Accessibility links

logo-print

“კულტურული რევოლუციის” 40 წელი


ტერმინი “კულტურული რევოლუცია” დღეს ისევ მოდაშია.

განსაკუთრებით ხშირად საუბრობენ კულტურული რევოლუციის შესახებ ის ქართველი მხატვრები, მუსიკოსები, მწერლები, რომლებმაც 20003 წელს “ვარდების რევოლუციას” დაუჭირეს მხარი, მაგრამ მოგვიანებით ახალ ხელისუფლებას გაემიჯნენ. მათი მტკიცებით, დღევანდელი ხელისუფლება არ ფიქრობს გარდაქმნებზე კულტურის სფეროში. ქვეყნის განახლება კი, ე.ი. ცნობიერების განახლება, მხოლოდ “კულტურული რევოლუციით” არის შესაძლებელი. იმ ადამიანთა უმრავლესობამ, ვინც კულტურაში რადიკალური რეფორმების მომხრეა, ცხადია, იცის, სად განხორციელდა და ვინ განახორციელა პირველად “კულტურული რევოლუცია”... და, რაც მთავარია, როგორ დასრულდა იგი. იცის, რომ “კულტურული რევოლუციის” კურსი პირველად ჩინეთის კომპარტიის ლიდერმა მაო ძე-დუნმა აიღო 1966 წლის აგვისტოში. მაგრამ მიუხედავად საშინელი ტერორისა, რომელიც ჩინეთში “კულტურულმა რევოლუციამ” მოიტანა, იმხანად ეს ტერმინი არაერთმა დიდმა ხელოვანმა აიტაცა. 60-იანი წლების მიწურულს ევროპელი ახალგაზრდებიც მოითხოვდნენ “კულტურულ რევოლუციას”.

[ჯონ ლენონი, “რევოლუცია”]

“თუ რევოლუცია ძალადობას გულისხმობს, მე მისი წინააღმდეგი ვარ,” – თითქოს თავს იმართლებს ამ სიმღერაში ჯონ ლენონი, თუმცა მოგვიანებით ცოტა ყოყმანს იწყებს, ზუსტად არ იცის, როგორი უნდა იყოს რევოლუცია ძალადობის გარეშე, ე.ი. ცნობიერების რევოლუცია.

აი, მაო ძე-დუნმა კი კარგად იცოდა, როცა 40 წლის წინ, 1966 წელს, ჩინეთის კომპარტიის პლენუმზე “კულტურული რევოლუციის” კურსი აიღო... უფრო სწორად, “ააღებინა” თავის ხალხს. კურსი, რომელსაც ქვეყანაში საშინელი ტერორი მოჰყვა, კურსი, რომელმაც, სხვადასხვა ცნობით, 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

თუმცა ყველაფერი ბევრად უფრო ადრე დაიწყო. ჯერ კიდევ მაშინ, როცა მაო ძე- დუნი საბჭოთა ხალხის მეგობრად, სტალინის ძმად ითვლებოდა. იმხანად ჩინელი და საბჭოთა ხალხის ბელადები, როგორც ჩანს, ერთად ფიქრობდნენ კულტურული რევოლუციის ტაქტიკაზე. ერთად ფიქრობდნენ და სიმღერებსაც უძღვნიდნენ ერთმანეთს.

[საბჭოთა სიმღერა ჩინეთთან მეგობრობაზე]

მერე სტალინი გარდაიცვალა. საბჭოთა ხელისუფლებას ნიკიტა ხრუშჩოვი ჩაუდგა სათავეში. მაო ძე-დუნი და ხრუშჩოვი, ყველაფერთან ერთად, “კულტურულ პოლიტიკაზე” ვერ შეთანხმდნენ. 1958 წლიდან ჩინეთის კომპარტიის ლიდერმა მოსკოვისგან დამოუკიდებლად დაიწყო მოქმედება. 1958 წელს, მისი წინადადებით, ჩინურ სოფლებში შექმნეს “სახალხო კომუნები”, რომლის წევრებს საზოგადოებრივი მორალის დაცვა ევალებოდათ. თავდაპირველად ითქვა, რომ ჩინელებს ოჯახის ინსტიტუტზეც უნდა ეთქვათ უარი კომუნის სასარგებლოდ. ამ იდეამ კრახი განიცადა. თუმცა შეიცვალა ახლით – ეგრეთ წოდებული “ხალხის ტალღის” იდეით. მაო ძე-დუნის აზრით, ატომის საუკუნეში ჩინელისთვის თავდაცვის ყველაზე ეფექტური საშუალება “ხალხის ტალღების” შექმნა, ე.ი. “გამრავლება” იყო... მოგვიანებით არც ამ იდეამ იმუშავა. მოსახლეობის გამრავლების ტემპმა ხელისუფლება ძალიან შეაშინა. ქვეყანაში შიმშილი დაიწყო.

[ჯონ ლენონი ჯონ სინკლერს წარადგენს]

ჯონ ლენონი აქ ჯონ სინკლერს უცხადებს სოლიდარობას - იმ სინკლერს, რომელსაც 68 წელს დეტროიტის პოლიციამ მარიხუანა ჩაუდო ჯიბეში და დააპატიმრა, იმ სინკლერს, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა დაუჭირა მხარი დასავლეთში მაო ძე-დუნის “კულტურულ რევოლუციას”, პირდაპირ გაიმეორა მაოს აზრი, როცა თქვა, მუსიკა არაფერს ნიშნავს, სანამ კლასობრივ ჰეგემონიას ექვემდებარება და კაპიტალისტურ ეკონომიკურ სისტემას ეხმარებაო. იმხანად მაო ძე-დუნი ევროპაში ნამდვილი პოპ-გმირი ხდება. “კულტურული რევოლუციის” იდეები, ერთი შეხედვით, მიმართული პლუტოკრატიის, ფარისევლობისა და ინდივიდუალიზმის წინააღმდეგ, კომუნების შექმნის ტენდენცია – აბსოლუტურად ჰარმონიულად მოერგო 68 წლის პროტესტებს ევროპასა და შეერთებულ შტატებში.

[“Clash”]

ანსამბლი [“Clash”]- ის ტექსტები, მაგალითად, ზუსტად იმეორებდა “კულტურული რევოლუციის” იდეოლოგების და, პირველ რიგში, მაო ძე-დუნის ნააზრევს, რომ ნამდვილი ხელოვნება – პოლიტიკურია, ბურჟუაზიული კი - ესთეტურ-დეკადენტური, რომ ფეოდალურ და კაპიტალისტურ ქვეყნებში ფერწერა, მაგალითად, მმართველთა გრძნობებს ასახავდა და არ ითვალისწინებდა მშრომელთა ინტერესებს. 1972 წელს მაო ძე-დუნმა ძალიან აქო პეკინის ერთ-ერთ სამხატვრო გალერეაში გამოფენილი “კულტურული რევოლუციის” პროდუქტი, ფერწერული ტილო “მაღაროელი გოგონა”. –“ სურათში წარმატებითაა შერწყმული ტრადიციული ჩინური ფერწერისა და დასავლური ფერწერის ენა, კერძოდ, სინათლისა და პერსპექტივის გამოყენება, – წერდა “კულტურული რევოლუციის” ერთი კრიტიკოსი. – მხატვარი იყენებს ჩინური ფერწერისთვის დამახასიათებელ მსხვილ მონასმებს და ბრწყინვალედ გამოხატავს მაღაროელი გოგონას სახეს, ახლად ამოსული მზის ფონზე.”

ასეთი ტექსტები, ცხადია, ჩვენშიც მრავლად იწერებოდა 30-იან წლებში, ე.ი. სტალინური ტერორის ეპოქაში. იმხანად ასეთ ტექსტებს დასავლური კულტურის ზოგიერთმა დიდმა წარმომადგენელმა ყურადღება არ მიაქცია. მერე მოინანიეს, როცა გაიგეს, რა ხდებოდა საბჭოთა კავშირში 30-იან, 40-იან წლებში. ისტორია განმეორდა "კულტურული რევოლუციის" წლებშიც. მაოს თავდაპირველად დიდმა კინორეჟისორებმა ჟან-ლუკ გოდარმა, იორის ივენსმა, გარკვეული თვალსაზრისით მიქელანჯელო ანტონიონიმაც დაუჭირეს მხარი. ამ უკანასკნელმა პირადად გაუგზავნა წერილი ჩინეთის კომპარტიის ლიდერებს, სთხოვა მათ, დაერთოთ ნება ჩასულიყო და გადაეღო “კულტურული რევოლუციის” წარმატებები. ანტონიონი დაპატიჟეს. დიდმა რეჟისორმა თავისი დოკუმენტური ფილმი “ჩინეთი” გადაიღო. “კულტურული რევოლუციის” ცენზორებმა სურათი ნახეს და ანტონიონის ჩინეთში ჩასვლა აუკრძალეს.

“კულტურული რევოლუციის” ეპოქაში, რომელიც ათ წელზე მეტხანს გაგრძელდა, ჩინეთის დიდ ქალაქებში გამოკიდებული იყო ეგრეთ წოდებული “ბურჟუაზიული სურათები”, რომელსაც ხელოვნების სპეციალისტები ხალხთან, “რევკომის” წარმომადგენლებთან ერთად განიხილავდნენ. მოქანდაკეები ჩადიოდნენ სოფლებში (უფრო სწორად, მათ აიძულებდნენ ამას – 160 000 მხატვარი და მწერალი გადაასახლეს ჩინეთის სოფლებში), ჩადიოდნენ, რათა გლეხებისგან ესწავლათ როგორ უნდა გამოეძერწათ მშრომელი ხალხი. მაო ძე-დუნის მთავარი ლოზუნგი ხომ ეს იყო: “ჩვენი ლიტერატურა და ხელოვნება მშრომელებს უნდა ემსახურებოდეს. რევოლუციური ხელოვნება ხალხის მასებს წინსვლაში უნდა დაეხმაროს.”

დასავლელი ინტელექტუალი, რომელმაც “კულტურული რევოლუციის” იდეები აიტაცა, ამ ლოზუნგებს კიდევ აიტანდა, მაგრამ დასავლელი ჰუმანისტები ვერასდროს გაუგებდნენ “კულტურული რევოლუციის” დამსჯელი რაზმის წევრებს, ხუნვეიბინებს. “კულტურული რევოლუციის” ამ დამცველებს თავიანთი პროგრამა ჰქონდათ, რომელშიც ეწერა: “ჩვენ ვანადგურებთ ძვირფას კალენდრებს, ამერიკულ და ინგლისურ ფირფიტებს, ძველ ნახატებს და მათ ნაცვლად ვკიდებთ ჩვენი ბელადის მაოს პორტრეტებს.”

ხუნვეიბინებმა დაარბიეს არაერთი წიგნის მაღაზია, რომელშიც, მათი აზრით, საეჭვო ლიტერატურა იყიდებოდა, თითები მოაჭრეს ცნობილ პიანისტს ლიუ ში კუნს... ხუნვეიბინებმა მაოს ეს სიტყვები გაამართლეს – “განა შეუძლია 800 000 მილიონ ადამიანს ისე იცხოვროს, რომ არ იბრძოლოს? ბრძოლაშია ნეტარება.”

მაო ძე-დუნი 1976 წლის 9 სექტემბერს გარდაიცვალა. ასე დასრულდა “კულტურული რევოლუციის” ეპოქა. თუმცა ამ რევოლუციის იდეები ჩინეთში კვლავ პოპულარულია. სამი წლის წინ აქ დიდი წარმატებით გაიყიდა დისკები მაო ძე-დუნის ლექსების რეპ-ინტერპრეტაციით. ახალი მუსიკა, რევოლუციური მუსიკა კვლავ ჰარმონიულად მოერგო “კულტურული რევოლუციის” მშობლის პოეზიას.

[ჯონ ლენონი, “”power to the people”]
XS
SM
MD
LG