Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ტრიბუნიდან ისრაელმა მსოფლიოს ირანისგან მომდინარე მზარდი საფრთხე შეახსენა


ურთიერთობა ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და ისრაელს შორის ყოველთვის დაძაბული იყო.

ირანი არ ცნობს ისრაელს, წვრთნის და აიარაღებს მის დაუძინებელ მტერს - “ჰისბოლაჰს”, ხოლო 2005 წელს, ირანის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ქვეყნის ხელმძღვანელი მაჰმუდ აჰმადინეჟადი ისრაელს განადგურებითაც კი დაემუქრა. ისრაელსა და ირანს შორის დაძაბულობამ კულმინაციას მიაღწია მას შემდეგ, რაც ირანმა უარი თქვა თავისი ბირთვული პროგრამის შეჩერებაზე. გასულ კვირაში გაეროს ტრიბუნიდან ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ციპი ლივნიმ ირანის ლიდერები მსოფლიო ფასეულობების უგულებელყოფაში დაადანაშაულა. ექსპერტთა კომენტარებში, ლივნის ამ განცხადებას რომ მოჰყვა, გამოსჭვივის აზრიც, რომ გამორიცხული არ არის, ისრაელი ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმისათვის ემზადებოდეს.

ისრაელი, შეერთებული შტატების მსგავსად, ირანს ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობაში ადანაშაულებს. ირანი კი დაჟინებით ამტკიცებს, რომ ბირთვულ პროგრამას მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებით ახორციელებს და მტკიცედ აცხადებს, რომ ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც რეგიონში ბირთვული იარაღი აქვს, სწორედ ისრაელია. ისრაელის პრესაში გამოქვეყნებულ უამრავ პუბლიკაციას წითელ ზოლად გასდევს მოსაზრება, რომ ისრაელმა, შესაძლოა, პრევენციული იერიში მიიტანოს ირანის ბირთვულ ობიექტებზე. მიმომხილველები პარალელს ავლებენ ერაყის ოსირაკის რეაქტორთან, რომელიც ისრაელის ავიაციამ 1981 წელს დაბომბა. ასე ფიქრობს, კერძოდ, ისრაელის უშიშროების სამსახურის გადამდგარი მაღალჩინოსანი მოხელე, ამჟამად ტელ-ავივის უნივერსიტეტის სტრატეგიული კვლევის ცენტრის დირექტორის მოადგილე ეფრაიმ კამი:

[ეფრაიმ კამის ხმა]“ისრაელის მთავრობის მთავარი ძალისხმევა იმაში მდგომარეობს, რომ შეაჩეროს ირანი, სანამ იგი ბირთვულ იარაღს დაეუფლებოდეს. ირანის შეჩერება კი ნიშნავს, პირველ ყოვლისა, პოლიტიკურ საშუალებებს, რაც ამჯერად გამოიყენება. მაგრამ თუ ეს წარუმატებელი იქნება, მაშინ ისრაელი ამბობს, რომ გამოიყენებს სხვა საშუალებებსაც, სამხედროს ჩათვლით.”

განსხვავებული მოსაზრება აქვს ამ საკითხზე ამერიკის ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ირანის საქმეთა ექსპერტს ტრიტა პარსის, რომელიც ავტორია ახლახან გამოცემული წიგნისა: “მუხანათური სამეული: ირანის, ისრაელისა და შეერთებული შტატების საიდუმლო გარიგება”. პარსის ეეჭვება, ისრაელმა ირანს პირდაპირი დარტყმა მიაყენოს:

[ტრიტა პარსის ხმა]“ფართო მნიშვნელობით, ისრაელის რიტორიკა ირანის წინააღმდეგ სამხედრო იერიშის თაობაზე მიზნად ისახავს ზეწოლას შეერთებულ შტატებზე, რათა ის მოქმედებაზე გადავიდეს. ისრაელს ესმის, რომ თუ თავად წამოიწყებს მოქმედებას, ეს, შესაძლოა, წარმატებით არ დამთავრდეს და ამიტომ ცდილობს აამოქმედოს შეერთებული შტატები. ასე რომ, ეს არის საშუალება ამერიკაზე ზეწოლისა, რომ ის მოქმედებაზე გადავიდეს – იქნება ეს მისი მხრიდან დიპლომატიური ნაბიჯები, სანქციები თუ სამხედრო მოქმედება. “

შეერთებული შტატების მთავრობას ირანის მიმართ სანქციების ამოქმედებისაკენ უბიძგებს თავად თეირანის უარი, შეეჩერებინა ურანის გამდიდრების სამუშაოები 31 აგვისტოსთვის, როგორც ამას გაეროს უშიშროების საბჭოს მოთხოვნა ითვალისწინებდა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ყოველ ღონეს იხმარს, რათა არ დაუშვას ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა. თუმცა, ექსპერტთა აზრით, სამხედრო გზით ამ პრობლემის მოგვარება დიდ რისკთან იქნება დაკავშირებული. თეირანმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ ელვისებური დარტყმით გაანადგურებს ყველას, ვინც ირანზე სამხედრო აგრესიას შეეცდება. პრობლემის დიპლომატიური გზით მოგვარების მიმდევრები შიშობენ, რომ ირანზე შეტევას “კატასტროფული შედეგი” მოჰყვება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG