Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ფიქრობს მოსახლეობა ქართული დემოკრატიის შესახებ?


ახლოვდება ადგილობრივი არჩევნები და სულ უფრო აქტუალური ხდება კითხვა, რომელ პოლიტიკურ ძალას

ამომრჩეველთა რა რაოდენობა უჭერს მხარს, რომელ პოლიტიკოსს ენდობიან ყველაზე მეტად და რომელი მათგანია ყველაზე პოპულარული. ამ კითხვებზე პასუხს იძლევა და ქართული წინასაარჩევნო პოლიტიკური რეალობის ნათელ სურათს ქმნის ”საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის” მიერ სამიოდე თვის წინ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები, რომელთა გაანალიზებას მე სოციოლოგებისა და პოლიტოლოგების დახმარებით შევეცადე.

”საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის” მიერ ჩატარებული საქართველოს მოსახლეობის გამოკითხვა, სახელწოდებით ”ბარომეტრი 2006: საშინაო პოლიტიკა და ელექტორატი”, იწყება კითხვით: ვის მისცემდით ხმას, ხვალ რომ ტარდებოდეს საპარლამენტო არჩევნები? პასუხი ამ კითხვაზე, კვლევის ავტორებისა და სხვა სოციოლოგების განმარტებით, ნათლად ასახავს იმ განწყობას, რაც ქართველ ამომრჩეველში ძირითადი პოლიტიკური ჯგუფების მიმართ ჩამოყალიბდა. შედეგები კი ასეთია: გამოკითხვაში სულ მონაწილეობდა 1171 მოქალაქე. ამ რაოდენობის 29,4 პროცენტი მმართველ პარტიას, ნაციონალურ მოძრაობას, უჭერს მხარს. ელექტორატის, საერთო ჯამში, 39,6 პროცენტი კი ოპოზიციური პარტიების ამომრჩეველია.

[რამაზ საყვარელიძის ხმა] ”ის, რაზედაც ახლაც არის ლაპარაკი - ოპოზიციის საერთო კანდიდატი რომ ყოფილიყო, რა მოხდებოდაო, ეს მოხდება, ანუ, რეიტინგით, ასეთი გაერთიანება მოგვცემდა უფრო ძლიერ ოპოზიციურ ფრთას, ვიდრე დღეს არის ცალ-ცალკე მოცემული.”(სტილი დაცულია)

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე დამაფიქრებლად მიიჩნევს ამომრჩეველთა იმ რაოდენობას, - საერთო ჯამში, 30 პროცენტს, - რომელმაც დასმულ შეკითხვაზე პასუხის გაცემას თავი აარიდა. სოციოლოგიური კვლევის ავტორის ნანა სუმბაძის კომენტარი:

[ნანა სუმბაძის ხმა] ”გამოდის, რომ 1/3 მეტნაკლებად ინდიფერენტულია იმ მოვლენებისადმი, რაც ხდება ქვეყანაში. ეს ცუდი მაჩვენებელია. აღმოჩნდა, რომ ამ ჯგუფში უფრო მეტნი არიან ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები, რაც ასევე ცუდი მაჩვენებელია.”

კიდევ ერთ ცუდ მაჩვენებლად მიიჩნევენ სოციოლოგები ამომრჩეველთა დამოკიდებულებას ქართული დემოკრატიის მიმართ. გამოკითხულთა თითქმის 52 პროცენტი ფიქრობს, რომ დღეს საქართველოში დემოკრატია არ არის. ასე ფიქრობს ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა მესამედი და ოპოზიციური ელექტორატის 67 პროცენტი.

[ნანა სუმბაძის ხმა] ”საქართველოში, მე მგონი, სრულიად ტრაგიკული დამოკიდებულებაა არჩევნების მიმართ: ვირჩევ იმას, რომელიც ყველაზე ნაკლებად მავნეა, თუ შეიძლება ასე ითქვას, ნაკლები ბოროტების მატარებელია.”

ამ შედეგს რამაზ საყვარელიძე შემდეგნაირად განმარტავს:

[რამაზ საყვარელიძის ხმა] ”ეტყობა, თვითონ ამ ნაციონალური მოძრაობის მომხრეთა შორის...”

რამაზ საყვარელიძე ბევრ სხვა ლოგიკურ წინააღმდეგობას ხედავს ქართველი ამომრჩევლის პოზიციაში და მაგალითად სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ელექტორატის ნდობის რეიტინგი მოჰყავს:

[რამაზ საყვარელიძის ხმა] ”50 პროცენტამდე ადის პრეზიდენტის მიმართ ნდობით განწყობილთა რიცხვი, შემდეგ არის სახალხო დამცველი, მერე მოდის პარლამენტი, სასამართლო და სულ ბოლო ადგილას არის მთავრობა. კი მაგრამ პრეზიდენტის მიმართ თუ გაქვს მაქსიმალური ნდობა, მთავრობის მიმართ, რომელსაც ეს პრეზიდენტი ქმნის და ხელმძღვანელობს, ასეთი დაბალი ნდობა როგორა გაქვს.” (სტილი დაცულია)

ეს რეიტინგი კიდევ უფრო საინტერესოდ იცვლება, როდესაც სახელმწიფო ორგანოებთან ერთად სოციოლოგიური კვლევის ავტორებმა პიროვნებებისა და სხვა ინსტიტუტების მიმართ ნდობის ხარისხის გარკვევაც სცადეს. გამოკითხულთა 60 პროცენტი ნათესავებსა და მეგობრებს უფრო ენდობა, ვიდრე პრეზიდენტს, რომლის მაჩვენებელიც 20 პროცენტის ტოლია. ისევ რამაზ საყვარელიძეს მოვუსმინოთ:

[რამაზ საყვარელიძის ხმა] ”როცა ჰკითხეს, ენდობით თუ არაო, მან უპასუხა პრეზიდენტის მიმართ დადებითი ემოცია აქვს თუ არა. რა თქმა უნდა, ნათესავები და მეგობრები უფრო უყვარს და ამ ემოციურ ფონზე უკან გადაიწია პრეზიდენტმა. ასე რომ, ეს ემოციურობა და ნაკლებად რაციონალურობა პოლიტიკური პროცესების მიმართ არის ასეთი არალოგიკურობის წყარო.”(სტილი დაცულია)

იმავე - ემოციურობის - ფაქტორით განისაზღვრება ამა თუ იმ პოლიტიკოსისადმი როგორც მმართველი პოლიტიკური პარტიის მომხრეთა, ასევე ოპოზიციური ელექტორატის დამოკიდებულება - მოწონება-არმოწონება.

10 ყველაზე მეტად მოწონებული პოლიტიკოსის სიიდან ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებთან ლიდერობენ მიხეილ სააკაშვილი და ირაკლი ოქრუაშვილი, მათ შორის კი 5 ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ფიგურირებს: კობა დავითაშვილი, თინათინ ხიდაშელი, ზვიად ძიძიგური და ასე შემდეგ. ოპოზიციის მხარდამჭერები უპირატესობას ანიჭებენ კობა დავითაშვილს, ლევან ბერძენიშვილს, თინათინ ხიდაშელს და ასე შემდეგ. ხელისუფლების წარმომადგენლებიდან კი ოპოზიციონერი ამომრჩევლის მოწონებას ირაკლი ოქრუაშვილი იმსახურებს. ამ შედეგებს სოციოლოგები და პოლიტოლოგები ელექტორატის ემოციურობით ხსნიან.



XS
SM
MD
LG