Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპი მუსლიმანური ქვეყნების დიპლომატებს შეხვდა


რომის პაპი ბენედიქტე მე-16 ვატიკანში აკრედიტებულ მსოფლიოს წამყვანი 22 მუსლიმანური ქვეყნის დიპლომატებს

შეხვდა. პონტიფიკის საზაფხულო რეზიდენციაში, რომთან ახლომდებარე კასტელ-განდოლფოში, შეხვედრისას რომის პაპმა ინტერრელიგიურ დიალოგს “სასიცოცხლოდ აუცილებელი” უწოდა. ვატიკანში შეხვედრამდე ორი კვირით ადრე მუსლიმანური სამყარო აღაშფოთა რომის პაპის სიტყვამ, რომელიც ისლამზე ნეგატიურ გამოთქმებს შეიცავდა.

მუსლიმ დიპლომატებთან შეხვედრა დაემთხვა რამადანის დღესასწაულის დაწყებას, რაც სიმბოლურია და, როგორც თავად პონტიფიკმა თქვა, ისლამისადმი “სრულ და ღრმა პატივისცემას” გამოხატავს. დღევანდელი შეხვედრა განპირობებული იყო ვატიკანის საბოლოო განზრახვით, უფრო უკეთ განემარტა პაპის იმ ფრაზის არსი, რომელიც მშობლიურ გერმანიაში 12 სექტემბერს ითქვა. ორი კვირის წინ ბენედიქტ მე-16-მ მოიყვანა ციტატა შუა საუკუნეების ტექსტიდან, რომელშიც ბიზანტიის იმპერატორი დამამცირებლად საუბრობს ისლამის სისასტიკეზე.
აი, ის ფრაზაც, რომელმაც მუსლიმანური სამყარო ყალყზე დააყენა:

[ბენედიქტე მე-16-ის ხმა] “მიჩვენე, რა სიახლე მოიტანა მუჰამედმა და ნახავ, რომ ეს ბოროტება და სისასტიკე იქნება, ისეთი, როგორიც არის მისი ბრძანება მახვილის ძალით რწმენის გავრცელების შესახებ."


მუსლიმანური სამყაროს აღშფოთების შემდეგ, რომის პაპმა მოიბოდიშა და განაცხადა, რომ ციტატა მოტანილი იყო მხოლოდ და მხოლოდ დიალოგის გამოწვევისა და არა მუსლიმებზე თავდასხმის მიზნით. ამასთან, კათოლიკური ეკლესიის თავკაცმა აღნიშნა, რომ არ იზიარებს ბიზანტიის იმერატორის შეხედულებას:

[ბენედიქტე მე-16-ის ხმა] “სამწუხაროდ, ეს ციტატა ინტერპრეტირებული აღმოჩნდა. მაგრამ ჩემი ტექსტის ყურადღებიანი მკითხველისთვის ნათელია, რომ მე არავითარ შემთხვევაში არ მსურდა ნაღმივით მეხმარა შუასაუკუნეების იმპერატორის დიალოგიდან ეს ნეგატიური სიტყვები, რომელთა საკამათო შინაარსი არანაირად არ აისახება ჩემს პირად რწმენაზე.”

მაგრამ მუსლიმანური სამყაროს ლიდერები ვერ დააკმაყოფილა პაპის ამ განმარტებამ. ამიტომ, მედიის შეფასებით, დღევანდელი შეხვედრა ვატიკანში უნდა ყოფილიყი შანსი ორი სარწმუნოების წარმომადგენელთა დიალოგის დაწყებისა. მაგრამ, სინამდვილეში, შეხვედრა წააგავდა პაპის აუდიენციას. ელჩები ისხდნენ მცირე დარბაზში და ისმენდნენ პაპის სიტყვას. ბენედიქტე მე-16-მ კვლავ ხაზი გაუსვა თავის დიდ პატივისცემას ისლამის მიმართ და გამოთქვა სურვილი, ააგოს ხიდი ორ სარწმუნოებას შორის. რომის პაპმა ხაზგასმით აღნიშნა აგრეთვე, რომ აუცილებელია ქრისტიანებსა და მუსლიმანებს შორის სარწმუნოებრივი თანასწორობის დაცვა, რაც ვატიკანისთვის უმთავრესი საკითხია, ვინაიდან ზოგიერთ მუსლიმანურ ქვეყანაში, როგორიცაა საუდის არაბეთი, არამუსლიმანს ღიად ლოცვის უფლება არა აქვს. რაც შეეხება მუსლიმან თვითმკვლელ მოიერიშეთა პრობლემას, მსოფლიოს კათოლიკეთა თავკაცმა განაცხადა, რომ რელიგიური ლიდერები ვალდებულნი არიან განუმარტონ მათ მიმდევრებს, რომ ადამიანის სიცოცხლე ხელშეუხებელია.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG