული.” (სტილი დაცულია)

გენერალი ყარყარაშვილი იხსენებს, რომ 8 ათასი მებრძოლიდან თავდაცვის მინისტრთან ერთად უკან, სოხუმში, შესვლის სურვილი მხოლოდ რამდენიმე ასეულ მებრძოლს აღმოაჩნდა:

[გიორგი ყარყარაშვილის ხმა] “მე დავბრუნდი სოხუმში 25 რიცხვში, დილით, სამასორმოცდაათი კაცით და 12 ერთეული ტექნიკით.”

მაგრამ ძალები არათანაბარი იყო. 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. რამდენიმე დღეში ამას მოჰყვა ოჩამჩირის უბრძოლველად დატოვებაც, სადაც, ყარყარაშვილის თქმით, იმ დროისათვის უზარმაზარი საბრძოლო ძალა იყო თავმოყრილი. შეკითხვა, რატომ არ მოხერხდა სოხუმზე კონტრშეტევის ორგანიზება, ისევე უპასუხოდაა დარჩენილი, როგორც ყველა სხვა შეკითხვა. მართალია, 1994 წელს შექმნილმა საგამოძიებო ჯგუფმა, რომელსაც იუსტიციის გენერალი ალექსანდრე შუშანაშვილი მეთაურობდა, დაიწყო სოხუმის მარცხის გამოძიება, მაგრამ იმდენად დიდი იყო პოლიტიკური ზეწოლა, რომ საქმე მაღალ თაროზე შემოიდო - თუკი საერთოდაც არ განადგურდა. შესაბამისად, საქართველოში 13 წლის მანძილზე არც ერთი მაღალი ჩინის სამხედრო პირი არ დაუსჯიათ ბრძოლის ველზე უნებლიე უთავობისა თუ შეგნებული ღალატის გამო.

[გიორგი ყარყარაშვილის ხმა ] “მე დარწმუნებული ვარ და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: რომ არა ღალატი, დამხმარე ძალები აუცილებლად შემოვიდოდნენ სოხუმში და სოხუმის შენარჩუნება შესაძლებელი იყო.”

როგორც თავში ვთქვით, გენერალი გიორგი ყარყარაშვილი ფაქტობრივი მასალებით ცდილობს 13 წლის წინანდელი მარცხის გამომწვევი მიზეზების აუდიტს და დარწმუნებულია, რომ მას მხარდამჭერები გამოუჩნდებიან იმ ადამიანების სახით, ვინც დიდი ხანია ცდილობს ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. მაგრამ ამ ადამიანებს კალმით მუშაობისას არანაკლებ დიდი სიფრთხილე მართებთ, ვიდრე იარაღის ხმარების დროსაა საჭირო. საქართველოში უკვე არსებულ იმ მწირ ლიტერატურულ მასალას, რომელიც ამ მარცხის ორ უმთავრეს მოწმეს, ჯაბა იოსელიანსა და ედუარდ შევარდნაძეს, ეკუთვნის, აშკარად დაჰკრავს ტენდენციურობისა და სუბიექტივიზმის ელფერი, ისევე როგორც მემუარული ჟანრის თითქმის ყველა ნაშრომს, რასაც, ერთი ფილოსოფოსის დაკვირვებით, პოლიტიკოსები ხშირად ოპონენტებთან ანგარიშსწორებისთვის იყენებენ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG