Accessibility links

logo-print

მმართველი პარტია და თბილისელი პენსიონერი


როგორ უნდა შეხვდეს ამომრჩეველი აგიტატორს, თუ იგი შინ მიაკითხავს? – ცხადია, ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი

პასუხის გაცემა ძნელია, თუმცა დაინტერესებული ადამიანი საარჩევნო კოდექსის 73-ე მუხლიდან შეიტყობს, რომ აკრძალულია საარჩევნო სუბიექტის ან მისი წარმომადგენლისათვის სააგიტაციო წარწერების, ფურცლებისა და ფოტომასალის გავრცელებაში ხელის შეშლა. კანონის თანახმად, აგიტაციის წარმოებაში ხელის შეშლით ირღვევა კონსტიტუციით აღიარებული თანასწორუფლებიანობის პირინციპი. თბილისელ პენსიონერს გიორგი ოთიაშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ აგიტატორებმა სწორედ რომ ამ თანასწორუფლებიანობის პრინციპის ხელყოფის გამო უჩივლეს, საქალაქო სასამართლომ კი განსასჯელს, გირაოს სახით, 2000 ლარის გადახდა დააკისრა. რა დააშავა თბილისელმა პენსიონერმა?

[მოსამართლის ხმა] „სასამართლო ბრძანებს, ქალაქ თბილისის ისანი-სამგორის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსი გამომძიებლის პაპავას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს და ბრალდებულ გიორგი ოთიაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, შეეფარდოს გირაო, 2 ათასი ლარის ოდენობით.“

მოსამართლეს განაჩენის გამოსატანად სამი საათი დასჭირდა. გიორგი ოთიაშვილი ამბობს, რომ უსახსრობის გამო 2000 ლარს ვერ გადაიხდის, განსასჯელის ადვოკატი ეკა ბესელია კი ირწმუნება, რომ განაჩენს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გაასაჩივრებს:

[ეკა ბესელიას ხმა] „მოსამართლეს უნდა მიეღო გადაწყვეტილება და უარი უნდა ეთქვა აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე, ამის უფლებას მას აძლევდა საპროცესო კოდექსის 152-ე მუხლი, მაგრამ მოგეხსენებათ, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა აბსურდული ბრალდებით და ეს აბსურდი ლოგიკურად გაგრძელდა მოთხოვნის დაკმაყოფილებით.“

ადვოკატის თქმით, გიორგი ოთიაშვილი აბსურდული ბრალდებით გაასამართლეს. ამ მოსაზრებას იზიარებს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, თინათინ ხიდაშელიც, რომლის თქმითაც, მსგავსი ბრალდებით საქართველოში არავინ გაუსამართლებიათ:

[თინათინ ხიდაშელის ხმა] „ეს არის ქვეყანა, სადაც შესაძლებელი გახდა ადამიანს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დააკისრონ იმის გამო, რომ უარი თქვა ნაციონალური მოძრაობის სააგიტაციო ბუკლეტის მიღებაზე საკუთარ სახლში.“

შემთხვევას, როცა ამომრჩეველმა საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს აგიტაციის წარმოებაში ხელი შეუშალა, ვერც „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი იხსენებს. თამარ ჟვანიას თქმით, ერთმანეთს, როგორც წესი, თავად საარჩევნო სუბიექტები უპირისპირდებიან ხოლმე:

[თამარ ჟვანიას ხმა] „ჩემი გამოცდილებით ვიტყვი, რომ იყო ხოლმე თავისუფალი გადაადგილების პრობლემა, ხელს უშლიდნენ ოპოზიციის წარმომადგენლებს: ესროდნენ კვერცხებს, არ უშვებდნენ, აძევებდნენ საარჩევნო სუბიქტებს სააქტო დარბაზებიდან... მაგრამ ის, რომ მოქალაქეს, ვისზეც გათვლილია აგიტაცია, ხელი შეეშალა საარჩევნო სუბიექტისათვის, არ მახსენდება.“

თავად განსასჯელი ამტკიცებდა, რომ მმართველი პარტიის აგიტატორებისთვის ხელი არ შეუშლია. გიორგი ოთიაშვილის თქმით, სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა ქალბატონთან, რომელმაც შინ მიაკითხა და რომელსაც ნაციონალური მოძრაობის სარეკლამო ბუკლეტები არ გამოართვა:

[გიორგი ოთიაშვილის ხმა] „მოიყვანა თავისი მეუღლე და ამხელა კაცი ინკვიზიციით დამემუქრა. ოჯახებს ამოგიწყვიტავთო და დაგმარხავთ ცოცხლადო.“(სტილი დაცულია)

გიორგი ოთიაშვილის მსგავსად, აგიტატორთა კარდაკარ სიარული ბევრ სხვა თბილისელსაც აღიზიანებს, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც პოლიტიკურ პარტიათა წინასაარჩევნო აქტიურობას გაგებით ეკიდებიან:

[მამაკაცის ხმა] „არა, არ ვაქცევთ საერთოდ ყურადღებას. ველოდებით უფლის გაცხადებას საქართველოში და მერე ნახონ ამ არამზადებმა... ჩემთან არ ყოფილან, მაგრამ აგიტატორები მეზობლებს ხშირად აწუხებენ.“(სტილი დაცულია)

[მამაკაცის ხმა] „აგიტატორი ადამიანია და მასაც უნდა გავუგოთ. აგიტაცია საარჩევნო კამპანიის ნაწილია, მათ შორის, აგიტატორის ოჯახში მისვლაც.“

ის, რომ ოჯახში სტუმრად მისულ აგიტატორს ამომრჩევლის ბედის შეცვლა ხელეწიფება, თბილისელმა პენსიონერმა გიორგი ოთიაშვილმა საკუთარ თავზე გამოსცადა, თუმცა თბილისის პროკურორი გიორგი ღვინიაშვილი ამტკიცებს, რომ უხეშად დაირღვა კანონი: სიტყვიერი შეურაცხყოფის გარდა, გიორგი ოთიაშვილი ნაციონალური მოძრაობის აგიტატორ ქალბატონებს ნიჩბითაც ემუქრებოდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, პენსიონერმა 2 ათასი ლარი მიმდინარე წლის 15 ოქტომბრამდე უნდა გადაიხადოს.


XS
SM
MD
LG