Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეძლებენ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები


საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ერთ-ერთ უკანასკნელ სხდომაზე 2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს

- საკრებულოს - არჩევნებისათვის ამომრჩეველთა ერთიანი სიის საბოლოო ვარიანტი დაამტკიცა. ამავე სხდომაზე კომისიამ განიხილა აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუ-მუნჯთა კავშირის განცხადება, რომლის მიხედვითაც არასამთავრობო ორგანიზაცია, სათანადო დაფინანსების გამოყოფის შემთხვევაში, უზრუნველყოფდა უსინათლო ამომრჩევლებისთვის სპეციალური საარჩევნო ბიულეტენების დამზადებას, თუმცა კენჭისყრის შედეგად გაირკვა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არასამთავრობო ორგანიზაციას ბრაილის შრიფტით გაფორმებული ბიულეტენების დაბეჭდვაზე უარი უთხრა. რა არგუმენტებით ისარგებლა ცესკომ და როგორ აპირებენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
ცესკოს თავმჯდომარე ირწმუნება, რომ ამომრჩეველთა სიების დასახვეწად საარჩევნო ადმინისტრაციამ დიდი შრომა გასწია. გურამ ჩალაგაშვილის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს ჯერ კიდევ ივნისში გადაეცა ერთიანი სიის პირველადი ვერსია, რომლის გასწორებასაც ცესკომ თითქმის ორი თვე მოანდომა:

[გურამ ჩალაგაშვილის ხმა] „დღეს უკვე გვაქვს უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში ამომრჩეველთა ყველაზე ზუსტი სია. მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ სიებში ცდომილება მერყეობს 2-დან 8 პროცენტამდე. ჩვენ მიერ წარმოდგენილი საარჩევნო სია სავსებით შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.“

სულ, გურამ ჩალაგაშვილის თქმით, 5 მილიონამდე საარჩევნო ბიულეტენის დამზადება იგეგმება. ასევე გადაწყდა, რომ ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის ბიულეტენები აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე დაიბეჭდოს. იმედის გაცრუება ელით პირველი ჯგუფის უსინათლო ინვალიდებს, რომლებისთვისაც ცენტრალური საარჩევნო კომისია სპეციალური ბიულეტენების დამზადებას აპირებდა, მაგრამ, როგორც კომისიის წევრი ალექსანდრე ღონღაძე ამბობს, ცესკომ ბოლო წამს თავი შეიკავა:

[ალექსანდრე ღონღაძის ხმა] „უარის თქმის ერთ-ერთი მოტივი იყო ასეთი: შეიძლება უსინათლო ამომრჩეველს სულ არ უნდა ბრაილის შრიფტით შედგენილი ბიულეტენი, არამედ უნდა წაჰყვეს კაცი და შემოახაზინოს ის ნომერი, რომელიც თავად უნდა. უბრალოდ, ეს ინიციატივა უნდა წამოსულიყო უშუალოდ ამომრჩევლისგან და არა ორგანიზაციიდან.“

ანუ, ცესკოს მტკიცებით, ინიციატივა უნდა მოდიოდეს თავად უსინათლო ამომრჩევლისგან და არა არასამთავრობო ორგანიზაციისგან, მაგრამ, როგორც აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუ-მუნჯთა კავშირში ამბობენ, უსინათლო ინვალიდებს, გასაგები მიზეზების გამო, უჭირთ საარჩევნო უბნებში მისვლა და განცხადებების დაწერა. კავშირის ვიცე-თავმჯდომარე ხვიჩა გუნია დარწმუნებულია, რომ სპეციალური ბიულეტენების გარეშე შეიზღუდება ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლინების უფლება.

[ხვიჩა გუნიას ხმა] „როგორ მიაღებინებენ არჩევნებში მონაწილეობას, რას მისცემენ - ხილულ ბიულეტენს, რომელსაც ვერ ხედავს? ან გამცილებელი გადაწყვეტს პრობლემას? ვთქვათ, უსინათლოს უნდა ხმა მისცეს 22 ნომერს, გამცილებელმა კი მეოთხე ნომერი შემოხაზა. რას იზამს უსინათლო, როგორ მიხვდება?“

არადა, ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში 4 ათასამდე უსინათლო ამომრჩეველი ცხოვრობს, ხოლო ბრაილის შრიფტით გაფორმებული ერთი ბიულეტენის დამზადება სულ რაღაც ერთ-ნახევარი ლარი ჯდება. შედარებით ძვირია თავად საარჩევნო უბნების ისეთნაირად მოწყობა, რომ ხმის მისაცემად მისულ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს საარჩევნო უბანში შეღწევა არ გაუჭირდეს, თუმცა, როგორც დავით მაისურაძე, წარმომადგენელი არასამთავრობო ორგანიზაციისა „კოალიცია დამოუკიდლებელი ცხოვრებისათვის“, ამბობს, ბოლო დროს ხელისუფლება ამ პრობლემითაც დაინტერესდა:

[დავით მაისურაძის ხმა] „ითვალისწინებს, კეთილმოწყობის სამსახური ითვალისწინებს ამას. სტანდარტები, ნახაზები მოგვთხოვა. ჩვენ ეს ყველაფერი გადავეცით. ითვალისწინებენ, შეძლებისდაგვარად.“

მაგრამ დავუბრუნდეთ ბრაილის შრიფტით გაფორმებული ბიულეტენების - და არამარტო ბიულეტენების - დეფიციტის პრობლემას. საქართველოში მცხოვრები უსინათლოებისთვის კვლავ ხელმიუწვდომელია ბრაილის შრიფტით გამოცემული საგანმანათლებლო, მხატვრული თუ სამეცნიერო-პოპულარული ლიტერატურა, თუმცა, როგორც ჩანს, ეს საკითხი პოლიტიკოსებს დიდად არც აღელვებთ. ყოველ შემთხვევაში, არც ერთი პოლიტიკური ძალა საარჩევნო პროგრამაში ინვალიდთა პრობლემებს ჯეროვან ყურადღებას არ უთმობს. მეტიც, პარტიულ სიებში ვერ ნახავთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ერთი ადამიანის გვარსაც კი.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG